ახალი ამბები

დარღვევები წინასაარჩევნო კამპანიაში

11 მაისი, 2010 • • 1239
დარღვევები წინასაარჩევნო კამპანიაში

„ წინა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დარღვევები ახლა ნაკლებია“,–ამბობს ნანა ხატისკაცი -ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი.

ორგანიზაციამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის რესურსების გამოყენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი 2010 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს მოიცავს და აღწერილია სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული, ფინანსური დარღვევები და ადამიანებზე ზეწოლის ფაქტები.

დარღვევების ფაქტები  ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“  რამდენიმე წყაროსთან გადამოწმების შემდეგ გამოაქვეყნა. ფაქტები ორგანიზაციამ თავისი რეგიონული კოორდინატორების, ჟურნალისტების, მოქალაქეების, საჯარო მოხელეების და პოლიტიკური აქტივისტებისგან შეაგროვა.

დოკუმენტის მიხედვით,  ამომრჩევლებსა და ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლა, ძირითადად, რეგიონებში ხდება. 

მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში და ყვარლის რაიონის სოფელ ალვანში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მეთორმეტე კლასელები გააფრთხილეს, რომ თუ მხარს მმართველ პარტიას არ დაუჭერდნენ, უმაღლეს სასწვლებლებში ჩაბარებამდე გაიწვევდნენ ჯარში. 

ფინანსური რესურსების გამოყენების მხრივ, თბილისში, რეგიონულ საკრებულოებსა და გამგეობებში, წინა წლებთან შედარებით გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და შრომის ანაზღაურება. მაგალითად, გორის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში თანამშრომელთა რაოდენობა 99 კაცით გაიზარდა, ლაგოდეხში კი ეს ციფრი 86-ს შეადგენს.

2010 წელს თვითმმართველობის დაფინანსება შეეხო, აგრეთვე, ადგილობრივ მედიასაშუალებებს. მათ სუბსიდიები გაუზარდეს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოვლინდა, აგრეთვე, მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენების მხრივ. ასეთი შემთხვევები დადასტურდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

კერძოდ კი, ოზურგეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა პატიმრების ოჯახის წევრებს სთხოვეს, შეეგროვებინათ 100– დან  500-მდე მხარდამჭერის ხელმოწერა და პერსონალური მონაცემები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის. სანაცვლოდ კი, პატიმრების გათავისუფლებას დაპირდნენ.

პროგრამების მენეჯერი ნინა ხატისკაცი თვლის, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება არ  უნდა იყოს ერთჯერადი: „თუ ადამინი თანამდებობას არის ჩამოშორებული, ჩვენ გარანტია უნდა გვქონდეს იმისა, რომ არჩევნების შემდგომ იგი არ გააგრძელებს ასეთ საქმიანობას, ანუ, თუ გუბერნატორი შვებულებაშია იმიტომ, რომ რაღაც დარღვევებში იყო შემჩნეული, არ უნდა იყოს საკმარისი და უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება“, ამბობს ნინა ხატისკაცი და ამატებს, რომ ინფორმაცია, თუ რა დარღვევები მოხდა და ვინ არის დამნაშავე, საჯარო უნდა იყოს.

ანგარიში `ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს~ (USAID) -ის მხარდაჭერით გამოიცა. „საერთასორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშს კიდევ ორჯერ გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი