ახალი ამბები

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2 -ის ახალი შუამდგომლობა

2 ნოემბერი, 2015 • 2482
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2 -ის ახალი შუამდგომლობა

სხდომაზე რუსთავი 2-მა დააყენა შუამდგომლობა საქმეს დაერთოს  მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაკეთებული განცხადება, რომელიც  საქმეში არსებული მტკიცებულებას ეხება. საუბარია ქიბარ ხალვაშის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც იგი წერს, რომ რუსთავი 2 -ის ბალანსის ამსახველი დოკუმენტი კომპიუტერში ქონდა. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტი, რომელსაც რუსთავი 2-ის იმდროინდელი ფინანსური მენეჯერი ბერიაშვილი აწერს ხელს, ყალბია და ეწინაღმდეგა ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებას, რომ ეს ბალანსი შედგენილია 2006 წლის ნოემბერში.

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.  მისი განმარტებით,  ეს მიმოწერა არაფერს არ ადასტურებს, რადგან  ხალვაში საჯარო მიმოწერაში შემდგომ განმარტავს, რომ კომპიუტერში დოკუმენტი ჰქონდა შენახული და არა ციფრები.  იქ წერს, რომ მე მქონდა ფინანსური დოკუმენტი, მე დავავალე მისი შექმნაო.  სალია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი პოსტის გამოყენება მანიპულაციაა.

 

შუამდგომლობის ეს ნაწილი მოსამართლემ არ გაიზიარა იმ არგუმენტით, რომ  ფეისბუკის მიმოწერა  არ წარმოადგენს სასამართლოსთვუს მიცემულ ახსნა-განმარტებას.

ქიბარ ხალვაშის საჯარო მიმოწერა ფეისბუკზე
ქიბარ ხალვაშის საჯარო მიმოწერა ფეისბუკზე

რუსთავი 2-ის 2 ნოემბერს დაყენებული შუამდგომლობით, მხარემ ასევე მოითხოვა, რომ სასამართლო საქმეს დაერთოს  2004 წლის 8 ივნისის რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის განცხადება, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმზე გადადის, ასევე,  2004 წლის ივნის სასასამართოს განჩინება გაკოტრების რეჟიმის დაწყებაზე.

რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ სასამართლოს დოკუმენტში წერია, რომ კომპანიის დავალიანება არის 9 მილიონი და აქედან 4 მილიონი არის სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, დანარჩენი კი წარმოადგენს დავალიანებას კერძო პირების მიმართ,  ხოლო კომპანიის აქტივები არის 3,8 მილიონი ლარი.

 

შუამდგომლობით მოპასუხე მხარემ ასევე მოითხოვა საქმეს დაერთოს საგადასახადო შედარების აქტები, როელებიც ასახავს  რუსთავი 2-ის 2005 წლის დეკემბრის და 2006 წლის ნოემბრის ფინანსურ მდგომარეობას.  მხარე აცხადებს, რომ ეს  დოკუმენტი საგადასახადო სამსხაურიდან 27 ოქტომბერს მიიღო და  მანამდე ვერ წარადგენდნენ.

 

ადვოკატები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები ეწინააღმდეგება ბერიაშვილის დასკვნას.

პროცესზე არც ერთი მტკიცებულების საქმეში ჩართვას მხარი არ დაუჭირა ადვოკატმა სალიამ. მისი თქმით, ტელევიზიის გაკოტრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები რეალურად ხალვაშის სასარგებლოა, რადგანაც აქ წერია, რომ 2004 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, როცა ქიბარ ხალვაშმა შეიძინა ტელევიზია,  გაკოტრების რეჟიმი წყდება იმიტომ, რომ ხალვაშის სახით კომპანიაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სახსრები.  სალიას თქმით, ამ დროს მოხდა სახელმწიფოს მიმართ არსებული 4 მილიონი ლარის დავალიანების რესტრუქტურიზაცია და დანარჩენი დავალიანება, რაც ტელეკომპანიას კერძო პირების მიმართ ჰქონდა, ტელეკომპანიამ დაფარა ქიბარ ხალვაშის მფლობელობის პერიოდში.

 

სალიამ  საგადასახადო შეადარების აქტებზე განაცხადა, რომ  ყველასათვის ცნობილია, რომ ბუღალტერიაში ბალანსი შეიძლება გაკეთდეს ყოველდღე, ხოლო საგადასახადოში მისი წარდგენა კვარტალურად ხდება. შესაბამისად,  ბალანსი ყოველთვის განსხვავებული იქნება.

 

ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა, რომ კანონით ამ ეტაპზე გასულია მტკიცებულებების წარდგენის ვადა და მიმართა მოსამართლეს არ დაეკმაყოფილებინა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა.

მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მისი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 226- ე მუხლის მიხედვით,

პაექრობის ეტაპზე აღარ ხდება მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს სარჩელს, რომელიც ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2- თან დაკავშირებით 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა.  

 

ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს  [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანაშვილი 4. გიორგი ყარამანაშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე  7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”],  ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის  60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და  “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც  ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა  შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997 $ -ად, თუმცა მოსარჩელის განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ  მიუღია.

 

მოსარჩელე ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის -18%-ის , შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამის” გამოცხადებას.

 

გარდა ამისა  ხალვაში ითხოვს:

  1. აღიარებულ იქნეს “რუსთავი 2″-ის ლოგოს ავტორად;

  2. გადაცემების ბოიარდის სასახლე, უკანასკნელი გმირის და ჯეობარის ავტორად;

  3. დაეკისროს რუსთავი 2 -ს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის  ანაზღაურება 200 ათასი აშშ დოლარის  ექვივალენტი ლარში ოდენობით;

  4. დაეკისროს რუსთავი 2-ის მხარეს მიყენებული ზიანის [მიუღებელი შემოსავლის] ანაზღაურება 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი