ახალი ამბები

ლოცვა და გინება

7 მაისი, 2010 • 1327
ლოცვა და გინება

„არა თავისუფლების შეზღუდვას და ძალადობას“, – ეს მესიჯი რამდენიმე სტუდენტმა დღეს ილიას უნივერსიტეტთან მიიტანა,  სადაც მათ დღის 12 საათზე შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, „თანასწორობის ინსტიტუტისა” და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ აქტივისტებისგან შემდგარი  მრავალრიცხოვანი ჯგუფი დახვდათ.

აქცია თავდაპირველად იმ  სტუდენტებმა დაგეგმეს, რომლებიც  ილიას უნივერსიტეტთან 4 მაისს მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ და  მიიჩნევდნენ, რომ  არავის აქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლება. ისინი ილიაუნისთან შეკრებას 7 მაისს, პირველ საათზე, გეგმავდნენ, თუმცა საპასუხოდ 6 მაისს მალხაზ გულაშვილმა, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პირველები ისინი მივიდოდნენ  ილიას უნივერსიტეტთან – 12 საათზე. 

სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას დღეს „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებიც შეურთდნენ და უნივერსიტეტთან გამოჩენილ ათამდე სტუდენტს  სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენეს.

სამართალდამცავებმა, რომლებიც სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებამდე  რამდენიმე საათით ადრე   უნივერსიტეტის მიმდებარე ტეროტორიაზე იმყოფებოდნენ, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“  წევრების  ადგილიდან გაყვანა სცადეს. 

იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა კორდონი შექმნეს და ერთ მხარეს მეორესთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, აქციაზე ახლადმოსულებს  ტრანსპარანტი წარწერით–  „არა თავისუფლების შეზღუდვას და ძალადობას“ მაინც წაართვეს.  სტუდენტების ჯგუფი, რომელიც აცხადებდა, რომ ”მართლმადიდებლობას იცავდა”, გამოხატვის თავისუფლების დამცველებს   აგინებდა. 

 

პოლიციელს, რომელიც მათ ეუბნებოდა, რომ  არ შეეგინათ, უპასუხეს, რომ  მათ ეს სიამოვნებთ. სამართალდამცავებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის არავინ დაუკავებიათ.

ცოტა ხანში „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები“ და მათი მხარდამჭერები ჭადრაკის სასახლისკენ გაემართნენ, სადაც მალხაზ გულაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ დეკლარაციის მიღება ამცნო.

შეხვედრა  ლოცვით დაიწყო. ლოცულობდნენ  ის  სტუდენტებიც, რომლებიც ნახევარი საათით ადრე ილიას უნივერსიტეტთან  შეკრებილებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სტუდენტების გარდა ჭადრაკის სასახლეში   რამდენიმე სასულიერო პირი და პოლიტიკოსიც იყო, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური.

ლოცვის შემდეგ მალხაზ გულაშვილმა შეკრებილებს მოძრაობის  დეკლარაცია წარუდგინა, სადაც „თავისუფლების ინსტიტუტსა“  და ილიას უნივერსიტეტის რექტორს, გიგი თევზაძეს რამდენიმე ბრალდება წაუყენა: „მათი მოღვაწეობა მიმართულია  ქართველი ერის ზნეობრივი გადაგვარებისკენ, ცნობიერების გახრწნისკენ, რათა ქართველმა ერმა დაკარგოს ჭეშმარიტი ღმერთის ცნობა“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

მალხაზ გულაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მოუბოდიშა და  ერეკლე დეისაძის წიგნიდან „ საიდულმლო სირობა“ ნაწყვეტების წაკითხვა დააპირა, რასაც დარბაზიდან მოჰყვა შეძახილები: „არა, არა, არ გვინდა!“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი