ახალი ამბები

GQ-ს რედაქტორი: „ქალბატონებზე არ ღირს, ბატონო პრეზიდენტო!“

27 სექტემბერი, 2010 • 1539
GQ-ს რედაქტორი: „ქალბატონებზე არ ღირს, ბატონო პრეზიდენტო!“

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ რუსულმა ჟურნალმა GQ-მ, შეაფასა როგორც ,,БОМБА“. ჟურნალის რედაქტორი, ნიკოლაი უსკოვი რედაქტორის სიტყვაში წერს, რომ ინტერვიუდან მხოლოდ ერთადერთი ნაწილი ამოიღო, რომელიც თინა კანდელაკს ეხება.

“Президент грузии дал собчак & соколовой (вроде бы только интервью)’’, – ეს ფრაზა ჟურნალ GQ-ს პირველ გვერდზე წერია. როგორც ნიკოლაი უსკოვი ჟურნალის ოქტომბრის ნომრის ვიდეო ანონსში ამბობს, პრეზიდენტ სააკაშილთან ინტერვიუს ჩაწერას ჟურნალი ორი წელი ცდილობდა.

,,ყველანაირად ვცდილობდით მოგვეპოვებინა ეს ინტერვიუ. ვუგზავნიდით თხოვნებს, წერილებს და მუქარებსაც კი, და ბოლოს მივაღწიეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მცდელობა ასეთი შედეგით დასრულდა’’, – ამბობს უსკოვი.

საქართველოს პრეზიდენტს ჟურნალ GQ-ს ჟურნალისტები, ქსენია სობჩაკი და ქსენია სოკოლოვა  სამი დღით ესტუმრნენ. ჟურნალის რედაქტორი, ნიკოლაი უსკოვი რედაქტორის სიტყვაში წერს, რომ კორესპონდენტები ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, მათი საერთო მეგობრის, თინა კანდელაკის პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდნენ.

“უფრო მეტიც, მგონი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო… უფრო სერიოზულ თემებზეც ესაუბრნენ, მაგრამ მხოლოდ ყურადღების გადასატანად. როცა პრეზიდენტი მოდუნდა, მაშინვე შეახსენეს საზოგადოებრივი პალატის ულამაზესი წევრი ქალბატონი. ამბობენ, რომ თავიდან ბატონი პრეზიდენტი დაიბნა, შემდეგ გონს მოეგო, მაგრამ ეს  ნაწილი ინტერვიუდან ამოვიღე. ეს ერთადერთია, რაც სტატიიდან ამოვშალე.  ილაპარაკეთ, რაც გნებავთ და რამდენიც გნებავთ პუტინზე, მაგრამ ქალბატონებზე არ ღირს, ბატონო პრეზიდენტო.  იმიტომ კი არა, რომ ჩვენი პრემიერ–მინისტრი არ გვიყვარს და არ ვაფასებთ, ის ხომ ასე ძალიან უყვარს ოცდახუთსავე ნაციონალურ არხს მთელი ოცდაოთხი საათის განმავლობაში. თავად ქსენია სობჩაკიც კი, რუსეთის შიდაპოლიტიკური კურსის მხარდაჭერის მიზნით,  ლამის მაისურზე პუტინის გამომეტყველებით გამოეცხადა საქართველოს პრეზიდენტს’’.

უსკოვი ვიდეო ანონსში ჰყვება, რომ ჟურნალისტებმა სამი დღე გაატარეს თბილისში, მოინახულეს პრეზიდენტის რეზიდენცია, ჩაატარეს ფოტოსესია, პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრნენ ბათუმში, სადაც ღამით მასთან ერთად დისკოტეკაზეც იყვნენ. 

“მოკლედ, ქვეყანა გამოიყვანეს მწყობრიდან, იმიტომ რომ სამი დღე მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ მათთან ერთად გაატარა’’, – ამბობს უსკოვი.

უსკოვმა ჟურნალის ამ ნომერს მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამო ,,საკოლექციო’’ უწოდა:

,,აფხაზეთის ომის შემდეგ პირველად მოგვეცა საშუალება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები დაგვესვა პრეზიდენტისთვის. არა მხოლოდ ჰალსტუხის შესახებ, არამედ ზოდად, მასთან ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. თუნდაც იმიტომ, რომ ოდესმე კიდევ დავლიოთ ბორჯომი. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ბორჯომის სმა ურჩევნია ომს. სწორედ ამიტომ ერთმანეთის მოსმენა მოგვიწევს’’.

ჟურნალის რედაქტორი ამბობს, რომ GQ-ს ნოემბრის ნომერში კიდევ ერთი სტატია უნდა ყოფილიყო საქართველოს ცხოვრებაზე, მაგრამ პრეზიდენტის გრაფიკის ცვლილების გამო ქსენია სოკოლოვას მოგზაურობა გადაიდო.

“მე ვფიქრობ, რომ ეს სტატია დეკემბრის ნომერში იქნება, მაგრამ ოქტომბრის ნომერში ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე და სასაცილო ტექსტი იმაზე, თუ როგორ მართავს პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს, რა შეემთხვა მას პუტინთან და თინა კანდელაკთან’’, – ამბობს ნიკოლაი უსკოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი