ახალი ამბები

ღია ლექციები ილიას უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის

22 სექტემბერი, 2010 • • 1359
ღია ლექციები ილიას უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის

უნივერსიტეტში უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ღია ლექციები ჩატარდება. ლექციებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები წაიკითხავენ.

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ოცდასამ სკოლას შორის ურთიერთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად,  ილიას უნივერსიტეტის ლექტორები პარტნიორი სკოლების უფროსკლასელებისათვის ღია ლექციებს წაიკითხავენ  . ლექციები ყოველ შაბათს 10:00-დან 14:00-მდე ილიაუნის შენობაში ჩატარდება და მოსწავლეებისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

ღია ლექციები ილიაუნის ინიციატივაა. როგორც უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, ლექციების მიზანია, დააინტერესოს უფროსი კლასის მოსწავლეები მეცნიერების სხვადასხვა დარგით, მიაწოდოს უახლესი და ამომაწურავი ინფორმაცია მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ და მიიზიდოს სტუდენტები.  მისივე თქმით,  პარტნიორი სკოლებიდან მიღებულ სტუდენტებს არავითარი უპირატესობა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ იქნებიან სხვებზე მეტად ინფორმირებული მეცნიერების და განათლების სფეროში.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმში კიდევ ერთი პუნქტი შევიდა, რომლის თანახმადაც, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები სკოლებში პრაქტიკას გაივლიან და გაკვეთილებს ჩაატარებენ.

ილიას უნივერსიტეტის რექტორი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პროგრამაში სხვა სკოლებიც ჩაერთვებიან.

მემორანდუმი 2010-2011 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი