ახალი ამბები

რა გვაშორებს და გვაახლოვებს ევროკავშირთან

13 მაისი, 2010 • • 1205
რა გვაშორებს და გვაახლოვებს ევროკავშირთან

საქართველო არ მოხვდა იმ სამეულში, რომელიც ევროკომისარმა შტეფან ფულემ გუშინ ბრიუსელში,  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ყველაზე წარმატებულ პარტნიორებად დაასახელა.

ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყველაზე წარმატებულ  პარტნიორებად მოლდავეთი, მაროკო და უკრაინა დაასახელა. ფულეს თქმით, ინტეგრაციის საკითხებში ბრიუსელი ამ ქვეყნებს უფრო აქტიური საპასუხო ნაბიჯებით ხვდება.

რაც შეეხება საქართველოს, კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლიბერალური იდეები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ბოლომდე არ ეთანხმებოდა ევროკავშირის პოზიციებს.

ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის  ასამუშავებლად, ევროკავშირმა 2010 წლის თებერვალში საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა ურჩია. ეს სამსახური თავის დროზე კახა ბენდუქიძის ინიციატივით გაუქმდა.

საქართველომ აღადგინა სამსახური, თუმცა მას ბაზარზე მონოპოლისტების აღმოჩენისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს. სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ მას სადამსჯელო ღონისძიებაც უნდა ჰქონოდა, რათა ევროკავშირს ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაეთვალა.

„ის პირობები, რომლებიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, მნიშვნელოვნად იქნა განხორციელებული“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა.

ეკლუნდის თქმით, ეს ეხებოდა ტექნიკურ საკითხებს, კონკურენციის უკეთ განვითარებას, სანიტარული და ფიტოსანიტარული რეფორმების გატარებას, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად იქნა გაუმჯობესებული. თუმცა, ამ თვალსაზრისით, სათანადო დონეები მიღწეული არ არის, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

ეკლუნდმა ასევე ისაუბრა ვაჭრობის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში მაისის პირველ კვირას გამიართა.

ეკლუნდი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ბაზა  უკვე არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების განსახორციელებლად და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ბიზნესგარემო საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი 2009 წლის ერთ-ერთ მიღწევად ბიზნეს-კლიმატის გამოსწორებას ასახელებს.

„როდის აქეთ გამოსწორდა: ბოლო დღეებსა თუ კვირეებში? ალბათ, იმ პერიოდში, რაც მე იქ არ ვარ“, – ამბობს ბრიტანელი ინვესტორი თომას ბლეიქი, რომელმაც თბილისი თებერვლის ბოლოს დატოვა.

ბლეიქი ბრიტანულ კომპანია Thames Steel UK LImited-ის დირექტორია. ბლეიქის თქმით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მისი კომპანიის წილის კონფისკაცია მოხდა, სასამართლომ კი (ათზე მეტი სასამართლო წააგო ბლეიქის მხარემ საქართველოში) მისი, როგორც ინვესტორის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო. ბლეიქის აზრით, მათი უფლებების „დასარღვევად“ ქვეყანაში სასამართლოს გამოყენება მოხდა.

ყოველივე ამაში ბლეიქი საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ამბობს, რომ ამის დამტკიცება, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.

სრულიად სხვა აზრისაა საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოზე ფადი ასლი. იგი დადებითად ახასიათებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას, ეხება ეს გადასახადის გადახდას, თუ ქონების რეგისტრაციას, რაც, მისი თქმით, „ბიზნესმენებისათვის მნიშვნელოვანია“.

14 წელია, რაც ასლი საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევა. წინა წლებთან შედარებით ის ბიზნესის უსაფრთხოების ზრდზე და კრიმინალის შემცირებაზე საუბრობს, რაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს როლს უსვამს ხაზს.

ასლი პრობლემებზეც საუბრობს. იგი საგადასახადო კანონმდებლობის ხარვეზებს გამოყოფს, მაგალითად, ჯარიმის თანხის მაღალ ოდენობას. უკმაყოფილებას, ასევე, გამოთქვამს გადასახადის ინსპექტორების ფულადი ჯილდოების არსებობის შესახებ.

„მათი (საგადასახადო ინსპექტორების) ინტერესია ჯილდოს აღება და ამისათვის განურჩევლად ყველას აჯარიმებენ“, – ასე ასაბუთებს ასლი თავის უკმაყოფილებას.

თუმცა, მისი თქმით, მთავრობასთან ამ ხარვეზის გამოსასწორებლად აქტიური  მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამოსწორება ერთ-ერთ დადებით ასპექტად მიიჩნიეს, როგორც შტეფან ფულემ  ბრიუსელში, ასევე, მისმა წარმომადგენელმა თბილისში (პერ ეკლუნდმა).

ეკლუნდის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობენ, ხშირად ხვდებიან მას  საკითხების განსახილველად, ასევე, რეგულარული კონსულტაციები აქვთ ადამიანების უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„როცა კონკრეტულ საქმეებზეა ლაპარაკი,  მთავრობას შენიშვნებით მივმართავთ და მათ პასუხებს ვისმენთ. მედალს ერთზე მეტი მხარე აქვს. არ არსებობს თეთრი და შავი, შუაში ნაცრისფერია“, – ამბობს ეკლუნდი.

ხარვეზებში ეკლუნდი ციხეების გადატვირთვას, პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემის არქონას გულისხმობს და ამბობს, რომ ახალი ციხეების აშენებას მიესალმება, რომლებიც ბევრად უკეთ იქნებიან აღჭურვილნი.

მან „შემაშფოთებელი“ უწოდა ქვეყნის მოსახლეობასთან პატიმრების პროპორციას და განაცხადა, რომ ეს მონაცემი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელს მსოფლიოში  – 10 ათას მოსახლეზე დაახლოებით 400 პატიმარი მოდის, როცა ევროპაში 150 (შედარება მიახლოებითია).

ეკლუნდი, ასევე, აღნშნავს, რომ კრიმინალური პასუხისგებლობის ასაკის 12 წლამდე შემცირებას ევროკავშირი მხარს არ უჭერდა. თუმცა, მოგვიანებით, ასაკი კვლავ 14 წლამდე გაიზარდა.

„ეს უფრო თანხმდება ევროპის სტანდარტებთან“, – ამბობს ეკლუნდი. „ასევე, დადებითად მოვეკიდეთ იმას, რომ იქნება სპეციალური დაწესებულება არასრულწლოვანი დანმაშავთათვის, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი გახდება სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და განათლება“.

სავიზო  რეჟიმის  გამარტივება

ფულეს აზრით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კვლავაც ნელი ტემპით ვითარდება.

სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების ინიციალებით ხელმოწერა მოხდა. ჯერ ხელშეკრულებამ რატიფიცაკია 27-ვე ქვეყანასთან უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერა გახდება შესაძლებელი.

ამის შემდეგ გარკვეული კატეგორიისთვის, როგორებიც არიან ბიზნესის, სპორტის, კულტურის წარმომადგელები, ჟურნალისტები, სტუდნეტები, სავიზო მიმოსვლა გამარტივდება. „მათ, ვისაც ევროკავშირში ჩასვლის კანონიერი ან სხვა მიზეზი აქვთ”, – ამბობს ეკლუნდი. ხელშეკრულების ხელმოწერის ზუსტ თარიღს იგი ვერ ასახელებს.

კონფლიქტების მოგვარება

“ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ ეძლევა. მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით“, – ამბობს ეკლუნდი.

მისი თქმით, ჟენევის მიმდინარე პროცესი, ერთადერთი საშუალებაა, სადაც მხარეებს შეუძლიათ  ერთმანეთს შეხვდნენ და მნიშვნელოვანი პრობლემები განიხილონ.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას, ეკლუნდის თქმით, მათ უზრუნველყვეს დოკუმენტების შემუშავების საექსპერტო მხარდაჭერა.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ კომპონენტს, რომელიც გულისხმობს პირდაპირ კავშირს ადამიანებთან და მზად ვართ, ამას ხელი შევუწყოთ. მაგრამ ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება და მზადყოფნა ორივე მხარისგანაა აუცილებელი“, – ამბობს ეკლუნდი.

გარემოს დაცვა

შტეფან ფულემ ენერგოეფექტურობა, წყლისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტი იმ სფეროებად დაასახელა, რაც სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებს „სტაბილურობის კონსოლიდაციაში ეხმარება“.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, პერ ეკლუნდი ამბობს, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მდგრად განვითარებას ურჩევენ, თუმცა, მისი თქმით, სამინისტროს ამ კუთხით ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

 

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგს გარემოს მსხვილ დამაბინძურებელ საწარმოებზე, ეკლუნდს პასუხი არ ჰქონდა.

 

2011-2013 წლებისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 180 მილიონ ევროს შეადგენს.

„ეს ფული დემოკრატიული  ინსტიტუტების გაძლიერებისკენ  იქნება მიმართული. ჩვენ ასევე ვეცდებით ძველი და ახალი დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – ამბობს ეკლუნდი.

საქართველოს 2009 მიღწევებს შორის ეკლუნდმა გამოარჩია: მიღწევევები კანონის უზენაესობის დარგში, კორუფციასთან ბრძოლა,  ბიზნესის სფეროს გაუმჯობესება, სისხლის სამართლის კოდექსი, საპარლამენტო და კონსტიტუციური ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რეფორმები მასმედიის სფეროში და სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობა.

„ჩვენ ასევე ვთვლით, რომ გასაკეთებელი ბევრია. საქმე მხოლოდ გეგმების შემუშავებაში არ არის – ამ გეგმებს განხორციელებაც სჭირდება“, – აღნიშნა თბილისში პერ ეკლუნდმა.

რაც შეეხება საქართველოს და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დანარჩენ პარტნიორ ქვეყნებს, ფულემ აღნიშნა, რომ მათ რეფომრებში აღინიშნებოდა „შეთავაზებული ელემენტების დანერგვის მყისიერი მცდელობები, მაგრამ  დროში უფრო იწელებოდა“.

„მიუხედავად ზოგადად დადებითი შეფასებისა, კომუნიკე ხაზს უსვამს ზოგ სფეროს, სადაც სასურველი პროგრესი არ გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია მთავრობა და პოლიტიკური რეფორმები. 2005 წელთან შედარებით ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობა გამოსწორდა, მაგრამ კანონის დანერგვამ დააყოვნა.”

ამჟამად ევროკავშირი  აღმოსავლელ მეზობლებთან  ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას აპირებს. ფულეს თქმით, შეთანხმება ეკონომიკურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ ასოცირებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი