ახალი ამბები

123 vs 4- საკონტიტუციო პროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში

24 სექტემბერი, 2010 • 1168
123 vs 4- საკონტიტუციო პროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში

პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტი მიიღეს. საკითხთა ნაწილზე შეთანხმდნენ, ნაწილი  კი მომავალი მოსმენისათვის გადაიდო.

სხდომა დავით ბაქრაძემ გახსნა. პარლამენტის თავჯდომარემ საზოგადოებრივი განხილვის კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვის ვადებთან დაკავშირებულ შენიშვნას.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა წარადგინა. ამის შემდეგ კი მომხსენებლბეთან შეკითხვები და შენიშვნები საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა წარმოადგინეს.  

პარტია  ” ქრისტიან–დემოკრატების’’ ლიდერის გიორგი თარგამაძის შეკითხვაზე, თუ როდის უნდა შევიდეს ძალაში საკონსტიტუცი ცვლილებების კანონპროექტი, ადეიშვლმა უპასუხა, რომ ეს 2013 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ მოხდება.

თარგამაძის განმარტებით, ამის გამო 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისევ ძველი მანდატით გაიმართება. მთავრობის დაკომპლექტების ახალი მოდელის სამართლებრივი–პოლიტიკური შესაძლებლობები კი მხოლოდ  2016 წელს გაჩნდება.

თარგამაძის შენიშვნები  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის დანიშვნასაც შეეხებოდა.  თარგამაძის თქმით, როდესაც ყველა თვითმართველ ორგანოს საქართველოში აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი ხელმძღვანელი, აჭარის ავტონომიის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ნიშნავს.

 ,,მე ვფიქრობ, რომ ეს მუხლი გადასახედია. აჭარის მოსახლეობას, ან მის წარმომადგენლობით ორგანოს უნდა ქონდეს უფლება აირჩიოს აჭარის მთავრობის მეთაური’’, –  ამბობს თარგამაძე.

ადეიშვილმა თარგამაძის საპასუხოდ განმარტა, რომ მთავრობის მეთაურს ცენტრალური ხელისუფლება არ ნიშნავს. კანდიდატურას არჩევს აჭარის არჩევითი ორგანო და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება ამტკიცებს.  იუსტიციის მინისტრს მიაჩნია,  რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ქონდეს უფლება აჭარის ავტონომიური ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს. 

საპარლამენტო ფრაქციის წევრის, გია თორთლაძის შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უკავშირდებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით მოსამართლეები,  გარდა უზენაესი სასამართლოსი,  უვადოდ დაინიშნებიან თანამდებობებზე.

,,როცა ვსაუბრობთ, რომ სასამართლოების ნდობისა და მოსამართლეების თავისუფლების ხარისხი აიწევა, თუ მოსამართლეებს უვადოთ დავნიშნავთ. მაშინ რატომ არ ვნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც უვადოდ?’’, – ამბობს თორთლაძე.

პაატა დავითაიაც ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე უნდა გაკეთდეს.

თორთლაძის თქმით, საჯარო განხილვაზე მისმა პარტიამ გამოთქვა  შენიშვნები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, რაც კომისიის სხდომაზე არ განიხილეს. ზურაბ ადეიშვილის განმარტებით, თუ პარტია შენიშვნის ზუსტ განმარტებას გააკეთებს, შესაძლებელი იქნება ამ საკითხის მომავალ მოსმენაზე განხილვა.

სხდომაზე შენიშვნა გამოთქვეს   კონსტიტუციის 72–ე მუხლთან დაკავშირებით. გია თორთლაძე და ,,ქრისტიან–დემოკრატების’’ წევრი ლევან ვეფხვაძე ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მართველობის ახალ ფორმას გვთავაზობს, სადაც პრეზიდენტს არბიტრის როლი უკავია, ამიტომ სრულიად დაუშვებლად მიიჩნევენ პრეზიდენტი იმავდროულას პარტიულ საქმიანობას ეწეოდეს. ადეიშვილს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ვერ იქნება, რადგან ის პირდაპირი წესით აირჩევა და მის უკან პოლიტიკური ძალა უნდა იდგეს.

პროექტის საპარლამენტო განხილვის ვადები კვლავ დავის საგნად რჩება. ნაწილი დეპუტატებისა მიიჩევს, რომ საპარლამენტო განხილვები ნაჩქარევად მიმდინარეობს და ითხოვს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გაიმართოს. ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას 15 ოქტომბერს წარმოადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ვენეციის კომისიასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მჭიდროდ თანამშრომლობდა განხილვის პროცესში, ახალი კონსტიტუციის მიღება კი საქართველოსათვის ხდება და არა უცხოელი ექსპერტებისთვის.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა პარლამენტის უფლებამოსილების შესუსტებაზეც ისაუბრეს. ლევან ვეფხვაძემ მაგალითად კონსტიტუციის 59–ე მუხლი დაასახელა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ცვლილებების პროექტით, პარლამენტის წევრს აღარ ექნება უფლება კითხვით მიმართოს ქალაქის მერსა და ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს. იუსტიციის მინისტრი დაეთანხმა ვეფხვაძეს და თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

ასევე ვეფხვაძის განცხადებით   ,,საქართველოს მთავრობაში 1/3 ცვლილება იწვევდა მის ნდობა–უნდობლობის საკითხის დაყენებას საქართველოს პარლამენტში. დღეს  კი ვიღებთ მოდელს, რომლის მიხედვითაც პრემიერ მინისტრმა ერთ კვირაში რომ შეცვალოს ყველა მინისტრი, არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე არ აქვს’’.

ადეიშვილის განცახებით ამ საკითხთთან დაკავშირებით პარლამენტს სრული ბერკეტი გააჩნია. მისი თქმით კონსტიტუციის პროექტით თუ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ მოეწონება, შეუძლია მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

 ,,ნორმა შეიცვალა იმიტომ, რომ ასე არ ხდება არც ერთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში’’, – განაცხადა ადეიშვილმა.

სხდომაზე განიხილეს  პრეზიდენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ჩამორთმევის საკითხიც. ლევან ვეფხვაძის აზრით, ვეტოსა და საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პრეზიდენტს ერთდროულად არ უნდა ჰქონდეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. ადეიშვილის თქმით, ეს საკითხი გაზიარებული იქნება უმრავლესობის მიერ.

პარტია ,,ქრისტიან–დემოკრატების’’ წევრმა, ნიკა ლალიაშვილიმა გამოთქვა მოსაზრება  რომ კონსტიტუციაში  უნდა აღსდგეს ძველი მუხლი,  რომლის მიხედვით აკრძალულია შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების ნებისმიერი ფორმით შერწყმა. ადეიშვილმა ამას   მხარი არ დაუჭირა:

,,ამ ნორმის აღდგენა მიუღებელია, რადგან, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, კარგად მუშაობს და ცვლილებას არ საჭიროებს. მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება, მოახდინოს ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება და ის არ უნდა იყოს შეზღუდული”.

საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ წინააღმდეგია კონსტიტუციაში ჩაიდოს დათქმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ პრემიერ- მინისტრის კანდიდატურის დაკავების შესაძლებლობა არ ექნება. ეს საკითხი სხდომაზე ,,ქრისტიან–დემოკრატებმა’’დასვეს, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა, რომ ,,ასეთი ჩანაწერის არსებობა გაუმართლებელია’’.

იუსტიციის მინისტრმა სხდომაზე  გიორგი ცაგარეიშვილის კითხვა უპასუხოდ დატოვა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, გიორგი ცაგარეიშვილს სურდა გაეგო, თუ რატომ გადაწყდა  საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა პარასკევს, რიგგარეშე სესიაზე, როცა, პარლამენტის სხდომა  ორშაბათს უწევდა. 

პარლამენტმა  ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 123 ხმით ოთხის წინააღმდეგ მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრების შედეგების მიხედვით, პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ დეპუტატები – ჯონდი ბაღათურია, კარლო კოპალიანი, გიორგი ცაგარეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე.

კანონპროექტის მომდევნო საპორლამენტო განხილვის ვადა ჯერ უცნობია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი