ახალი ამბები

“პანდორას ყუთი” დაღესტანში

27 სექტემბერი, 2010 • 2285
“პანდორას ყუთი” დაღესტანში

დაღესტანში მოვლენები კრემლისთვის არასასურველი სცენარით ვითარდება და სიტუაცია დღითიდღე უმართავი ხდება. თუმცა, რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი კარგად აცნობიერებს, რომ თუკი ის დაღესტანზე დაკარგავს კონტროლს, ხელიდან გაუშვებს მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მართვის ბერკეტს.

რუსეთის ერთადერთ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ჩეჩნეთის ორივე ომის დროს ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ კონფლიქტის ლოკალიზებას და არ დაუშვეს დაღესტნის ჩათრევა საბრძოლო მოქმედებებში. მიუხედავად ამისა, დაღესტანში ყალიბდებოდა ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მეზობელ ჩეჩნებს გარკვეულ დახმარებას მაინც უწევდნენ. თვით ჩეჩენი ბოევიკებიც ხშირად აფარებდნენ თავს  მეზობელ რესპუბლიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთი დაღესტანში სტაბილურობის შენარჩუნებას მაინც ახერხებდა. ჩეჩნეთთან მეორე ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები წარმატებით განაგრძობდნენ ისლამისტებთან ბრძოლას, მოახდინეს ბევრი ჯგუფის ლიკვიდირება ან მინიმუმამდე შემცირება. ვისი განადგურებაც ვერ შეძლეს, იმდენად დაასუსტეს, რომ რეგიონში სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს ვეღარ უქმნიდნენ და მხოლოდ იშვიათი ტერორისტული აქტებით ახდენდნენ შურისძიებას.

ამ დროს ბრძოლის ასპარეზზე გამოვიდა დოკუ უმაროვი, რომელმაც 2006 წელს თავი ჩეჩნეთის პრეზიდენტად გამოაცხადა. 2007 წელს კი გაავრცელა ინფორმაცია კავკასიის საემიროს შექმნის შესახებ, რომელიც არ ცნობდა რუსეთის კანონმდებლობას და მხოლოდ შარიათს ემორჩილებოდა. გარდა ამისა, უმაროვმა ანულირებულად გამოაცხადა კრემლის მიერ დადგენილი საზღვრები და კავკასიური საემიროს ფარგლებში შეიყვანა ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი და ყაბარდო-ბალყარეთი. ახალი იდეის ქვეშ გაერთიანება იწყეს ზემოხსენებულ ქვეყნებში არსებულმა უკვე საკმაოდ დაქსაქსულმა და დასუსტებულმა დაჯგუფებებმა.

შამილ ბასაევის სიკვდილის შემდეგ უმაროვის განკარგულებაში გადავიდა “წამებულთა ბატალიონად” წოდებული რიადუს სალიხინი. ამავდროულად დაღესტანში ყველაზე ძლიერი და ძველი ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება “შარიათ ჯამაათის” წევრებიც უმაროვის თანამებრძოლები გახდნენ. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დესტაბილიზაციის ახალი ტალღა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელსაც რუსეთი ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს, გარდა იმისა, რომ უმაროვი ოფიციალურად 6–ჯერ გამოაცხადა რუსეთის სპეცსამსახურებმა ლიკვიდირებულად. კავკასიური საემირო და მის განკარგულებაში მყოფი სამხედრო დაჯგუფება იმდენად მოძლიერდა, რომ რამდენიმე საკმაოდ კარგად ორგანიზებული ტერაქტი მოაწყო, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე (ინგუშეთის პრეზიდენტის იუნუს ბეკ ევკუროვის დაჭრა), ასევე, რეგიონიდან საკმაოდ შორს (ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ციმბირში, რომელსაც 74 ადამიანი შეეწირა, ჩქაროსნული მატარებლის ნევსკი ექსპრესის აფეთქება – 30 ადამიანი დაიღუპა, და მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტები.) ამ მრისხანე ჯგუფის ძირითადი დასაყრდენი კი სწორედ რომ დაღესტანია.

მეორე მიზეზი დესტაბილიზაციისა არის დაღესტნის ეთნიკური სიჭრელე: რუსეთში შემავალი რეგიონებიდან დაღესტანი ყველაზე მრავალეთნიკურია და შესაბამისად, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ხშირია დაპირისპირება რესურსების, ძალაუფლებისა და ტერიტორიების გადანაწილების გამო, რამაც წლების განმავლობაში მათ შორის დიდი აგრესია დააგროვა. სიტუაცია განსაკუთრებით რუსეთის ჩარევის შემდეგ იძაბება. კრემლის მიერ ერთი ეთნიკური ჯგუფის მხარდაჭერა და ხელისუფლებაში “დასმა”, სხვა ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტის პოსტზე მუხუ ალიევის შეცვლამ მაგამედსალამ მაგამედოვით ყულმუხი მოსახლეობის (რომელიც ქვეყანაში სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია) დიდი უკმაყოფილება გამოიწვია: მახაჩკალაში გაიმართა რამდენიმეათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია, რეგიონებიდან უამრავი თანამოძმე აპირებდა მათთან შეერთებას, მაგრამ არეულობის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებამ ისინი ქალაქში არ შეუშვა. დემონსტრაციის მოთავეებმა მოგვიანებით წერილი გაუგზავნეს დიმიტრი მედვედევს, რომელშიც ისინი მთავრობიდან ყულმუხი ხალხის გამოძევებას აპროტესტებდნენ.

გარდა ამისა, საქმეს ართულებს კრემლის არასწორი მიდგომა საკითხისადმი. ჩრდილოეთ კავკასია გადაიქცა რეგიონად, სადაც მედვედევისა და პუტინის მიერ ერთმანეთისათვის ძალების მოსინჯვა ხდება. მართალია, დაპირისპირება მოსკოვიდან საკმაოდ შორს ხდება, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მედვედევი პუტინის კადრებს ერთმანეთის მიყოლებით ანაცვლებს საკუთარი ფავორიტებით. სწორედ ამის ნათელი მაგალითია მუხუ ალიევის (რომელიც პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება) მაგამედსალამ მაგამედოვით ჩანაცვლება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გაპრეზიდენტების დღიდან მედვედევი პირობას დებდა, რომ დაუძინებელ ბრძოლას გამოუცხადებდა კრიმინალსა და ტრაიბალიზმს პოლიტიკაში. მისი ქმედებები კი საპირისპიროს ამტკიცებს, მის მიერ “დასმული” მაგამედსალამ მაგამედოვი დაღესტნის ყოფილი ლიდერის შვილი და დარგინთა კრიმინალური კლანის წარმომადგენელია.

კიდევ ერთი ფაქტი, რამაც შეიძლება სიტუაცია უფრო დაამძიმოს, სექტემბრის დასაწყისში მოხდა. ბაქოში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენის შესახებ, რომლის თანახმადაც დაღესტანთან სადავო ტერიტორიების გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ხელში გადადის, ასევე, რუსეთმა, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მათ სასაზღვრო მდინარე სამურით სარგებლობის უფლება დაუთმო. სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით ამ მდინარეს დაღესტნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამიერიდან კი მისი გაზიარება მოუწევს აზერბაიჯანთან. ამ ფაქტმა დაღესტანში იმ ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც პრაგმატულად, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აზროვნებდა და დღემდე რუსეთს მტრად არ აღიქვამდა, ახლა კი გამოჩნდა, რომ რუსეთი, რომელიც მათი დაცვის გარანტი უნდა ყოფილიყო, დაღესტნის ტერიტორიას პოლიტიკურ თამაშებში ქულების დაწერის მიზნით ასხვისებს. ამით კრემლმა კიდევ ერთი ბერკეტი გაუშვა ხელიდან, რადგან დაღესტანში ინტელიგენცია მართლაც რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. 

ხელისუფლების ცვლასთან დაკავშირებული რესურსების გადანაწილებისთვის ბრძოლა (ერთ–ერთ ასეთ ბრძოლას, 2009 წელს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც კი შეეწირა, ადილგერეი მაგომედთაგიროვი სნაიპერმა პირდაპირ ქუჩაში მოკლა), მთავრობის ჩინოსნების პირდაპირი ურთიერთობა კრიმინალებთან, კორუფციისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი უბრალო მოსახლეობას რადიკალური ისლამისტებისკენ უბიძგებს, სწორედ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობით სასოწარკვეთილი ადამიანების ინდოქტრინაცია უადვილდებათ ისლამისტ ტერორისტებს და ამიტომაც ბოლო წლების განმავლობაში დაღესტანი თანდათან ყალიბდება, როგორც ანარქისტული რესპუბლიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი