ახალი ამბები

თბილისში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

10 ნოემბერი, 2015 • • 1168
თბილისში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება.

 

ღონისძიებას, ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის, მონაწილეები სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან, ასევე- გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და NATO-ს წარმომადგენლები.

 

კონფერენციას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი, ჯიჰან სულთანოღლუ. ღონისძიების მონაწილეებს 9 ნოემბერს ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა.

 

კონფერენცია სამი ძირითადი საკითხის განხილვას ეძღვნება: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.   ღონისძიების მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე პერიოდული დიალოგის პრეცედენტის შექმნა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება.

 

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება „თბილისის დეკლარაციის“ მიღება. დოკუმენტის მიზანია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების განმტკიცება.

 

კონფერენციის მომხსენებელთა შორის არიან: ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა შიმონოვიჩი, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი მარიეტ შურმანი, ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პირველი ვიცე-თავმჯდომარე იაროსლავა იერმანოვა, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის სენატორი ჰაფიდა ბენჩეჰიდა, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ქალთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი სალმა ნიმსი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნატალია გალიბარენკო, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი