ახალი ამბები

მსჯელობა 36 მილიონი ლარის ირგვლივ

10 მაისი, 2010 • • 1483
მსჯელობა 36 მილიონი ლარის ირგვლივ

36 მილიონი ლარი- ეს ქართული მედიის დავალიანებაა ბიუჯეტის მიმართ. მთავრობის ინიციატივა, აღნიშნული თანხის ჩამოწერასთან დაკავშირებით, პარასკევს მედიის წარმომადგენლების შეკრებაზე განხილვის მთავარი თემა იყო.

36 მილიონი ლარი- ეს ქართული მედიის დავალიანებაა ბიუჯეტის მიმართ. მთავრობის ინიციატივა, აღნიშნული თანხის ჩამოწერასთან დაკავშირებით, პარასკევს მედიის წარმომადგენლების შეკრებაზე განხილვის მთავარი თემა იყო.

მედიის წარმოამდგენლებმა “ქორთიარდ მარიოტში” სამაუწყებლო მედიისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს.

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდას მედიის წარმომადგენლები, არასამთავობო ორანიზაციები და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ორი კანონპროექტი: “საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” და “ადგილობრივ სამაუწყებლო საშუალებათა ამნისტიისა და არდეკლარილებული საგადასახადო ვალდებულების ლეგალიზაციის შესახებ”.

პირველი კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს არსებული საგადასახადო დავალიანებები უნდა შეუწყდეთ. ყველა სამაუწყებლო სადგურს ჩამოეწერება ვალი. დავალიანების ჩამოწერის წესს,საკუთარი შეხედულებისამებრ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაადგენს.

“გასულ წლებში საქართველოს სამაუწყებლო კომპანიებს დაუგროვდათ საგადასახადო დავალიანება. ტელეკომანიებისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა აღნიშნული კანონპროექტი”- ნათქვამია კანონპროექტის დასაბუთებაში.

ჩამოსაწერი ვალის საერთო რაოდენობა 36 მილონ ლარს აღწევს. სამაუწყებლო სადგურების უმეტესობა აცხადებენ, რომ ვალის ოდენობა მათ “კომერციულ საიდუმლოებას” წარმოადგენს.

მეორე კანონპროექტის მიზანი რეგიონულ ტელესადგურებისთვის 2004 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერაა. კანონპროექტის მიზანია, რეგიონულ ტელესადგურებს ერთჯერადი დახმარების სახით, ხელი შეეწყოთ მათი პირობების გაუმჯობესებაში.

გასულ კვირას გამართული მრგვალი მაგიდის მიზანი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა პარლამენტში ამჟამად განსახილველი კანონპროექტის შესახებ.

თამარ გურჩიანმა– “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კანონპროექტში არ არის მითითებული, თუ ვალის საერთო რაოდენობიდან რამდენი მოდის თითოეულ ტელევიზიაზე:

– ჩვენ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) უპირატესობას ვანიჭებთ რესტრუქტურიზაციას და არა ვალების ჩამოწერას. რესტრუქტურიზაცია გულისხმობს საშეღავათო პერიოდით დაგროვილი ვალების გადანაწილებას.

საიას მიაჩნია, რომ რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა, ყველა შემთხვევაში, რესტრუქტურიზაციის პროცედურა წინასწარ უნდა დადგინდეს და ცნობილი გახდეს თითოეული მედიასაშუალების საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

ასევე, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეისწავლონ და პროპორცული ზომები მიიღონ, თორემ ამნისტია  არასამართლიანი იქნება.

ნინო ჯანგირაშვილმა გააპროტესტა, რომ ამნისტიით ყველა თანაბრად ვერ ისარგებლებს:

“კავკასიას” ვალი დროულად რომ ვერ გადაეხადა, ლიცენზიას ჩამოართევდნენ, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დავალიანება. სამაგიეროდ, იმ ტელევიზიებმა, რომლებიც თავს იწონებენ ძვირადღირებული სერიალებითა და “ეგზიტპოლებით”, ჯერ ბიუჯეტში გადარიცხონ და შემდეგ ხარჯონ ფული.

ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა პავლე კუბლაშვილს– პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა, თუ რატომ შეეხო კანონპროექტი მხოლოდ სამაუწყებლო და არა ბეჭდურ მედიას?

პავლე კუბლაშვილი დათანხმდა ბეჭდვითი მედიისთვის რესტრუტურიზაციის პირობების განხილვას:

“ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, რომელიც ყველა ტელევიზიას უნდა შეეხოს. გეთანხმებით, რომ ამნისტია უსამართლოა, რადგან ზოგ ტელევიზიას მეტი შემოსავალი აქვს, ზოგს –ნაკლები. ზოგს დაფარული აქვს დავალიანებები, ზოგს კი– არა. ამიტომ, ეს შეიძლება ყველას არ შეეხოს”.

ლაშა ტუღუშმა– გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორმა და “საქართველოს პრესის ასოციაციის” დირექტორმა კანონპროექტის მიღების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა:

“საინტერესოა, რამდენად უშველის ეს ექსტრემალური ნაბიჯი მედიას? ვალების ჩამოწერით გახდება კი მედია უკეთესი, როცა ულიცენზიო ტელევიზიები მაუწყებლობდნენ და ლიცენზიის მფლობელებს კი არ აძლევდნენ მაუწყებლობის უფლებას? ხომ არ არის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება?”

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თემა განავრცო და განაცხადა, რომ რამდენადაც პოპულისტურია კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება, იმდენად პოპულისტური იქნება ამნისტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაც:

“დაფარულია ზოგიერთი ნაციონალური და რეგიონული ტელესადგურის მფლობელების ვინაობა. მათი მფლობელები საჯარო პირები არიან და ისე გამოდის, რომ გამგებლებსა და სხვა საჯარო პირებს ვპატიობთ დავალიანებას. ჩვენ დისკრიმინაციული კანონპროექტი გვიდევს მაგიდაზე.”

ქართული მედიასაშუალებების მესაკუთრეთა ვინაობის ბუნდოვანება დაასახელა მედიის ერთ-ერთ პრობლემად მატიას ჰატერმა– “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა:

“ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან მათთვის ინფორმაციის მიმწოდებელი მედიასაშუალებების მფლობელები. ამნისტია არ არის კარგი იდეა, ეს არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის ქართულ მედიაბაზარზე.”

დისკუსიის დასასრულს შორენა შავერდაშვილმა განაცხადა: –თუ ჩვენ არ გვექნება ამომწურავი ინფორმაცია 36 მილიონი ლარის შესახებ, მაშინ ამ კანონპოექტის მიღების წინააღმდეგი ვიქნებით.

მრგვალი მაგიდის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ შემდეგში აღნიშნული კანონპროექტის განსახილველ შეკრებებს “მედიაკლუბი” გაუწევს ორგანიზებას.

რაც შეეხება თავად კანონპროექტის მიღებას, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე კანონპროექტის განხილვა არ იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი