ახალი ამბები

რუსთავი 2–ის საქმე: საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა

2 ნოემბერი, 2015 • 1377
რუსთავი 2–ის საქმე: საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზს უცვლელად გთავაზობთ:


“დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N675) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დავის ფარგლებში, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს გადაწყვეტილება „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვტილების აღსრულება შეუძებელი აღმოჩნდება“.

 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმის ფორმულირება ზედმეტად ფართო და ამდენად რთულად განჭვრეტადია,  შეიძლება გამოყენებულ იქნას განუსაზღვრელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის  სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (ვინაიდან ქვეპუნქტში მითითება ხდება „ყველა სხვა საქმეზე“).

მოსარჩელეთა აზრით, ასეთი რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ მათ საკუთრების უფლებას. გარდა ამისა, მოსარჩელეთა მიერ სადავო არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე წინადადება, რომელიც დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტლების მიღების შესაძლებლობას ზეპირი განხილვის გარეშე უშვებს. მოსარჩლეები კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის განხილვის პროცესში მათ არ ეძლევათ შესაძლებობა წარადგინონ მოსაზრებები და დაიცვან საკუთარი პოზიციები, ამით მათ გაუმართლებლად ეზღუდებათ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები (სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები).”

მასალების გადაბეჭდვის წესი