ახალი ამბები

რელიგიური კონფესიების სამართლებრივი სტატუსი

11 მაისი, 2010 • • 1621
რელიგიური კონფესიების სამართლებრივი სტატუსი

რა სამართლებრივი სტატუსი ენიჭებათ დღეს რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოში? როგორია საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების პოზიცია სტატუსთან დაკავშირებით და რა რეკომენდაციებს იძლევა ეუთო რელიგიისა და აღმსარებლობის კანონმდებლობის ანალიზისთვის?  – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კავშირის „XXI საუკუნე“ ინიციატივით სახალხო დამცველის ოფსისში გუშინ სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიის, ამიერკავკასიაში მუსლიმთა სამმართველოს და სხვა რელიგიური ერთობების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

დისკუსია თემაზე „რელიგიური გაერთიანებების სტატუსი საქართველოში“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვისთვის“, რომლის ძირითადი  ამოცანებია  სამართლებრივი მდგომარეობის ერთიანი სურათის შექმნა და  რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების საკითხების ანალიზი  ქართულ კანონმდებლობაში.

საქართველოში ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს, მართლმადიდებლური ეკლესიაა. სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის ქართული სამართალი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს ითვალისწინებს. არასამეწარმეო იურიდიული პირის ცნება კი, თავისთავად, რამდენიმე სახის ორგანიზაციას მოიცავს: არასამთავრობო, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს. 

ბაბუცა პატარაია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტიდან, ამბობს, რომ რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება იმისთვის შეიქმნა, რომ ადრე არსებული „კავშირისა“ და „ფონდის“ სტატუსთან დაკავშირებული უხერხულობა მოხსნილიყო. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელიც რელიგიურ საქმიანობას ეწევა, განსხვავებულად იბეგრება და მასზე საგადასახადო შეღავათებია დაწესებული. მაგალითად, რელიგიური საქმიანობის ფარგლებში, სარიტუალო რეკვიზიტის წარმოება მთლიანად თავსუფლდება გადასახადისგან. 

შეხვედრაზე პაატა გაჩეჩილაძემ (კავშირი „XXI საუკუნე“) სამართლებრივი სტატუსის ისტორიის შესახებ ისაუბრა, იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი– სტატუსის სამართლებრივი დეტალები მიმოიხილა.

სერგო ნამორაძე, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიის წარმომადგენელი თვლის, რომ „მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი ჩემთვის ბოლომდე მისაღები არ არის, იძულებულები გავხდით, დავრეგისტრირებულიყავით. ხშირად, როცა საგადასახადო სამსახურს მივმართავთ, ისინი იბნევიან, მათ არ აქვთ კონკრეტიკა ჩვენთან დაკავშირებით. სახელმწიფო ეკლესიად ერთ კონფესიას აღიარებს. იგივე ვითარებაა საზოგადოებაშიც. სტატუსი კი, ამ შემთხვევაში, იმას ირეკლავს, რაც საზოგადოებაში ხდება“. 

სერგო ნამორაძემ, შეხვედრის სხვა მონაწილეებთან ერთად, ე.წ. დაწერილ და დაუწერელ კანონებზეც ისაუბრა, რომლებთანაც გაერთიანებებს რელიგიური საქმიანობის განხორციელებისას აქვთ შეხება. სტატუსის არარსებობამ რელიგიურ გაერთიანებებს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გარკვეული საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოებაში ან, მაგალითად, პენიტენციალურ სისტემასთან ურთიერთობაშიც. მოლა ვაგიფი ამიერკავკასიაში მუსლიმთა სამმართველოდან აცხადებს, რომ ციხეში პატიმრებთან შესასვლელად ნებართვის აღება მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელო პირებისგან უწევთ.

სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ ისტორიულად მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს, მაგრამ სხვა რელიგიური წარმომადგენლობების სათაო გაერთიანებებისთვის ახალი ე.წ. არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ისინი პანაცეად არ აღიქვამენ. ამ ეჭვს წინა გამოცდილებებიც ამძაფრებს: „კონკორდატამდე უსამართლობასთნ დაკავშრებით იგივე სიტუაცია იყო. უბრალოდ, ახლა ეს ვითარება დაკანონდა. თუ ადრე გეუბნებოდნენ, „არ მაინტერესებს, ასე იქნება“, ახლა გეუბნებიან, „აი, არსებობს შეთანხმება“. პრობლემა არა მხოლოდ შეთანხმებაში და იმაშია, რომ ვიღაცას ძალიან დიდი ლუკმა ერგო, არამედ იმაში, რომ ზოგს ნამცეცებიც კი არ ერგო“, – ამბობს სერგო ნამორაძე.

მრგვალი მაგიდის მონაწილეების საუბრიდან გამოიკვეთა, რომ არსებული კანონმდებლობა პრაქტიკული სახით ხშირად განსხვავებულად ხორციელდება, ამიტომ მალხაზ სალდაძე, პროექტის კონსულტანტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოდან“ აცხადებს: „საინტერესო იქნება იმის განხილვაც, თუ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა მოსაზრებების საფუძველზე, რა რეკომენდაციების შემუშავებაა შესაძლებელი. იქნებ საჭიროა ცვლილებები საკანონმდებლო სფეროში, რომ არამართლმადიდებელმა კონფესიებმა თავი თანაბარ პოზიციაზე იგრძნონ. როგორც აქ გამოიკვეთა, დაწერილ სამართალში სტატუსი ბევრს არაფერს წყვეტს. პრაქტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს. საინტერესო იქნება, როგორ შეიძლება შეიცვალოს პრაქტიკა ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით და როგორ შეიძლება ამ ინიციატივების ლობირება სამოქალაქო სექტორის და კონფესიების მხრიდან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი