ახალი ამბები

ICC-ს პროკურორი საქართველოში 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ პირებს მიმართავს

14 ოქტომბერი, 2015 • • 1323
ICC-ს პროკურორი საქართველოში 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ პირებს მიმართავს

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ფატუ ბენსუდა აცნობებს საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს, რომ მან შუამდგომლობით მიმართა პირველ წინასასამართლო პალატას, რომ გამოძიება დაიწყოს აღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე, რომის სტატუტის მე-15(3) მუხლისა და საპროცესო რეგლამენტის („სამართალწარმოების და მტკიცებულების მარეგულირებელი წესები“) 50-ე მუხლის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.


პროკურორი მიიჩნევს, რომ: „გონივრული საფუძველი არსებობს საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, კერძოდ კი – 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების წარმოებისთვის“. რომის სტატუტის მე-15(3) მუხლის შესაბამისად, „დაზარალებულებს შეუძლიათ წინასასამართლო პალატას მიმართონ საპროცესო რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად“.


შესაბამისად, პროკურორი აცნობებს საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, პირველი წინასასამართლო პალატის მოსამართლეებს წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება აღნიშნული დანაშაულების ფაქტებზე. 


“დაზარალებულმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა დღევანდელი შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში უნდა წარუდგინონ თავიანთი მიმართვა წინასასამართლო პალატას. აღნიშნული მიმართვა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, დაზარალებულთა დაცვისა და რეაბილიტაციის განყოფილების გავლით, ქვემოთ მოცემულ საფოსტო მისამართზე: International Criminal Court Victims Participation and Reparations Section Situation in Georgia PO Box 19519 2500CM, The Hague The Netherlands


დაზარალებულებს აგრეთვე შეუძლიათ სასამართლოსთვის მიმართვა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე:VPRS.Applications@icc-cpi.int. წინასასამართლო პალატამ შესაძლოა დაზარალებულებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და საჭიროების შემთხვევაში გამართოს ზეპირი მოსმენაც კი. პროკურორის შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილება პალატის მიერ ეცნობება დაზარალებულებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები გასცემენ სანქციას პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე, დაზარალებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები და საჩივრები წარმოადგინონ სამართალწარმოების პროცესში, ხოლო შემდგომ ეტაპზე კი – მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება (რეპარაცია). წინამდებარე შეტყობინება დღეიდან განთავსებულია სასამართლოს ვებ-გვერდზე. ის აგრეთვე გაეგზავნა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მასმედიის საშუალებებს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას. ინფორმირებულია ასევე სასამართლოს სამდივნო”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი