ახალი ამბები

ბათუმი ლოცვით, წვიმით და გეი აღლუმის გარეშე

26 აგვისტო, 2010 • 1904
ბათუმი ლოცვით, წვიმით და გეი აღლუმის გარეშე

ბათუმში დღეს გეი აღლუმი არ ჩატარებულა, აღლუმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებელმა მრევლმა  კი ისევ  მოაწყო მსვლელეობა და ისევ ილოცა.

ისევე, როგორც გუშინ საღამოს, აქციის მონაწილეები დღესაც ბათუმის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და წმ. ბარბარეს ეკლესიისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქცია 12 საათზე დაიწყო. 

მრევლის ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ  მათი დაშლის შემთხვევაში, ჰომოსექსუალები  დაუყონებლივ ჩაატარებდნენ აღლუმს.  სწორედ ამიტომ, ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებდნენ, მაგრამ გაწვიმდა და  აქციის მონაწილეების რიცხვმა  მკვეთრად იკლო, თუმცა სასულიერო პირები მოუწოდებდნენ, რომ არ დაშლილიყვნენ.

”ვითხოვთ იმას, რომ უზნეოებას არ ჰქონდეს ადგილი საქართველოში.  იმის გაფიქრებაც კი მათი მხრიდან მკრეხელობა იყო, რომ იფიქრეს,  თუ თბილისში არ გამოგვივიდა, ბათუმში გამოგვივაო. ბათუმელებმა ეს შეურაცხყოფად აღვიქვით… ჩვენ არ ვაპირებთ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩვენ მათ სიტყვით და ერთად დგომით დავუპირისპირდებით” – განაცხადა ჩოხოსანთა ერთ-ერთმა წევრმა ავთანილ ბერიძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა აქციაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირაა ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ბათუმში 26 აგვისტოს გეი აღლუმის ჩატარების შესახებ, თუმცა ინფორმაციის წყარო არც ერთ მედიასაშუალებას არ დაუსახელებია. ინფორმაციის წყარო არ მოუყვანია  არც საპატრიარქოს,   რომელმაც ამის თაობაზე საპროტესტო განცხადება გაავრცელა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი