ახალი ამბები

ევროკავშირში დაცული ქართული პროდუქცია

29 ივლისი, 2010 • • 1338
ევროკავშირში დაცული ქართული პროდუქცია

ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, – ევროკავშირში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება იქნება დაცული. პროდუქციის  სახელწოდებებს და მათ გეოგრაფიულ წარმომავლობას გაყალბებისაგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ახალი შეთანხმება დაიცავს.  ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“ პარაფირებას ხელს დღეს მოაწერენ.

”საქართველო ევროკავშირის სამეზობლოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხის დაცვის მიმართულებით”, – იუწყება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. პირველ ეტაპზე ევროკავშირში 18 სახეობის ქართულ ღვინის სახელწოდებას დაიცავენ, რაც შემდგომში სხვა პროდუქციის დაცვას შეუწყობს ხელს.

შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია. დოკუმენტის ოფიციალურ ხელმოწერამდე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“  წინასწარი ხელის მოწერა გაიმართება.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია მოაწერს ხელს, ევროკავშირის მხრიდან კი– ევროკომისიის  სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორი ნიკოლა ვერლე.

დღეისათვის ევროკავშირში დაახლოებით 3000 პროდუქტია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი