ახალი ამბები

კათოლიკე ეკლესიამ რუსთავის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

19 ნოემბერი, 2015 • • 1535
კათოლიკე ეკლესიამ რუსთავის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

EMC-ის განცხადების მიხედვით, 2013 წლის 16 აპრილიდან „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“ უშედეგოდ ცდილობს რუსთავში, მე-9 მიკრორაიონში, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის მოპოვებას.

 

ორგანიზაციის ცნობით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაადგინა, რაც ნებართვის გაცემის I სტადიას წარმოადგენს. კათოლიკე ეკლესიამ არაერთხელ მიმართა რუსთავის მერიასა და საკრებულოს მშენებლობის ნებართვისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის მოთხოვნით. თუმცა მშენებლობის მოწმობა არ გაცემულა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხოლო განცხადების განხილვის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. 

 

ორგანიზაციის ცნობით, კათოლიკე ეკლესიამ კიდევ რამდენჯერმე მიმართა რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას და, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვა მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა. რუსთავის მერიამ კი განცხადებები კვლავაც უპასუხოდ დატოვა. ამ დრომდე კათოლიკე ეკლესიას არც ერთი წერილობითი პასუხი არ მიუღია წარდგენილ განცხადებებზე.

 

რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემის განხილვის პროცესს აქტიურად აპროტესტებდა ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ჯგუფი. EMC-ის განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საჯარო მოხელეების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტისა დარღვევისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ ღია ლოიალობის გამოვლენის პრობლემა.

 

2014 წლის 12 დეკემბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში გაიმართა ზეპირი ადმინისტრაციული სხდომა, რომელსაც ესწრებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 50-მდე წარმომადგენელი. ასევე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები. სხდომაზე დამსწრე პირებმა, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა  და საკრებულოს დეპუტატებმა, განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ რუსთავის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას. მათ სხდომაზე წარმოდგენილი ჰქონდათ ცალკეული საინფორმაციო მასალები, სადაც მითითებული იყო კათოლიკური ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები, აცხადებს ორგანიზაცია.

 

EMC ხაზს უსვამს იმას, რომ ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობის მშენებლობის პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე წინააღმდეგობის გამო, ხშირად უარს აცხადებენ უმცირესობაში მყოფი რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვისა და მოწმობის გაცემაზე, ან სხვა ფორმებით აჭიანურებენ და ართულებენ მშენებლობის პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი