ახალი ამბები

ნიღაბს ამოფარებული რეკლამირება

19 მაისი, 2010 • 1834
ნიღაბს ამოფარებული რეკლამირება

მასკარადის დროს ნიღაბს ამოფარებული პიროვნების ნამდვილი სახე ყველაზე კარგად ჩანს. თქვენ (მაყურებლებს) გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, შეაფასოთ თითოეული მოთამაშის მაფიოზური პოტენციალი. მით უმეტეს, რომ დღევანდელი მოთაშეები დედაქალაქის პოტენციური თავკაცები არიან…”–  ასე დაიწყო  16 მაისის „მაფიის ღამე“ წამყვანმა მალხაზ ქვრივიშვილმა.

 ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემაში მიწვეული „დედაქალაქის პოტენციური თავკაცები“ ივა ჭყონია–ძველი თბილისის გამგებელი, გიორგი ნემსაძე–ნაძალადევის, ირაკლი შიხიაშვილი–ქვემო სამგორის, მამუკა ახვლედიანი–მთაწმინდის, , ალექსანდრე ნიკოლაიშვილი–ჩუღურეთის, ზაზა დოლიძე–ვაკის, ზურაბ გაჩეჩილაძე–ვაზისუბნის, დავით გელაშვილი–საბურთალოს, ხვიჩა სანაია–ნავთლუღის, ირაკლი დვალი–დიღმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ. ყველა ნაციონალური მოძრაობის სიიდან.

 შოუ, ტრადიციულად, მოთამაშეების წარდგინებით დაიწყო. წამყვანი გადაცემის მონაწილეებს კითხვებს უსვამდა, რომლებიც, ძირითადად, მათ პატიოსან მოქალქეობასა და პრინციპულობას უსვამდა ხაზს.

 შოუს წამყვანს არც იმის კითხვა ავიწყდებოდა, ასრულებენ თუ არა ისინი დაპირებებს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო დაპირებებს.

 მონაწილეების დახასიათება ეპითეტებით: „პრინციპული ადამიანი,“ ”წარმატებული გამგებელი,“ ”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია” და ასე შემდეგ ”მაფიის ღამეში”  25 წუთი გაგრძელდა. შედარებისთვის, ”მაფიის ღამის” წინა გადაცემის  სტუმრების, რომლებიც  არაპარტიული ნიშნით იყვნენ მიწვეულნი, 17 წუთს გრძელდებოდა.

 მალხაზ ქვრივიშვილი იმასაც ახსენებდა მოთამაშეებს, რომ ამომრჩეველთა თვალწინ შესაძლო ტყუილის თქმა, (თამაშის წესებიდან გამომდინარე) მათ ამომრჩევლის ნდობას დაუკარგავდა.

 ”მაფიის ღამის” პროდიუსერი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, „მე აქცენტი ვინმეს გაპიარებაზე არ მქონდა გაკეთებული. უბრალოდ, მინდოდა, ხალხს ენახა, ვინ უნდა აირჩიოს“.

 ამ გადაცემით ტელეიმედმა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი – ამბობს ნინო ლომჯარია,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს.

 ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 23-ე მუხლის მეხუთე პუნქტში  წერია, რომ ”საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.”

 აღნიშნული მუხლი ყველა ლიცენზირებულ მაუწყებელს სტანდარტებს უდგენს და იგი შესასრულებლად სავალდებულოა.

 ლომჯარია მიიჩნევს, რომ  ტელეიმედმა, უდავოდ, დაარღვია მე-5 პუნქტის  მეორე ნაწილი, რადგან კანდიდატები გადაცემაში ეწოდნენ თავიანთ რეკლამირებას.

 ”ქცევის კოდექსის ეს ნორმა დარღვეულია თუ ამ პირებთან მოლაპარაკება  საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, ეი 30 მარტამდე, არ შედგა. (ამავე პუნქტის) მეორე წინადადება პირდაპირ მიუთითებს, რომ ასეთი ტიპის გადაცემებში, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან კავშირში, კანდიდატს პოლიტიკური მოსაზრებების გამოთქმის  საშუალება არ უნდა მიეცეს და არ უნდა მოახდინოს თავისი კანდიდატურის რეკლამირება,”– ნინო ლომჯარია.

 ”მაფიის ღამის” პროდიუსერი მიიჩნევს, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ არ დაურღვევია: 

 „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ აბსოლუტურად არ ვარღვევთ. მე რომ არ მქონდეს სხვა პარტიებთან დარეკილი, კიდევ შეიძლება ვთქვათ, რომ მიკერძოებული ვარ. ჩემი მხრიდან, ნამდვილად არ ჰგავდა ეს გადაცემა პოლიტიკურ რეკლამას“.

 ონოფრიშვილი ამბობს, რომ გადაცემაში სხვა პოლიტიკური პარტიების მიწვევასაც  აპირებენ:

 „ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მაქვს დარეკილი და ვისაც სურვილი აქვს, ის მოდის. ძალიან მინდოდა, რომ ერთ გადაცემაში ერთდროულად ყოფილიყვნენ ოპოზიცია და მმართველი პარტია, თუმცა ეს არ მოხერხდა, რადგან პოლიტიკოსები ამბობდნენ, თუ ის იქნება, არ მოვალ, თუ ეს იქნება, არ მოვალ…“.

 ”მაფიის ღამე” ქართულ მედიასივრცეში გამონაკლისი არ არის, ამ თვალსაზრისით. გასართობ-იუმორისტულ გადაცემებს ”ვანო ჯავახიშვილის შოუ” და ”შაბათის შოუ” არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ.

 იუმორისტულ გადაცემებში, რომლებიც ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიხედვით, კანდიდატებს პოლიტიკური რეკლამირების უფლებას არ უნდა აძლევდნენ, პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები და ლოზუნგები ”ხუმრობის” ძირითადი თემაა. ამას გასული ერთი კვირის მონიტორინგიც ადასტურებს.

 14 მაისს ”ვანო ჯავახიშვილის შოუში” მიწვეულ გია ჭანტურიასთან (ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი),  ერთად გადაცემის წამყვანი გაზის, დენისა და წყლის სამომავლო ფასებს არკვევდა. მერობის კანდიდატს იმის საშუალებაც მიეცა, რომ დაესაბუთებინა საკუთარი დაპირების სანდოობა. ვანო ჯავახიშვილს არც „ქრისტიან-დემოკრატების“ საარჩევნო ნომრის შეხსენება დავიწყებია.

 ამ გადაცემის მსგავსად, „ვანო ჯავახიშვილის შოუს“ წინა სტუმრები: ნიკა ივანიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ვატო ნაცვლვლიშვილი, თავიანთი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე საუბრობდნენ.

 „შაბათის შოუში“ (ტელეკომპანია „იმედი“) 14 მაისს მიწვეულ ნიკა ივანიშვილს გადაცემის წამყვანები  ხუმრობით უმხელდნენ, რომ მობეზრდათ პოლიტიკოსების წინასაარჩევნო პროგრამებზე საუბარი:

 „ისევ მოგვიწევს მერობის კანდიდატი… თქვენი საარჩევნო პროგრამა… ყელში გვაქვს ამოსული.“

 ამის მიუხედავად, ისინი მერობის კანდიდატთან წინასაარჩევნო თემებზე საუბარს აგრძელებდნენ.

 გასართობ გადაცემებში საარჩევნო სუბიექტების რეკლამირება მედიამონიტორინგის შედეგებში ვერ მოხვდება. ექვს ქართულ ტელევიზიაზე  დაკვირვება საარჩევნო პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობით ხორციელდება.

 ლაშა ტუღუში, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი, ამბობს, რომ მონიტორგის მიზანი საუკეთესო დროის და ამ დროს გასული გადაცემების კონტროლი იყო.

 „(საუკეთესო დროს) გასული გადაცემები ყველაზე მეტ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.  გასართობ გადაცემებშიც შეიძლება არსებობდეს რეკლამა, მაგრამ ფოკუსი მაინც გაკეთდა (პრაიმთიმზე), რადგან ძირითადი ინდიკატორი, ალბათ, პრაიმთაიმია.“

 ტუღუშის განცხადებით, კარგი იქნება, სამომავლოდ თუ გაითვალისწინებენ არაპოლიტიკური შინაარსის მქონე გადაცემების დაკვირვებასაც. თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო დროის კონტროლი იგეგმება.

 ამ ეტაპზე კი, გასართობ გადაცემებში კანდიდატების რეკლამირებასთან დაკავშირებით,  მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, ასეთი ფაქტები ნებისმიერ პირს შუძლია  მაუწყებლებში ქცევის კოდექსის ფარგლებში შექმნილ საბჭოებში გაასაჩივროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი