ახალი ამბები

ლიბერალური ბრძოლა ქართულ მონოპოლიებთან

19 ოქტომბერი, 2010 • • 1046
ლიბერალური ბრძოლა ქართულ მონოპოლიებთან
თუ ანტიმონოპოლიური სამსახურს სანქციების გამოყენების უფლება არ ექნება, შესაძლოა, ევროკავშირმა არ მოიწონოს, -ამბობს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი. 2010 წლის რეფორმის მიხედვით, ანტიმონოპოლიური სამსახურისთვის  ბაზრის ანალიზის ფუნქციის მინიჭებას, მთავრობაში ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკის კურსით ხსნიან. 

მონოპოლიებთან ბრძოლა საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში მსხვლი ბიზნესს 85% უკავია. ,,ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია’’ (აფბა) ამ ფაქტს ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობას უკავშირებს და მთავრობას სამსახურის აღდგენისკენ მოუწოდებს.

აფბას პრეზიდენტის მერაბ ჯანიშვილის თქმით, მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში მსხვილი ბიზნესის ამხელა წილი (85%) საქართველოს ბაზარზე კონკურენციის დონეს 2,5-ჯერ ამცირებს. ჯანიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობა ბაზრის მონოპოლიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ანტიმონოპოლიური სამსახური საქართველოში 2005 წელს გაუქმდა და 2010 წლის თებერვალში ხელახლა ჩამოყალიბდა. ანტიმონოპოლიური სამსახურის ამუშავება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისათვის საქართველოსთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა აღმოჩნდა.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია’’ მთავრობისაგან ამ პირობის შესრულებას მოითხოვს.

2010 წელს გატარებული რეფორმის მიხედვით, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო’’, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, ანტიმონოპოლიურ სამსახურად გადაიქცა და  მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა. 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, რეფორმების პირველი ტალღა ანტიმონოპოლიურ სამსახურში გატარდა. შედეგად, ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციად ბაზრის ანალიზი განისაზღვრა.

,,ანტიმონოპოლიურ სამსახურს ექნება მხოლოდ ბაზრის ანალიზის შესაძლებლობა, სანქციების დაკისრება, ან რაიმე სადამსჯელო ღონისძიებების გატარება მისი უფლებამოსილება არ იქნება’’. 

სამსახურმა სახელისუფლებო წრიდან მცირე ბიზნესის ლობირების შემთხვევები უნდა აღმოაჩინოს, რისთვისაც სამსახურის წარმომადგენლები ბაზრის ანალიზს ჩაატარებენ. მონოპოლიების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს მიმართოს. 

ხუროშვილის განმარტებით, რეფორმის მეორე ეტაპზე ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქცია გაიზრდება.

 ,,ჩვენ, ასევე, არ უნდა დავუშვათ, არაკეთილსინდისიერი კერძო მოთამაშეების მხრიდან, ხელოვნური მონოპოლიების შექმნა, რადგან ეს  აისახება ჩვენი მოსახლეობის  ჯიბეებზე და ბაზარზე  ხელოვნურად მაღალი ფასების დადგენაში გამოიხატება’’, – ამბობს ხუროშვილი. 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის კახა გოგოლაშვილის თქმით,  მხოლოდ ბაზრის ანალიზის ფუნქციის მინიჭების გამო, შესაძლებელია ანტიმონოპოლიური სამსახურის რეფორმა ევროკავშირმა არ მოიწონოს. რადგან ამ ეტაპზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეფორმაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, აქვს თუ არა კონკრეტული რეკომენდაციები ევროკავშირს ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით, არც ექსპერტები და არც მთავრობის წარმომადგენლები არ გასცემენ.

ამიტომ თავის მოსაზრებას გოგოლაშვილი ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე და გაერთიანების ზოგად რეგულაციებზე დაყრდნობით აყალიბებს. 

,,ევროკავშირის რეგულაციებზე დაყრდნობით, დაახლოებით შეიძლება ითქვას, თუ როგორი სურს ევროკავშირმა თავისი პარტნიორი ქვეყანა დაინახოს. მაგალითად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშში ევროკავშირი მოითხოვს, რომ საქართველოში ქმედითი მონოპოლიური სამსახური იყოს. ქმედითი სამსახური გულისხმობს, რომ მას უნდა ჰქონდეს არამარტო ანალიტიკური ფუნქცია, არამედ არეგულიროს ბაზარი, ანუ მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგალითად, რაღაც კონტრაქტი შეაჩეროს, ვიღაცას რაღაც სანქცია დაუწესოს’’.

გოგოლაშვილის თქმით, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ანტიმონოპოლიურ სამსახურს მსგავსი ფუნქციები აქვს  და გამონაკლისს  არც ერთი ქვეყანა არ წარმოადგენს. 

ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით, ხუროშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ  ლიბერალური ეკონომიკის გზა აირჩია, რომლითაც საქართველო  ინვესტორებისათვის გაცილებით საინტერესო ქვეყანა ხდება და  ხელისუფლების მხრიდან, მსოფლიო კრიზისის ფონზე, ეკონომიკის წახალისების საშუალებაა.

,,თუ ევროკავშირის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში არ მოვა იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ამ ბაზისურ პრინციპებს წარმოადგენენ, ასეთ შემთხვევაში, ამ კონსულტაციების გათვალისწინება მოხდება’’. 

გოგოლაშვილი ბაზრის მოთამაშეების თავისუფლებას მათ საერთო წესებთან დაქვემდებარებას უკავშირებს და ამბობს, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა თავისუფალი ბაზარი კი არ უნდა შეზღუდოს, არამედ დაიცვას, რომ ის  მართლა თავისუფალი იყოს. ,,აქტორები იცავენ წესებს და ამ წესების შიგნით არიან თავისუფალნი სრულად თავიანთ გადაწყვეტილებებში’’.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას მაგალითად ის ქვეყნები მოჰყავს, რომლებიც, ეკონომიკური თავისუფლების დონით, მოწინავე რიგებში არიან და მათთან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არსებობს: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი.

,,ჩვენს ქვეყანაში ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი მონოპოლიზებულია, მათ წინააღმდეგ კი დღემდე რეალური ღონისძიებები არ გატარებულა. ამის მიზეზად ხელისუფლება, ლიბერალური ეკონომიკის მშენებლობის პროცესში, სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე მიმდინარე პროცესებში ჩარევის დაუშვებლობას ასახელებს’’. 

აფბას დირექტორი ხელისუფლების ქმედების რეალურ მიზეზს მმართველ გუნდს უკავშირებს. ,,ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა  მუშაობა რომ დაიწყოს, ეკონომიკის განვითარების ტემპებს კი არ შეაფერხებს, არამედ წარმოაჩენს, რომ ბიზნესი მონოპოლიზებულია ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს ხელს არ აძლევს’’. 

რეფორმის შედეგად, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა საჯარო სამართლის პირის სტატუსი შეიძინა. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ევროკომისიამ არ მოიწონა სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმა. ამ რეფორმის გატარებაც, მათი თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობაა. ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ ბერნარი ნეტგაზეთთან’ საუბრისას ამ ფაქტს უარყოფს. ამ ფაქტს არ ეთანხმება, ასევე, საქსტატის დირექტორი ზაზა ჭელიძე და ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქსტატში რეფორმები, მიმდინარე რეფორმები კი, მათი მხრიდან,  დადებითად ფასდება. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, 2010 წლის იანვარ–აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ  1058 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი ბრუნვის 26 % შეადგენს.  

,,თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ქართულ კომპანიებს ექსპორტს ბევრად გაუადვილებს, ხოლო იმპორტიორებს დანახარჯებს შეუმცირებს, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასების დაკლებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა’’, – ამბობს ,,აფბას’’ პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი