შსს: თამარ ჩერგოლეიშვილი დაკავებულია

შსს–ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციული წესით, 150–ე მუხლით დააკავეს.

შსს–ში ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. 


აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებას, რაც იწვევს  დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 

ჩერგოლეიშვილის გარდა, ტაბულას რედაქტორის, ლევან რამიშვილის ინფორმაციით, დაკავებულია პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი.

 

ლევან რამიშვილის ცნობით, ისინი ოპერის თეატრის ღობეზე აკრავდნენ გაზპრომთან მოლაპარაკებების საწინააღმდეგო პლაკატებს, რა დროსას პოლიციამ დააკავა სალომე ხვადაგიანი, ვითარების გასარკვევად მივიდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და ლექსო მაჭავარიანი, რის შემდეგაც ისინიც დააკავეს. ლევან რამიშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს მალე სასამართლოში გადაიყვანენ.


ხვალ, 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაზპრომთან მოლაპარაკებების საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. 

 


თამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი