ახალი ამბები

სახალხო დამცველი ”რუსთავი 2”-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს

11 ოქტომბერი, 2015 • • 1350
სახალხო დამცველი ”რუსთავი 2”-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”რუსთავი 2”-ის რეპორტაჟის მთელი პათოსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი 2012 წელს ამჟამინდელი სახალხო დამცველი იყო, ახმედ ჩატაევს იცავდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა.

 

”მიუხედავად იმისა, რომ ჩატაევის ბრალზე არასამთავრობო ორგანიზაციის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სრული განმარტება გააკეთა, „კურიერის“ ჟურნალისტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველის როლს ამ საქმეში და მიუთითებს, რომ თითქოსდა უჩა ნანუაშვილი თავს არიდებს საუბარს,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ახმედ ჩატაევს ბრალი ტერორიზმში წაყენებული არასოდეს ჰქონია; იგი 2012 წლის 28 აგვისტოს დააკავეს სოფელ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ახმედ ჩატაევი იმ დროს საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. მომლაპარაკებლად გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის.

 

ომბუდსმენის ცნობით, ახმედ ჩატაევს საადვოკატო მომსახურებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი უწევდა. საქმის განხილვის შედეგად, ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და გაათავისუფლა. ახმედ ჩატაევი 2003 წლიდან ლტოლვილის სტატუსით ოჯახთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობდა.

 

სახალხო დამცველი შეახსენებს მედიაკომპანიას, რომ იგი დღემდე მოითხოვს 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებას; ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს ახმედ ჩატაევის და იმ დროს შს სამინისტროს არაერთი თანაშრომლის როლს სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება უშედეგოდ გრძელდება.

 

”შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება რუსთავის 2-ის მიერ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია. ბუნებრივია, პროფესიული საქმიანობისადმი მსგავსი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს – ემსახურება თუ არა ამ მედიის საქმიანობა მის მთავარ მიზანს საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსიის გაჩენის შესახებ,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მედიაორგანიზაციების მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზარალებს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობას, არამედ თავად ამ მედიასაშუალებას. ამიტომ სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთავი 2-ს, პატივი სცენ მათსავე პროფესიულ საქმიანობას, თავი შეიკავონ არასწორი ფაქტების გავრცელებისაგან და მათი პროფესიული და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ ჯანსაღი და პროფესიული მედიაგარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

 

სახალხო დამცველი მედიაორგანიზაციის მისამართით გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი