ახალი ამბები

კოალიცია: საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურული იყო

26 ოქტომბერი, 2015 • 1240
კოალიცია: საპროკურორო საბჭოს  წევრების არჩევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურული იყო

19-21 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს 8 წევრი აირჩიეს.

 

კოალიცია აცხადებს, რომ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ ვითარებაში წარიმართა და დაკვირვების საშუალება არ არსებობდა პროკურორთა და გამომძიებელთა საინიციატივო ჯგუფების (რომელიც ასახელებს კანდიდატებს) შექმნის პროცესზე; ადმინისტრაციული კომიტეტის (რომელიც აორგანიზებს არჩევნების პროცესს და ასრულებს საარჩევნო კომისიის ფუნქციებს) შექმნის პროცესზე; საინიციატივო ჯგუფების მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელების პროცესზე. 


“პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არც “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც  პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტი დეტალურად არ გაწერს, რა პროცედურებით იქმნება საინიციატივო ჯგუფები, როგორი უმრავლესობით იღებენ ეს ჯგუფები საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენაზე გადაწყვეტილებას, რა პროცედურით უნდა დაკომპლექტდეს ადმინისტრაციული კომიტეტი. ამდენად, ბუნდოვანი იყო ცალკეული პროცესუალური საკითხებიც.  ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შესაბამისი წესის არარსებობის პირობებში, იმ ეტაპზე, როდესაც პროკურორებს კონფერენციის რეგლამენტის დოკუმენტი ჯერ არ ჰქონდათ მხარდაჭერილი და დამტკიცებული. შესაბამისად, უცნობია, რამდენად დემოკრატიული და სამართლიანი იყო შიდა პროცესები,”– ნათქვამია განცხადებაში. 

კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის
კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის

რაც შეეხება კონფერენციის სხდომას, აღნიშნულია, რომ კონფერენციამ ორგანიზებულ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ხელმისაწვდომი იყო მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. თუმცა კოალიცია აცხადებს, რომ 8 საინიციატივო ჯგუფის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრობის 16 კანდიდატის დასახელების დახურულმა პროცესმა ჩრდილი მიაყენა თავად კენჭისყრის პროცესს.


“კანონმდებლობა არ იძლევა საკმარისად მოქნილ მექანიზმებს ინდივიდუალური პროკურორებისთვის, რომ წარადგინონ კანდიდატურები საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის. აღნიშნულის უფლებამოსილებას პროკურატურის შესახებ კანონი ანიჭებს მინიმუმ 30 პირისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც მაქსიმუმ ორი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს. იმ პირობებში კი, როდესაც პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა რაოდენობა შეზღუდულია და მათ მხოლოდ ერთ საინიციატივო ჯგუფში შეუძლიათ გაწევრიანება, პროკურორთა კონფერენცია რეალურად შეიძლება დადგეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არ შეიქმნება საკმარისი რაოდენობის საინიციატივო ჯგუფი, ან შექმნილი საინიციატივო ჯგუფები ვერ წარადგენს საკმარისი რაოდენობის კანდიდატებს, შედეგად კი, კონფერენციას არ  მიეცემა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,”– აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.


კოალიცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საპროკურორო საბჭოს დანარჩენი 6 წევრის შერჩევა მოხდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცედურებით, შერჩეული კანდიდატები კი სარგებლობდნენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

 

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს 6 წევრი აირჩიეს. 20.10.2015
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს 6 წევრი აირჩიეს. 20.10.2015

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები. მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა ახლად შექმნილ ორგანოს – საპროკურორო საბჭოს, რომელიც 15 წევრისგან შედგება და რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის 2 წევრი, საერთო სასამართლოების 2 მოსამართლე, სამოქალაქო/სამეცნიერო სფეროს 2 წარმომადგენელი და 8 პროკურორი. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროკურორთა კონფერენცია, რომელიც აერთიანებს პროკურატურაში მომუშავე ყველა პროკურორსა და გამომძიებელს. სწორედ კონფერენციის უფლებამოსილებას წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს წევრი 8 პროკურორის შერჩევა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი