ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება

24 სექტემბერი, 2010 • 1083
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს წარადგენენ.

მანამდე კი 23 სექტემბერს ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

სხდომაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების  პროცედურის დახვეწის მომხრეა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში ამაზე მსჯელობა იქნება.

პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატებმა შენიშვნები გამოთქვეს კონსტიტუციის პრეამბულასთან, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ მუხლზე, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესზე მოქმედ მოსამართლეთა კორპუსთან მიმართებაში, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ვადებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ახალი ნორმების ამოქმედების ვადებზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ,,ბევრია ისეთი საკითხი, რომლებზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მხოლოდ პლენარულ სხდომებზე განხილვის შემდეგ მიიღებს’’.

მასალების გადაბეჭდვის წესი