ახალი ამბები

ინციდენტის გამოძიების წინასწარი შედეგები

8 მაისი, 2010 • • 1097
ინციდენტის გამოძიების წინასწარი შედეგები

გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მიწვეულმა ცალკეულმა პირებმა, გარეთ მყოფ მხარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით, გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ”ბარიერი”,- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ტელეკომპანია კავკასიასთან მომხდარი ინციდენტის გამო 8 პირი დააკავეს. მათ მიმართ საქმე 2 მუხლით არის აღძრული.

წინასწარი გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა) და 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხულიგნობა) დაიწყო.

ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული 2– დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

”მათ განზრახული ჰქონდათ ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისთვის მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც შემდგომში მათი მხრიდან ხულიგნურ ქმედებებში გადაიზარდა, შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის დამფუძნებელს და წამყვანს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს”,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ წუთებში გუშინდელი გადაცემის რამდენიმე მონაწილის დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვაზე, ნეტგაზეთის ინფორმაციით, თეო ხატიაშვილი და ბექა მინდიაშვილი იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი