ახალი ამბები

ალასანია: გაზპრომთან ფარულად მოლაპარაკებები პირადი ინტერესების შესახებ კითხვებს ბადებს

12 ოქტომბერი, 2015 • 1067
ალასანია: გაზპრომთან ფარულად მოლაპარაკებები პირადი ინტერესების შესახებ კითხვებს ბადებს

“საზოგადოების ზურგს მიღმა, ფარულად მოლაპარაკებების წარმოება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება, არის, ჯერ ეს ერთი, უპასუხისმგებლო და მეორეც, ბადებს შეკითხვებს იმაზე, რომ პირადი ინტერესებია წინ წამოწეული,”–აცხადებს ალასანია. 

 

 

მისი განცხადებით, ჩნდება შეკითხვა, როდესაც დივერსიფიკაციის სხვა საშუალებებიც არსებობს: თურქმენეთი, ირანი, რატომ ვაკეთებთ აქცენტს და რატომ აკეთებს სახელმწიფო აქცენტს რუსულ გაზზე, რომელიც პოლიტიზირებულია და შესაძლოა ნებისმიერ დროს პოლიტიკურ ბერკეტად იქნას გამოყენებული.

ირაკლი ალასანია. ფოტო– ფეისბუკის გვერდიდან
ირაკლი ალასანია. ფოტო– ფეისბუკის გვერდიდან ‘ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები’

ალასანიას განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, პარლამენტმა ენერგეტიკის გუნდს ახსნა–განმარტებები მოთხოვოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა  მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რა შეთანხმებები იქნა მიღწეული და ეს ხომ არ გახდის ქვეყანას დამოკიდებულს რუსულ გაზზე.   


“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა:

 

“როდესაც რაღაცას აფუჭებ, წინდაუხედავად თუ გამიზნულად, და არ გყავს შენი სტრატეგიული პარტნიორები ინფორმირებული, ბუნებრივია, შემდეგ გიწევს ამის გამოსწორება. მე პირადად, როგორც მოქალაქეს, ნამდვილად შემრცხვა, როდესაც დავინახე, რომ ასე ნაუცბათევად დაიგეგმა ვიზიტი და წინა დღეებში გაფუჭებული საქმის გამოსწორება დაიწყეს. ეს ვერ გამოასწორებს და კიდევ უფრო გაართულებს ურთიიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან.  აზერბაიჯანმა ყველაზე რთულ ვითარებაში, როდესაც საქართველო ომში იყო რუსეთის ფედერაციასთან, მათი ზეწოლის მიუხედავად, საქართველო უზრუნველყო ენერგეტიკულად. ეს არის ის, რაც ნიშნავს სწორედ, რომ სტრარეგიულ პარტნიორებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი,”– განაცხადა ალასანიამ.

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დივერსიფიცირების მიზნით საქართველო ფიქრობს გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე. კახა კალაძე უახლოეს პერიოდში მორიგ შეხვედრას გამართავს “გაზპრომის” წარმომადგენლებთან. 

 

მოულოდნელი იყო აზერბაიჯიანისა და საქართველოს მედიისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში გუშინ, 11 ოქტომბერს. როგორც haqqin.az წერს, ღარიბაშვილი მაშინვე პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შესახვედრად გაემართა. 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა, ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების  გაღრმავების პერსპექტივებს


მასალების გადაბეჭდვის წესი