ახალი ამბები

საპროკურორო საბჭოს 2 წევრს საქართველოს პარლამენტი დღეს უყრის კენჭს

27 ოქტომბერი, 2015 • • 1652
საპროკურორო საბჭოს 2 წევრს საქართველოს პარლამენტი დღეს უყრის კენჭს

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტმა სამს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ესენია ირმა ჭკადუა, ლავრენტი მაღლაკელიძე და პოლიკარპე მონიავა. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არჩეულია საპროკურორო საბჭოს ერთი წევრი ეკა ბესელია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 23 ოქტომბერს დაასახელა. ხოლო ვაკანტურად ერთი ადგილი რჩება და ამ პოსტზე კანდიდატი უმრავლესობის გარეთ მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დასახელონ.

 

საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნულ პროცესს უნდობლობას უცხადებს, ხოლო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ “ქრონიკას” განუცხადა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს მუშაობა ერთი წევრითაც შეუძლია.

 

საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა. 

 

20-21 ოქტომბერს საპროკურორო საბჭოს 8 წევრი აირჩიეს.

 

საბჭოს თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი. 8 წევრს ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია; 2 წევრი არის პარლამენტარი – ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორეს – იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში.

 

2 წევრს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან; 2 წევრს კი ირჩევს საქართველოს პარლამენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.

საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

მასალების გადაბეჭდვის წესი