ახალი ამბები

მესამე შანსი სააკაშვილისთვის

23 ივლისი, 2010 • 1115
მესამე შანსი სააკაშვილისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია ამჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშილს არ უზღუდავს პრემიერობის შანსს. შეზღუდვის დაწესება, რომელსაც ირაკლი ალასანია და მისი პარტია ითხოვდა, ცვლილებების პროექტში გათვალისწინებული არ არის. იქნებოდა თუ არა შეზღუდვის დაწესება ამომრჩევლის უფლების შეზღუდვა?

სწორედ ასეთ შეფასებას აძლევს მოთხოვნის ამგვარად დაყენებას საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი.  მისი აზრით, ამგვარი შეზღუდვა ამომრჩევლის უფლებას  არღვევს: ,,როცა საპარლამენტო მოდელზე ვსაუბრობთ, ამომრჩეველი ირჩევს პოლიტიკოსთა გუნდს. ვინც გადის უმრავლესობით, ის ქმნის მთავრობას. როგორ უნდა დაუწესო ამ შემთხვევაში შეზღუდვა ამომრჩეველს?! ეს არადემოკრატიულია”.

 დარჩიაშვილი განმარტავს, რომ  თუ ხალხის უმრავლესობა, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას აირჩევს,  ეს პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარჩიაშვილის აზრით, რადგან პარტია ლეგიტიმური იქნება,  მას უფლება უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სასურველი კანდიდატურა წამოაყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლება შეიზღუდება.

ასე არ ფიქრობენ ,,თავისუფალი დემოკრატები”, რომლებიც  კონსტიტუციის ახალ პროექტში ,,პუტინიზაციის” საფრთხეს ხედავენ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პრეზიდენტობის შემდეგ, მუშაობას პრემიერის თანამდებობაზე აგრძელებს. ამიტომ ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის აზრით, პრეზიდენტობის ვადის ორჯერ ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა 5 წლის ვადით აღარ უნდა ჰქონდეს.

თუმცა კონსტიტუციონალისტები და პოლიტიკოსები ვერ იხსენებენ ქვეყანას, სადაც მსგავსი კონსტიტუციური ჩანაწერი არსებობდეს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი პოლიტიკოსის უფლებების დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.  მისი თქმით,  ჟენევისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენცია ცალსახად განმარტავს, რომ არ შეიძლება ადამიანს პროფესიული შეზღუდვები დაუწესო.

”ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლება ეკრძალება გარკვეული თანამდებობის პირებს, არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არამედ ამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაშიც. ეს  პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შეზღუდვაა და არა ადამიანის უფლებების, იყოს პოლიტიკოსი”- განმარტავს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე.

კონსტუტუციის ამგავრ ცვლილებაში, ხმალაძე ადამიანის უფლებათა დარღვევას ვერ ხედავს.  კომისიის წევრი აქვე დასძენს, რომ სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა იმდენად მაღალი რანგისაა, რომ შემდგომ ყოფილი პრეზიდენტის  პრემიერის ან მინისტრის თანამდებობაზე აღმოჩენა, უკვე ამცირებს ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ყოფილი პრეზიდენტისთვის იქმნება გარკვეული გარანტიები მომავალი საქმიანობისათვის. ეს არის მისი სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა. ისეთი პირობების შექმნა, რომ მას არ სჭირდებოდეს დამატებითი შემოსავლის ძებნა. პრეზიდენტები ამის შემდეგ მოღვაწეობას უკვე საზოგადოებრივ სფეროში იწყებენ.  ,,ასეთი ტრადიცია არის დემოკრატიულ სახელმწიფოებში.  ჩვენ ეს ტრადიცია არ გვაქვს’’, – ამბობს ხმალეძე.

რესპუბლიკური პარტიის წევრ, იურისტ თინა ხიდაშელის განმარტებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აქცენტი არა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მუხლების წერაზე, არამედ საარჩევნო სისტემის გამართვაზე  უნდა გააკეთონ. ხიდაშელი ამბობს, რომ თუ სააკაშვილის გუნდს გადაწყვეტილი აქვს კონსტიტუციის ამგვარი სახით მიღება, ეს მაინც მოხდება:

,,მთავარი არის ის, რომ სისტემა გავმართოთ და შეუძლებელი გავხადოთ სააკაშვილის ტიპის მმართველობა საქართველოში”.  მისი აზრით, დაბალენსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს, ქვეყანაში ერთპიროვნულ მართველობას შეზღუდავს.

,,დღეს გვაქვს პარლამეტის არჩევნების ისეთი სისტემა, რომელიც ამბობს, რომ პარტიამ შეიძლება აიღოს ხმების 60% ქვეყანაში. ასეც მოხდა და პარლამენტში ადგილების 85% მმართველმა პარტიამ მიიღო.  ეს უნდა იყოს დაუშვებელი და შეუძლებელი. პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა ხვდებოდნენ მიღებული ხმების პროპორციულად. თუ ჩვენ ასეთ სისტემას შევქმნით, მიშა სააკაშვილი ვერასოდეს ვეღარ გახდება პრეზიდენტი”.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზურაბ ჯიბღაშვილიც ყურადღებას საარჩევნო სისტემაზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ საზოგადოების უმრავლესობას არ სურს სააკაშვილი, კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს გარანტიები იმისა, რომ მას ვეღარ აირჩევენ.

,,თუ 50%-ზე მეტია სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილება, კონსტიტუციაშივე უნდა იყოს ის მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელად საზოგადოების უმცირესი ნაწილისთვის სასურველი პიროვნება მოგვევლინოს. კონსტიტუციით, საარჩევნო გარემო უნდა გაუმჯობესდეს”.

ახალი საკონსტიტუციო პროექტით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ან სუბიექტი წარუდგენს. წარდგენილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მინისტრთა კანდიდატურებს შესთავაზებს. თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა, პრეზიდენტი 2 დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრი კი მთავრობის სხვა წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი