ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე, ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი – მთავარი პროკურორობის კანდიდატები

18 ნოემბერი, 2015 • 1768
ირაკლი შოთაძე, ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი – მთავარი პროკურორობის კანდიდატები

ხვალ, 19 ნოემბერს იუსტიციის საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი მთავარი პროკურორობის კანდიდატებიდან ერთ–ერთს აირჩევს. თავად იუსტიციის მინისტრს კანდიდატები აკადემიურმა წრეებმა და სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებმა წარუდგინეს. სულ წარდგენილი იყო 8 კანდიდატი: ირაკლი შოთაძე, პაატა შავაძე, ლენა კაპანაძე, ლაშა გოლუბიანი, კოტე ჭილაია, ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და კახი კახიშვილი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.


მთავარი პროკურორობის კანდიდატი ვლადიმერ გაბრიჩიძე ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა; ნანა რევაზიშვილი  “ქალთა თანადგომამ”; მედიაკავშირმა ობიექტივმა და პროფესორებმა. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, იგი წარადგინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ და„საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა“.

 

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ტარდება. კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს ხმათა 2/3-ით ფარული კენჭისყრით ირჩევს. სამივე კანდიდატურას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. საპროკურორო საბჭოს წევრებს დაურიგდებათ სამი ბიულეტენი. თითოეულში მითითებული იქნება მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრები  თითოეულს ცალ-ცალკე მისცემენ ხმას. არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრები სამივე ბიულეტენს ერთ კონვერტში მოათავსებენ და საარჩევნო ყუთში ჩაუშვებენ.

 

ხმის მიცემის მსგავსად, ღიაა ხმების დათვლის პროცესიც. საარჩევნო ყუთი კენჭისყრის დასრულებისთანავე გაიხსნება. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა.

 

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუკი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საჭირო ხმების მოგროვება, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს კენჭი მეორე ტურში ეყრება.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი