მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაზე

რუსთავი 2-ის მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაზე.

რუსთავი 2-ის მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაზე.

 

ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელი შემთხვევით და ფორმალურად გახდა და მე ეს ამბები ძალიან კარგად ვიცი და ოდესმე ვილაპარაკებო.

 

ბიბილაშვილის თქმით, ამ ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი მხოლოდ ამა წლის 29 ოქტომბერს აიტვირთა youtube-ზე და, შესაბამისად, ახლა შეიტყო ამის შესახებ.

 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას, ადვოკატის თქმით, რადგანაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მას თავის დროზე ოქრუაშვილმა განუმარტა, რომ უმჯობესი იქნებოდა წილები დაეთმო. ამიტომ, მისი აზრით, მნიშვნელოვანია ოქრუაშვილის დაკითხვა.

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა და რუსთავი 2-მა  ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ მათთვის მხოლოდ 29 ოქტომბერს გახდა ხელმისაწვდომი.

 

“რაც შეეხება ოქრუაშვილს, თავის დროზე ჩემი მოწმეების დაკითხვაზე უარი იმ მოტივით მეთქვა, რომ მოწმეები ზეპირსიტყვიერად დოკუმენტების გარეშე ვერაფერს დაადასტურებენო და იგივე პრინციპი ამ შუამდგომლობაზეც უნდა გავრცელდეს”, – განაცხადა სალიამ სასამართლო პროცესზე.

 

მოსამართლემ არც ერთი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  მოსამართლის განმარტებით,  სამოქალაქო კოდექსის 226- ე მუხლის მიხედვით, პაექრობის ეტაპზე აღარ ხდება მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს სარჩელს, რომელიც ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2- თან დაკავშირებით 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა.  

 

ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს  [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანაშვილი 4. გიორგი ყარამანაშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე  7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”],  ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის  60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და  “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც  ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა  შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში გადავიდა 268 997 $ -ად, თუმცა მოსარჩელის განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ  მიუღია.

 

მოსარჩელე ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის -18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამის” გამოცხადებას.

 

გარდა ამისა  ხალვაში ითხოვს:

  1. აღიარებულ იქნეს “რუსთავი 2″-ის ლოგოს ავტორად;

  2. გადაცემების- ბოიარდის სასახლე, უკანასკნელი გმირის და ჯეობარის ავტორად;

  3. დაეკისროს რუსთავი 2 -ს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის  ანაზღაურება 200 ათასი აშშ დოლარის  ექვივალენტი ლარში ოდენობით;

  4. დაეკისროს რუსთავი 2-ის მხარეს მიყენებული ზიანის [მიუღებელი შემოსავლის] ანაზღაურება 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დათო ქოქოშვილი