ახალი ამბები

მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმში

25 აგვისტო, 2010 • 1262
მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმში

ბათუმში მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი გეი აღლუმის გასაპროტესტებლად დღის 12 საათზე შეიკრიბა და  ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყო.

”ჩვენ გულხელდაკრეფილები არა ვართ. საპატრიარქოში ამაზე ბევრს ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ადამიანების განეიტრალება და საპატრიარქომ, კერძოდ, მისმა უწმინდესობამ, გააკეთა განცხადება ბოლო ფაქტებთან დაკავშირებით” – ასე მიმართა თავდაპირველად შეკრებილ მრევლს მღვდელმა თეიმურაზმა, რის შემდეგაც საპატრიარქოს განცხადება წაიკითხა.

მოგვიანებით კი მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაეწყოთ მსვლელობა  ქალაქში, სადაც  დროდადრო გაჩერდებოდნენ და ნაკურთხ წყალს მოაპკურებდნენ.

მან ასევე განაცხადა, რომ ”ჩვენგან (მართლმადიდებლებისგან) ძალადობა არ უნდა შეიმჩნეოდეს”.

ნეტგაზეთს  შესაძლებლობა არ მიეცა,  დამატებით კითხვებზე პასუხი მღვდელ თეიმურაზისგან მიეღო, რომელმაც გადაღება აგვიკრძალა.

მსვლელეობის დაწყების შემდეგ ნეტგაზეთმა ინტერვიუ ჩაწერა დეკანოზ ბასილ ბერიძესთან, რომელიც ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღოლი გახლავთ. მანაც განაცხადა, რომ ისინი  მხარს არ უჭერენ ძალადობას და რომ დღევანდელი აქცია ქადაგებაა, რისი უფლებაც აქვთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს ნეტგაზეთს უცნობმა პირმა კიდევ ერთხელ ”შეახსენა”, რომ გადაღების უფლება არ ჰქონდა.

 

აქცია ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი