ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: მე ცვლილებებზე სალაპარაკოდ ჩამოვედი

24 სექტემბერი, 2010 • 1112
მიხეილ სააკაშვილი: მე ცვლილებებზე სალაპარაკოდ ჩამოვედი

გაეროს 65–ე გენერალურ ანსაბლეაზე საქართველოს პრეზიდენტმა სამი მოწოდება გააკეთა. გამოსვლაში სააკაშვილმა აფხაზ და ოს ხალხს, რუსეთის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას სხვადასხვა წინადადებებით მიმართა.

პირველად პრეზიდენტმა აფხაზ და ოს ხალხს მიმართა, მათ მრავალკულტურული ერის აშენება შესთავაზა და  განაცხადა, რომ დაიცავს მათ უფლებებს, კულტურასა და ისტორიას.

,,იმის ნაცვლად, რომ რუსეთის იმპერიის ანექსიას გაუძლოთ, მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ერის აშენებას გთავაზობთ, რომელიც ტოლერანტულობისა და პატივისცემის  ნიმუში იქნება მთელ რეგიონში. შეხედეთ თავისუფლების გამოვლინებებს, ეკონომიკურ პროგრესსა და ადამიანის უფლებების დაცვას, იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოში დღესდღეობით ვახორციელებთ. ამ საქმეში თქვენ დიდი როლი მიგიძღვით’’.

სააკაშვილმა შემდეგი მოწოდება რუსეთის ხელმძრვანელობისადმი გააკეთა. საქართველო მხარს უწერს აშშ–ს ხელახალ პოლიტიკასა  და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობას, რადგან, სააკაშვილის თქმით, საქართველოს მასთან პარტნიორობა და არა მტრობა სურს. სააკაშვილის განცხადებით ”ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა, თუ უბრალოდ მეგობრებს ყოველთვის ექნებათ გზა ხსნილი საქართველოში და არასდროს, როგორც ოკუპაციურ ძალებს”.

 

,,მსურს რუსეთის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ ჩვენს დიპლომატიურ ორიენტაციაზე მეტად,  საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ.  იმის ნაცვლად, რომ ძირი გამოუთხარონ ჩვენს განვითარებას, ცეცხლმოდებული ჩრდილოკავკასიის განვითარებაზე იზრუნონ. სურვილის შემთხვევაში ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ, რათა იხილონ, თუ როგორ იქცა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოება ევროპულად. მე მათ ვეპატიჟები მოვიდნენ არა ჭურვებით, არამედ კომპაქტური კომპიუტერებით; არა კალაშნიკოვებით, არამედ აიპოდებით’’.

 

მესამე მოწოდებით პრეზიდენტმა დახმარება კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა.

 

,,დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის მიმართ მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა’’.

 

სააკაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეულრულებლობას საქართველომ ,,კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომით’’ უპასუხა. სააკაშვილის განმარტებით:

,, “კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომა” ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქცევით ცივილიზებულად და მოთმინებით მაშინაც კი, როდესაც ჩვენი მტერი იყენებს ბარბაროსულ მეთოდებს და ახორციელებს იმპულსურ და არაგონიერ პოლიტიკას’’.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს გამყოფ კედლებს ბომბები ვერ დაანგრევს, მათ დაანგრევს მოქალაქეების თავდადება და მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევა, გააძლიეროს საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდების პინციპები.

სააკაშვილმა სხდომაზე იმ სამ ქვეყანას, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მოუწოდა  შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება.

,,არასდროს არ არის გვიან, რომ დაამარცხო ცუდი პოლიტიკა. საქართველოს დანაწევრების მცდელობამ კრახი განიცადა და ერთ დღესაც, შესაძლებელია, თვით რუსეთის ფედერაციასაც მოუწიოს თავისი უბედურების მომტანი პოლიტიკის შეცვლა.

წარმოიდგინეთ, რამდენად არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდება ეს სამი იზოლირებული მთავრობა შორეული ქვეყნებიდან, თუკი თვით მოსკოვი აღიარებს საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნას ჯარების უკან გაყვანის თაობაზე’’.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი