ახალი ამბები

ვენეციის კომისია და საქართველოს პარლამენტი

11 ოქტომბერი, 2010 • • 1472
ვენეციის კომისია და  საქართველოს პარლამენტი

იმ საკითხებზე, რომლებზეც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მეორე საპარლამენტო მოსმენისას უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ, ვენეციის კომისია შემაჯამებელი დასკვნის მონახაზში (დრაფტში) ამახვილებს ყურადღებას. ვენეციის კომისია  საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდოს და მისი შენიშვნები გაითვალისწინოს.

ვენეციის კომისიის შემაჯამებელი დასკვნის მონახაზი (დრაფტი) 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. იგი იმ რამდენიმე საკითხზე გამოთქვამს შენიშვნებს, რომლებზეც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენისას  მწვავე დებატები გაიმართა და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კონსტიტუციის 21-ე მუხლში ნათქვამია, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა წინასწარი, დროული და სამართლიანი ანაზღაურებით ხდება.

ვენეციის კომისია ტერმინთა დაზუსტებას მოითხოვს და რეკომენდაციაში წერს, რომ ტერმინი – ,,დროული და სამართლიანი ანაზღაურება’’ შეიცვალოს ,,სათანადო ანაზღაურებით’’.  კომისიის განმარტებით, უნდა იყოს თანხვედრა ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან, რომელიც სწრაფ, ადეკვატურ და  ეფექტურ კომპენსაციას მოითხოვს, ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით.

ამ მუხლზე შენიშვნა საპარლამენტო უმცირესობასაც ჰქონდა. კონსტიტუციის კანონპროექტის მეორე მოსმენაზე საპარლამენტო უმცირესობა მუხლში წინადადების დამატებას მოითხოვდა. მათი თქმით, საკუთრების უფლების ჩამორთმევა უნდა მოხდეს ,,წინასწარი, დროული და სამართლიანი ანაზღაურებით, არანაკლებ საბაზრო ღირებულებისა’’. უმრავლესობა შენიშვნას არ დაეთანხმა. იუსტიიცის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა განმარტა, რომ ,,სამართლიანი ანაზღაურება’’ საბაზრო ფასს გულისხმობს.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის მოთხოვნის დაყენების ქვორუმის შემცირებას 1/5-მდე ვენეციის კომისია მიესალმება, ისევე როგორც – საპარალამენტო უმცირესობა. თუმცა ვენეციის კომისია ოპოზიციის უფლების შელახვად აფასებს მუხლში ჩანაწერს, რომლის მიხედვით, კომისიის შექმნის საკითხი საბოლოოდ პარლამენტის დადგენილებით მიიღება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ თუ კანონპროექტით, პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდაზეა საუბარი, ეს ფაქტი ,,ოპოზიციის სტატუსიის გაძლიერებისათვის კონტრპროდუქტიულია’’.

ამ საკითხზე დავა პარლამენტში ,,ქრისტიან-დემოკარტებმა’’ წამოიწყეს, მოძრაობის წევრის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მუხლში ეს ჩამატება ცხადყოფს, რომ ოპოზიციისათვის კონტროლის ბერკეტების ამაღლება ილუზიაა, რადგან კომისიის შექმნის საკითხი, ცვლილებების პროექტით, ისევ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს.

უმრავლესობის განცხადებით, მთავარი ამ ცვლილებაში კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენების ქვორუმის შემცირებაა და არა ოპოზიციისათვის საპარლამენტო კონტროლის ექსკლუზიური უფლების მინიჭება. გოკა გაბაშვილის თქმით, დემოკრატიულობის მთავარი პრინციპი თანამონაწილეობაა, სადაც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.

პარლამენტის გავლენის შემცირებაზეა საუბარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში კონსტიტუციის 59-ე მუხლის მესამე პუნქტთან დაკავშირებით. ეს პუნქტი ამბობს, რომ პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, პარლამენტის წევრთა სრული უმრავლესობით, პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მეორე მოსმენისას საპარლამეტო დებატებზე უმცირესობამ განაცხადა, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ ჭირდება ცალკეული მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას უფრო დიდი ქვორუმი, როცა მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრისათვის, საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამით მცირდება პარლამენტის გავლენა მთავრობის ფორმირების პროცესში. ასევე, კომისია წერს, რომ  არ არსებობს რაიმე რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს მინისტრის  პასუხისმგებლობისგან გადაცდენის საკითხს, ამიტომ  მუხლის ამგვარი ფორმულირება, კომისიის აზრით, ბუნდოვანია.

კონსტიტუციის 81-ე მუხლი პარლამენტის მიერ მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენებას ეხება. კონსტიტუციის კანონპროექტის მეორე საპარლამენტო მოსმენაზე უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის თქმით, უნდობლობის საკითხის განხილვის პროცედურა ძალიან რთულია, ის შესაძლოა 4-5 თვის განმავლობაში გაიწელოს. უმცირესობის შეფასებით, ამან შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი გამოიწვიოს. დებატების შემდეგ უმრავლესობამ და უმცირესობამ კონსესუსს მიაღწია და უნდობლობის საკითხის პროცედურის ვადები 20 დღით შეამცირა.

ვენეციის კომისია ვადების შემცირებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა წერს, რომ ეს საკითხი ისევ რთულ და ხანგრძლივ პროცედურად დარჩება, ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს მუხლი კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.

შემაჯამებელ დასკვნაში კომისია წერს, რომ სასურველი იქნებოდა პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომი გაძლიერება.

,,შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს სწორი განვითარებისკენ, რასაც ვენეციის კომისია მიესალმება. კონსტიტუციის რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, საქართველოს საპრეზიდენტო სისტემიდან მმართველობის შერეულ მოდელზე გადაიყვანს’’.

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, სანამ  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოოდ მიღებას შეუდგებოდეს, დაელოდოს კომისიის საბოლოო დასკვნას და გაითვალისწინოს შენიშვნები. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელობაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ხაზგასმით ისაუბრა აშშ–საქართველოს ქარტიის ფარგლებში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე: “საქართველოში დაბალანსებული მმართველობის გაძლიერებისთვის, აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ჩვენ მზად ვართ, როგორც შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს” – აღნიშნა კლინტონმა.  თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის საბოლო დასკვნას პარლამენტი არ დაელოდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილილს განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მესამე მოსმენა ხვალ გაიმრთება.

ვენეციის კომისია კი საბოლოო დასკვნას 15 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე:

პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ დაელოდება

უმცირესობის და უმრავლესობის კომპრომისები კონსესუსისთვის

123 vs 4- საკონტიტუციო პროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში

მესამე შანსი სააკაშვილისთვის

ათეისტების ადგილი ახალ კონსტიტუციაში

პარლამენტის შეზღუდული შესაძლებლობები

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი