ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი: განჩინების ერთადერთი მიზანი იყო რ2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

6 ნოემბერი, 2015 • • 1242
ანა ნაცვლიშვილი: განჩინების ერთადერთი მიზანი იყო რ2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

“შეუძლებელია ამ განჩიანებას ვინმე დაეთანხმოს, ვისაც შეხება აქვს სამართალთან, იმიტომ, რომ ამ განჩინებაში არ არის არანაირი დასაბუთება მასში მოცემული გადაწყვეტილებების, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩიანება, რომელშიც არც ერთ მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, არის აბსოლუტურად თეორიული მსჯელობა და მოსამართლე ამ თეორიულ მსჯელობას არაფრით არ ამყარებს. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ეს განჩინება ნიშნავს დროებით მმართველს რუსთავი 2-ში, ძალიან ფართო უფლებამოსილებით, რაც ცალკე განხილვის თემაა და ცალკე პრობლემური საკითხია, მაგრამ იმისათვის, რომ ეს დროებითი მმართველის დანიშვნა გაამართლოს, ის იყენებს სამოქალაქო კანონმდებლობიდან ერთ-ერთ ნორმას, მაგრამ ამავე დროს არანაირად არ ასაბუთებს და არ განმარტავს, ეს დროებითი მმართველი რა პრინციპებით რეგულირდება. ის აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტილებებს იშველიებს ამ ინსტიტუტის გასამარტავად, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ქართულ კანონმდებლობაში რა კანონი, რა ნორმა არეგულირებს ამ დროებითი მმართველის საქმიანობას. არის ეს გაკოტრების შესახებ კანონი თუ რამე სხვა კანონი, ამაზე საერთოდ არ საუბრობს მოსამართლე, რაც თავის მხრივ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

 

მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ საერთოდ არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რატომ ინიშნება ეს კონკრეტული ორი პირი დროებით მმართველად მაშინ, როდესაც თავად მოსამართლე საუბრობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს ნეიტრალური, მიუკერძოებელი, დავის შედეგით არადაინტერესებული პირი იმისათვის, რომ მან შეძლოს ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქციების სწორად შესრულება. მაგრამ არანაირი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თავად განჩინებაში არ არის, ეს ორი პირი: 1) რატომ არის კომპეტენტური, რომ ეს უფლებამოსილება სწორად განახორციელოს და 2) რა პრინციპებით ხელმძღვანელობს თავად მოსამართლე, როდესაც აკმაყოფილებს მხარის მიერ კონკრეტული ორი პირის დანიშვნაზე მოთხოვნას. ეს აბოსლუტურად არ ჩანს ამ განჩინებიდან და, რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა ამ კონკრეტული პირის დანიშვნასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ბატონი დვალი ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ დავის შედეგის მიმართ იმიტომ, რომ ის, მისი სტატუსიდან გამომდინარე, პირდაპირ არის დაინტერესებული, როგორ გადაწყდება ეს დავა. ამიტომ ეს აბსოლუტურად გაუგებარია, მოსამართლის მსჯელობის საგნად არც არის ქცეული და პირდაპირ გადაწყვეტილებაა მოცემული.

 

მესამე – ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშოა რამდენიმე პარაგრაფი მოსამართლის განჩინებაში, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, როგორ უნდა აშუქებდეს მედიასაშუალება სხვადასხვა საკითხებს, ეს არ არის მოსამართლის კომპეტენციის საგანი, მისი განხილვის საგანი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო და ერთადერთი, რა ფუნქციაც აკისრია კონკრეტულ პარაგრაფებს მოცემულ განჩინებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ ეს პარაგრაფები ნათელს და ცხადს ხდის იმ რეალობას, რომელზეც საზოგადოებას ძალიან დიდი ხანია ჰქონდა ძალიან დასაბუთებული ეჭვი, რომ ერთადერთი მიზანი მთელი ამ პროცესის და კონკრეტულად ამ განჩინებისაც იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

 

მე ასევე მინდა საზოგადოების ყურადღება შევაჩერო იმ ფაქტზე, რომ ეს განჩინება გამოტანილია როგორც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ჯერჯერობით ბუნებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გადაწყვეტილების, დასაბუთების ნაწილი ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ ველოდებოდით, რითი დაასაბუთებდა მოსამართლე მიღებულ გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაცემასთან დაკავშირებით. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვენახა, რითი ასაბუთებს მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას და ამ დასაბუთების არარსებობის პირობებში მას აქვს 30-დღიანი ვადა, მაგრამ გასაგებია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დასაბუთების გაცნობა საზოგადოებისთვის. ეს დასაბუთება ჯერ არ გვაქვს, სამაგიეროდ გვაქვს ძალიან საშიში, ძალიან ცუდი განჩინება, რომელიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და გაუგებარია, რა სამართლებრივ პრინციპებს და ნორმებს ეფუძნება მისი შინაარსი. განჩინება გამსჭვალულია მოპასუხის სრული არაკეთილსინდისიერების პრეზუმპციით, მოსამართლე არანაირ შანსს არ უტოვებს მოპასუხე მხარეს და პირდაპირ ვარაუდობს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კომპანია გაჩერდეს, მისი რეიტინგი დავარდეს, მისი სარედაქციო პოლიტიკის შედეგად ძალიან ცუდი შედეგები დადგეს, ამას არანაირი მტკიცებულებით არ ამყარებს არც მხარე და არც მოსამართლე, და ფაქტობრივად ეს არის განჩინება, რომელიც დაფუძნებულია იმ ვარაუდზე, რომ აპელაციაში არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება და ამას გააცნობიერებს მხარე და ძალიან ცუდად მოიქცევა და სწორედ ამ რისკის დაზღვევას ემსახურება თითქოს მიღებული გადაწყვეტილება, რაც სრულიად გაუგებარია”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფოტო – საია
ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფოტო – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი