ახალი ამბები

გამოძიებას ძიძიგური არ დაუკითხავს

7 მაისი, 2010 • 1036
გამოძიებას ძიძიგური არ დაუკითხავს

გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური. პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო წუხელ, ღამე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხმდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის კითხვაზე, როდის აპირებს გამოძიება   ძიძიგურის დაკითხვას,  იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა ამბობს: ”მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის გამოძიება”.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის   239 მუხლზე.

”ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება  ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”- წერია კანონში.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის, ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 

საქმე ეხება წუხელ, ღამით, ჩოლოშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას.  ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ირწმუნებიან, რომ  ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, გაისროლა.

ეს ინფორმაცია დღეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა გაავრცელეს.

ძიძიგურმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და დაადასტურა, რომ გაისროლა, ოღონდ თავდაცვის მიზნით:  “50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები. მათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. დავიხიე უკან, ჭიშკრამდე, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე”.

“უფლება არავის აქვს, ოჯახში შემომივარდეს. დაანებეთ თავი ასეთ პროვოკაციებს. მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, გავიმეორებ იგივეს, უკან არ დავიხევ, დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. რამდენჯერმე იყო სახლში შემოჭრის მცდელობა მთვრალი “ნაციონალების” მხრიდან, ასევე გარედან მიგინებდნენ ოჯახს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

ამავე თემაზე:

ზვიად ძიძიგური:იარაღი რამდენჯერმე გავისროლე ჰაერში

მასალების გადაბეჭდვის წესი