ახალი ამბები

ძალადობა პირდაპირ ეთერში

8 მაისი, 2010 • 1190
ძალადობა პირდაპირ ეთერში

პირდაპირ ეთერში გადაცემა “ბარიერი” ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც ტელეკომპანია “კავკასიასთან” შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაცემიდან ნაადრევად გამოსულ სტუმრებს, მათ შორის, კინოკრიტიკოს თეო ხატაშვილს აგინეს. მდგომარეობის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მათ იქაურობა მალევე დატოვეს. ამის შემდეგ ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჯერ პირდაპირი ეთერის სტუდიის გარეთ, მოგვიანებით კი – პირდაპირ ეთერში დაიწყო. გარეთ შეკრებილთა შესახებ გადაცემა”ბარიერის” სტუმარმა, მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, რომ მათ არ იცნობს. ტელეკომპანიაში მყოფი ადამიანების განცხადებით, აგრესიული დაჯგუფება რელიგიური ექსტრემისტებისგან შედგებოდა.

ნაცემია “კავკასიის” პრეზიდენტი დავით აქუბარდია. ერთ-ერთი თვითმხილველის, ზაზა სვანაძის თქმით, მას ერთდროულად ოთხი ადამიანი უსწორდებოდა. დაშავებულები არიან კავკასიის სხვა თანამშრომლებიც.

 

ინციდენტის დასრულებისთანავე ტელეკომპანია კავკასიასთან სამღვდელოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ეს სასულიერო პირები დღეს ჭადრაკის სასახლეში სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დეკლარაციის მიღებას ესწრებოდნენ. ისინი ასევე იმყოფებოდნენ ოთხ მაისს ილიას უნივერსიტეტის წინ გამართულ აქციაზე, სადაც ფუნდამენტალისტური მოწოდებების ფონზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ტელეკომპანია ”კავკასიასთან” მომხდარი ინციდენტის გამო, რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ დაკავებულია სამი პიროვნება. კითხვაზე, იყვნენ თუ არა ისინი სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები, ნეტგაზეთს უპასუხეს, რომ ”ისინი იცავდნენ მართლმადიდებლობას” და დაკავებულთა ვინაობა არ დაუსახელებიათ.

 

ტელემაუწყებლის ეზოში ოცზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა. პოლიცია ტელეკომპანიის ჭიშკრის მეორე მხარესაც მღვდლების, რელიგიური ექსტრემისტებისა და ჟურნალისტების გარემოცვაში იდგა. საპატრულო მანქანები ლეონიძის ქუჩის დასაწყისსა და თავისუფლების მოედანზე იყვნენ მობილიზებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი