ახალი ამბები

საბოლოო სია

25 მაისი, 2010 • 1312
საბოლოო სია

30 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო სიებში სულ 3,544,770  ამომრჩეველია.   ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საარჩევნო სიების საბოლოო შედეგი დღეს გამოაქვეყნა.

”ჩვენ ბევრი გარდაცვლილი და დუბლირებული ამომრჩეველი ამოვიღეთ, ბევრი ხარვეზი გამოსწორდა”, -აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სიების მონიტორინგს რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ახორციელებდა.

”ცესკოს სამუშაო ჯგუფში ასევე უცხოელი ექპერტები მონაწილეობდნენ,  რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ ვითვალიწინებდით”, – თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.

როგორც ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, სიების მონიტორინგის დროს ყველაზე დიდი პრობლემა მისამართები აღმოჩნდა. ”მისამართები ”აქილევსის ქუსლია”. პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე წარმოგვიდგინეს ხარვეზები, რომლებიც შეეხებოდა ამომრჩევლების ფაქტიურ მისამართებს, რასაც ვერ გავუწევდით მონიტორინგს, ჩვენ მხოლოდ რეგისტრაციის მიხედვით შევძლებდით მუშაობას”,- აღნიშნა ხარატიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოს სხვადასხვა პრიორიტეტულობის შენიშვნა წარმოუდგინეს. ცესკომ შენიშვნების პრიორიტეტულობა შემდეგნაირად განსაზღვრა: მაღალი პრიორიტეტულობის  შენიშვნათა რაოდენობა 13,571 აღმოჩნდა, რომელიც დუბლირებულ, გარდაცვლილ და გამოტოვებულ ამომრჩეველს შეეხებოდა. საშუალო პრიოტიტეტულად ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ 125,197 ფაქტი განსაზღვრა, რომელშიც ის ამომრჩევლები მოხვდნენ, ვინც მოცემულ მისამართზე არ ცხოვრობენ  ანდა საზღვარგარეთაა. დაბოლოს, დაბალი პრიორიტეტულობის შენიშვნათა რაოდენობა 100,984  აღმოჩნდა. დაბალი პრიორიტეტი ცესკომ არაზუსტი მისამართის მქონე და  წინასწარ პატიმრობაში მყოფ ამომრჩეველს მიანიჭა.

როგორც ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, ცესკომ, სხვადასხვა მიზეზის გამო, 61,436 ფაქტი ვერ დაადასტურა.

56,638 ფაქტი ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ ხარვეზად არ მიიჩნია.

86, 516 შენიშვნა კი– ხარატიშვილის თქმით– ცესკოსთვის ისედაც ცნობილი იყო სხვა წყაროებიდან .

ცესკოს მონაცემებით, საბოლოოდ 117,556 შინაარსობრივი და 185,002 ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდა.

”ძველი გარდაცვლილებიდან   2538  ამომრჩეველი ამოვიღეთ. პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად კი, 8,999 ადამიანიდან 2302  ცოცხალი აღმოჩნდა”.

 

2010 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, საარჩევნო სიებში სულ  3,587,425  ამომრჩეველი იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი