ახალი ამბები

ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გერონტი ქიქოძის მიქსი

9 ივნისი, 2010 • 1328
ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გერონტი ქიქოძის მიქსი

 არა ცალ–ცალკე ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გერონტი ქიქოძე – არამედ მათი სინთეზი. ასე ”დაიყვანა”,  ე.წ. ქართული იდეა პერსონების დონეზე ეროსი კიწმარიშვილმა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, როგორც პატრიოტიზმის სიმბოლო და გერონტი ქიქოძე, როგორც პროგრესის სიმბოლო – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში იდეა, რომელიც სოზარ სუბარმა დღეს სასტუმრო ”თბილისი მეროიტში”  თამარ მეფის დარბაზში დაპატიჟებულ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს წარმოუდგინა.

ქართული იდეა, რომელიც „ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წარმოადგინა, სამ პოსტულატს მოიცავს. ესენია: თვითმყოფადობა, პროგრესი და უსაფრთხოება, რომლებსაც  სუბარის აზრით, ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უნდა დაეფუძნოს.

მისი აზრით, საქართველო არც საკუთარ ნაჭუჭში უნდა მოექცეს და არც მსოფლიოს უნდა ჩამორჩეს სხვადასხვა სფეროებში : კულტურაში, ეკონომიკაში, მეცნიერებაში.

„ჩვენ უნდა ვიქცეთ არა უსახო, უეროვნებო მასებად, რომელსაც ექნება ცხელი წყალი, მაგრამ არ ექნებათ იდენტობა“, – აღნიშნა თავის სიტყვაში სოზარ სუბარმა.

აქვე მან ვაჟა–ფშაველას სიტყვებიც გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი უნდა იყოს ერთდოულად კოსმოპოლიტიც, ანუ მსოფლიო მოქალაქე და მეორეს მხრივ, პატრიოტი.

„მსოფლიო მოქალაქეობა ნიშნავს პატრიოტობას, იმას, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა და შევიტანოთ ჩვენი წილი მსოფლიო საგანძურში. ამის მაგალითად შოთა რუსთაველიც კი კმარა“,- თქვა სუბარმა.

სოზარ სუბარის ეს იდეა მოიწონა ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც  მოწვეულ სტუმართა შორის იყო.

მარგველაშვილის აზრით, იდეების და მიზნების განსაზღვრა მნიშნელოვანია, მნიშვნელოვანია მოძრაობის მიმართულების პოვნაც.

„ნებისმიერ ქართველს აქვს უფლება იფიქროს, როგორი უნდა, რომ  თავისი ქვეყანა იყოს.  ეს არ არის ის, რაც შეიძლება გეშლებოდეს ან არ გეშლებოდეს. თუ გინდა რამე, თუ გენატრება, არ უნდა იყო შეშინებული, და ხმამაღლა თქვა.  ვთვლი, რომ ამის განვრცობა და ჩვეულებრივ სალაპარაკო ენად გახდომა მნიშვნელოვანია”.

რაც შეეხება განვრცობას, სუბარმა აღნიშნა:

„ჩემი აზრით, პროვოკაციისთვის ესეც საკმარისი იქნებოდა, შემდეგ  ეს ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.“

ამ ეტაპზე შექმილია რვაკაციანი ჯგუფი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ე.წ. ქართულ იდეას. ჯგუფი ორ ნაწილადაა დაყოფილი. სუბარის თქმით,  ერთი ნაწილი საორგანიზაციო საქმეებს ჩაუდგება სათავეში, მეორე კი ექსპერტული საქმეებით დაკავდება.

„თქვენს წინ ახლა არ იქმნება პარტია, ესაა მოძრაობა, რომელიც საბოლოოდ ეცდება დაადგინოს საქართველოს ადგილი და ფუნქცია მსოფლიოში, დასახოს სტრატეგიული გზები და მიზნების მიღწევის გზები და საშუალებები.“

სუბარი ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, „ვინ ვის გვერდით იდგება,“ თუმცა, კიწმარიშვილის აზრით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობისას ისინი უნდა გაემიჯნონ სახელმწიფოს.

„უნდა შევქმათ ის იდეა, რის გარშემოც ხალხი გაერთიანდება, აქ არ არის საუბარი დროშების ქნევაზე, მიტინგენზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ვიპოვოთ სიმები, რომელიც ყველა ქართველის გულშია“, – აღნიშნა კიწმარიშვილმა.

სიმებს ჯერ კონრეტული სახეები არ გააჩნია.  სუბარის იდეა სწორედ ამ საკითხებზე დისკუსიის დაწყების მცდელობა იყო.

ასეთ დისკუსიებს, რომელიც წარსულშიც მოხდა, იხსენებს ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი.

„ჩვენ რაღაც სიტუაციებში ვერ შევძელით ერთად დგომა“ , –ამბობს ცაგარეიშვილი. „ქართული იდეა სიცოცხლისუნარიანი რომ ყოფილიყო გუშინწინ, გუშინ ეს შედგები არ გვექნებოდა. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და კიდევ გავაკეთებთ: გამოვალთ ქუჩაში, ავაფრიალებთ დროშებს, რა ვქნათ? „ – იკითხა ცაგარეიშვილმა, სუბარისგან კი ასეთი პასუხი მიიღო:

„იდეა შეიძლება გულში ყველას ჰქონდა,  მაგრამ არ იყო იდეის იდეასთან დაპირისპირება. ალბათ, აქედან უნდა დავიწყოთ.“

ჟურნალისტი ია ანთაძე, რომელიც ასევე იყო მოწვეულ სტუმრებს შორის, ამ იდეას ეთანხმება. მისი აზრით, აუცილებელია დაიწეროს კონცეფციები სხვადასხვა საკითხებზე და ჩაერთონ   პროფესიონალები სხვადასხვა თავის დარგში, ის პროფესიონალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის „ქართული იდეა“ მისაღები იქნება. ის ეთანხმება კიწმარიშვილის აზრს, რომ ეს უნდა იყოს ალტერნატივა იმასთან მიმართებაში, რასაც სახელმწიფო დღეს სთავაზობს თავის მოქალაქეებს.

„თვითმყოფადობის ჭრილში ეს კონცეფცია მაინც განსხვავებული იქნება იმისგან, რაც დღეს ხდება სახელმწიფო დონეზე – უსაფრთხოების ჭრილშიც  და პროგრესის ჭრილშიც. ის კანონი და მისი იმპლემენტაცია, ძალაუფლების დაყოფა ხელისუფლების შტოებს შორის, რაც შემგვთავაზა ჩვენმა სახლემწიფომ, არ არის ევროპული იმ თვალსაზრისით, რომ ის განსხვავებულია ევროპულისგან.“

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგება მას საკუთარი თავი ამ გეგმის შემუშავების დროს, ანთაძე პასუხობს:

„მაგალითად, განათლება. რა არის განათლების კონცეფცია ეროვნული იდეის ჭრილში? პროფესიით ფილოლოგი ვარ და შესაძლებელია განათლების სისტემასთან დაკავშირებულმა კონცეფციამ დამაინტერესოს. ის ფული, რითაც ტანკებს ვყიდულობთ, შეიძლება ჩავდოთ განათლებაში. როცა ბიუჯეტის დიდი ნაწილი წავა განათლებაში, ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების სფეროში მოვიაზრებთ მაღალი დონის სკოლის მასწავლებლებს და უნივერსიტეტის პროფესორებს, რადგან საქართველოში რომ გაიზრდება ადამიანი პროფესიონალად, ის უნდა იყოს კონკურენტუნარიანი.“

საქართველოში გაზრდილი, საზღვარგარეთ „კონკურენტუნარიანი“ ფიზიკოსი, გია დვალი, ასევე დაინტერესებულია ქართული იდეით.  

სუბარის თქმით, ფიზიკოსების ის ჯგუფი, რომლებიც წასულნი არიან საზღვარგარეთ და იქ მოღვაწეობენ, ჩართულნი არიან ქართული იდეის ჩამოყალიბების პროცესში.

 „გია დვალის აქ არყოფნა ტვინის გადინებად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის დაკარგავს საქართველოსთან კავშირს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წელიწადში ერთი–ორი თვე ჩამოვიდნენ და ლექციები წაიკითხონ სტუდნეტებთან და სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში იმუშაონ. ეს შესაძლებელია, ისინი ამაზე თანახმანი არიან“, –  ამბობს სუბარი.

მისი თქმით, უცხოეთში წასული ქართველების პოტენციალი დიდია, მაგრამ მათ საქართველოში მყოფ სტუდენტებსაც გაუზიარონ თავიანთი ცოდნა, რაც ქართული იდეის კონცეფციის ნაწილია.

სუბარის თქმით, ამ მოძრაობაში ყველასთვის კარი ღიაა. ის ამბობს, რომ ამ იდეის ქვეშ  პირველი ლევან გაჩეჩილაძე გაერთიანდა. სტუმართა შორის იყო მისი ძმა – გია გაჩეჩილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი