TDI საპატრიარქოს მოუწოდებს, თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისგან

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, შემაშფოთებელი არიან საპატრიარქოს უხეში მცდელობით, გავლენა იქონიოს აკადემიური და გამოხატვის თავისფლების შეზღუდვაზე. ისინი საპატრიარქოს მოუწოდებენ, ამ ქმედებებისგან თავი შეიკავოს.

“განსაკუთრებით საგანგაშოა  ის გარემოება, რომ აღნიშნული მცდელობები საპატრიარქოს სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისაკენ შეფარული მოწოდების, მეცნიერთა, ხელოვანთა, მედიის წარმომადგენლთა საქართველოდან იძულებით გაძევების მუქარის ფონზე მიმდინარეობს,”– აცხადებს TDI. 

 

კერძოდ, განცხადება ეხება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 24-25 ოქტომბერს გამართული კონფერენციის “როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? – კულტურა, ისტორია, პოლიტიკა” თანმდევი გამოფენის ერთ-ერთ სურათს, რომელზეც საქართველოს საპატრიარქოს მოსაზრებით, „თვითმკვლელი ღვთისმშობელია“ გამოსახული. TDI–ის განცხადებით, ამ ნახატმა საპატრიარქოს არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია.

 

საპატრიარქომ ამ სურათთან დაკავშირებით მიმართა განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და ამასთან, მიიღონ ყველა ზომა საზოგადოების რელიგიური გრძნობების დაცვისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ნახატს გამოეხმაურა პატრიარქიც: “ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში”.

 

TDI–ის განცხადებით, ფორმულა “მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა”, რომელსაც საპატრიარქო მიმართავს, საქართველოში ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილია და სამართლებრივ კატეგორიას არ წარმოადგენს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი, “მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას” პირდაპირ იყენებენ ცენზურის დასაბრუნებლად, გამოხატვის თავისუფლების მოსასპობად; კერძოდ, ანალოგიური მოტივები გამოყენებული იყო რუს ხელოვანთა და ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფის “Pussy Riot”-ის  პოლიტიკურ პროცესში.

 

“სამწუხაროდ, საპატრირქო არ შემოიფარგლება გამოხატვის თავისუფლების პრინციპთან იურიდიულად არაკომპეტენტური დაპირისპირებით. პატრიარქის ქორეპისკოპოსი, იაკობ იაკობაშვილი პირდაპირ მუქარაზე გადადის. კერძოდ, იგი ემუქრება ილიას უნივერსიტეტის პროფესურას: “ვიღაცამ ახლა თავის თავზე რომ რაღაც აიღოს და რაღაც უქნას მაგათ, დაგვბრალდება ეკლესიას.”…. “მერწმუნეთ, საკმაო ძალა მაქვს იმისა, რომ ამის დამგეგმავები თუ კიდევ გააგრძელებენ, საქართველოში მათი ფეხი აღარ იყოს. სადაც მოსწონთ და სადაც მასეთი თავისუფლებაა, ჩვენ თავისუფლებას მივცემთ მათ და გავუშვებთ”. ასევე ანგარიშსწორებაზე ქადაგებს ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტების წინააღმდეგ,”– აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

TDI მოუწოდებს საპატრიარქოს, თავი შეიკავოს აკადემიური და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებისგან.

 

“ამასთან ერთად, მოვუწოდებთ უარი თქვას ძალადობის პროვოცირებაზე, მუქარის, დაშინებისა და ანგარიშსწორების ენით სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ასევე საზოგადოებაში დემოკრატიული და პლურალისტური  ღირებულებების დაცვას,”– აღნიშნულია განცხადებაში.
 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ქეთი მაჭავარიანი