ახალი ამბები

მეჭიაური: სტალინი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა მსოფლიოში

27 ოქტომბერი, 2015 • • 1858
მეჭიაური: სტალინი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა მსოფლიოში

“სტალინი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება ყველა დროის, მსოფლიოში, რომელსაც აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევები, რომელსაც აქვს ასევე ბევრი კითხვის ნიშნის შემცველი ქმედებები. დავუშვათ, რა ჯობდა ტროცკის გაემარჯვა მასზე და მისთვის ჩაებარებინა მთელი ეს სამყარო, თუ მას გაემარჯვა, მე როგორც ქართველს, რომელმაც შეძლო ამხელა წარმატებების მიღწევა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, მე ყველა ქართველს მივესალმები”, – განუცხადა “კურიერს” თამაზ მეჭიაურმა.

 

მეჭიაური აღნიშნულით გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა. თოფაძის მოსაზრებით, სტალინი გენიალური პიროვნებაა და მალე ყველა მიხვდება ამას. თოფაძის პროგმოზით, მალე ყველა კაბინეტში სტალინის სურათს დაკიდებენ.

 

იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო 30 წლის განმავლობაში. მისი მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში მასობრივი რეპრესიები განხორციელდა, რომელმაც ათეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

სტალინის მმართველობის პერიოდში ციმბირში არსებობდა “გულაგები”- სპეციალური შრომით-გამასწორებელი ბანაკები, სადაც პოლიტიკურად არასაიმედო ადამიანებს გადასახლებით სჯიდნენ.

 

სტალინის რეპრესიები საქართველოსაც შეეხო, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკას. ამიტომაც, დამოუკიდებელ საქართველოში სტალინის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ კომპენსაცია დააწესა.

 

კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა. საქართველოს მიღებული აქვს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომლის მიზანთა შორის არის  “საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა”.

თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

მასალების გადაბეჭდვის წესი