ახალი ამბები

ორი საარჩევნო უბანი ბათუმელი უმისამართოებისთვის

12 მაისი, 2010 • • 1078
ორი საარჩევნო უბანი ბათუმელი უმისამართოებისთვის

ბათუმელ უმისამართოებს 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება 74-ე და 80-ე უბანში შეეძლებათ. მათთვის ორივე უბანი ერთ მისამართზე, მელიქიშვილის #8-ში, მეოთხე საჯარო ბაღის შენობაშია განთავსებული. აქ გამოკრულ სიებში 1750 ადამიანია აღრიცხული, მითითებულია მხოლოდ მათი სახელები და გვარები, ხოლო გრაფა “ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი” შევსებული არ არის.

ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, “ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც რეგისტრაციის ადგილად ქალაქი ბათუმი უწერიათ, არ აქვთ მითითებული ქუჩა და ნუმერაცია. სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათმა რიცხვმა ბათუმში 1600-ს გადააჭარბა და ორი საარჩევნო უბნის შექმნა ამიტომაც გახდა საჭირო”.

აჭარაში ბოლო არჩევნები (უმაღლესი საბჭოს) 2008 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა. მაშინ #74 უბანში უმისამართოთა ერთიან სიაში მხოლოდ 460 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამავე უბანზე სპეციალურ სიაში იყვნენ ძალოვანი უწყების, ძირითადად, სამთავრობო დაცვის თანამშრომლებიც, სულ 401 ამომრჩეველი.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის #74 უმისამართოების უბანზე საერთო სიით 846 ამომრჩეველი, ხოლო #80 უბანზე 904 ამომრჩეველია დაფიქსირებული. სპეციალური სიები ჯერ გამოკრული არ არის. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (სპეციალური სიების ჩათვლით) 2150-ს გადააჭარბოს. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ისინი სპეციალურ სიებს ელოდებიან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციისა და სამთავრობო დაცვის 400-ზე მეტ თანამშრომელს შეიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, 74-ე უბანში 393-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, მათგან 24-ის გარდა ყველა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი იყო. 74-ე უბანს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა – სააკაშვილმა კანდიდატ გაჩეჩილაძეზე ძირითადი უპირატესობა სწორედ ბათუმის ამ უბნიდან შესული ხმებით მოიპოვა.

15 მაისისთვის ბათუმში დამატებით კიდევ ორ სპეცუბანი შეიქმნება: ერთი საპატრულო პოლიციის შენობაში, სადაც სპეცდანიშნულების რაზმები მისცემენ ხმას (საოლქოს ინფორმაციით 500-ზე მეტი ამომრჩეველი) და მეორე ადლიის სასაზღვრო ბატალიონის ტერიტორიაზე (600-700 ამომრჩევლამდე). ასეთი, 75-ე სპეცუბანი, 3 ნოემბრის არჩევნებზე ბათუმში საპატრულო პოლიციის შენობაში იყო გახსნილი და ხმას იქ პოლიციის (სპეცრაზმის) თანამშრომლები აძლევდნენ.

ბათუმის საოლქოს იურისტის თქმით, “საუბარია შსს-ს გასამხედროებულ ფორმირებებზე. ამ შემთხვევაში ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნაწილები დარჩნენ თავიანთ დისლოცირებულ ადგილებზე. საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან, ასევე, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი უნდა იყვნენ იმ ადგილას, საიდანაც ნებისმიერ დროს მზად იქნებიან გამოძახებისთვის”.

საია-ს იურისტის ნინო ლომჯარიას განმარტებით კი, “კანონი პოლიციელებისთვის ცალკე სპეცუბნის გახსნას არ ითვალისწინებს და მათ თავისუფლად შეუძლიათ ხმა იმ უბნებზე მისცენ, სადაც ისინი პირადობის მოწმობით არიან დარეგისტრირებულები”. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ შენობაში (პოლიციაში) საარჩევნო უბნის გახსნა კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა ახლოს არ არის განთავსებული რაიმე ისეთი შენობა, სადაც უბნის მოწყობა იქნებოდა შესაძლებელი (ბათუმში, საპატრულო შენობის მიმდებარედ უბნის მოწყობა რეალურად რამდენიმე შენობაშია შესაძლებელი).

სპეცუბანი არ გაიხსნება დევნილებისთვის, ისინი ხმას ბათუმის 75 ოლქის #5 უბანზე მისცემენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ხარჯზე ბათუმის საზღვრების გაფართოებამ, ქალაქში 75-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე და 79-ე უბნების გახსნის აუცილებლობა განაპირობა. დღეს ამ უბნებში გამოკრული სიების მიხედვით, მთლიანობაში 5533 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა მისამართების მიხედვით, მათი დალაგება ვერ ხერხდება.

სოფლების: ურეხის, მეჯინისწყლის, კახაბრის მოსახლეობის ნაწილი და ყოფილი სოფლების – ადლიის, ანგისის, მინდას მთლიანი მოსახლეობა დღეს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ ძველი რეგისტრაციით სარგებლობს და პირადობის მოწმობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი უწერიათ. ზოგი ამომრჩეველი დღემდე არ არის გარკვეული იმაში, თუ რომელ უბანს მიამაგრებენ და საბოლოოდ სად შეძლებს ხმის მიცემას.

საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების თქმით, “მათ აქვთ მითითება ოლქიდან, რომ კედლის სიები მისამართების მიხედვით არ გამოაკრან, რადგან თითოეული ამომრჩევლის კონკრეტულ მისამართს ჯერ კიდევ აზუსტებენ”. ასეთი სია მხოლოდ ბათუმის 76-ე და 77-ე უბნებშია გამოკრული, თუმცა, მისამართის გრაფაში სოფლებია მითითებული.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკოს მონაცემებით ბათუმში 95 908 ამომრჩეველი იყო. წელს ამომრჩევლის რაოდენობა ბათუმში 105 369-მდე გაიზარდა, ამბობენ, რომ ხელვაჩაურის ხარჯზე. თუმცა ცესკოს 2008 წლის მონაცემებთან შედარებით (65 655) წელს ამომრჩევლის რაოდენობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც გაიზარდა (66 708). მთლიანობაში კი, აჭარაში, 2008 წელთან შედარებით, წელს ამომრჩევლით რაოდენობა 17 264 ამომრჩევლით არის გაზრდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი