ახალი ამბები

აღლუმი ქვების თანხლებით

6 მაისი, 2010 • 1581
აღლუმი ქვების თანხლებით

რამდენიმე  ადამიანი დაშავდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მომხდარი ინციდენტის დროს. სამართალდამცავებმა  და მომიტინგეებმა  ერთმანეთს ქვების სროლა მას შემდეგ დაუწყეს, როცა აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიახლოებას ცდილობდნენ, სპეცდანიშნულების რაზმის კორდონმა კი მათ ამის საშუალება არ მისცა და აიძულა უკან დაეხიათ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, 6 მაისის  ქართული პოლიციის დღედ გამოცხადებას.  ამასთანავე, მოითხოვდნენ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას.

აქციის ორგანიზატორები “ეროვნული საბჭო” და მოძრაობა ”7 ნოემბერი” იყვნენ.

პოლიციის აღლუმი 11 საათზე კახეთის გზატკეცილზე, შსს–ს ახალ შენობასთან, უნდა დაწყებულიყო.

მაშინ, როდესაც პოლიციელები აღლუმისთვის დასაწყებად ემზადებოდნენ,  მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიასთან  „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენლები იკრიბებოდნენ.  სამმა იკარუსის ტიპის ავტობუსმა ოპოზიციის მხარდამჭერები მოიყვანა. შემდეგ აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ  გაემართნენ. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გზაზე ავტომობილების მოძრაობა მომიტინგეთა ნაკადის გამო შეფერხდა.

„ჩვენ უნდა ვუთხრათ პოლიციას, რომ დღეს არის გიორგობა და არ არის ის დღე, როცა შეიძლება პოლიციის აღლუმი  ჩატარდეს, ვეცდებით მათ ხელი შევუშალოთ“, –განმარტა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯომარის მოადგილემ, ლევან როინიშვილმა.

კახეთის გზატკეცილი ბოგდანის ტიპის ყვითელი ავტობუსებით იყო გადაკეტილი. ავტობუსების უკან, ხიდებზე და გზებზე,  ხელკეტებით შეიარაღებული ჩაფხუტიანი სამართალდამცავები იდგნენ.

აქციის ლიდერებმა სამინისტროსთან მიმავალი სხვა გზების ძებნა დაიწყეს.

ნინო კახიშვილის ფოტო
ნინო კახიშვილის ფოტო

 

ნინო კახიშვილის ფოტო
ნინო კახიშვილის ფოტო

აღმართის ავლით მომიტინგეები რკინიგზის ლიანდაგზე  აღმოჩნდნენ, საიდანაც შესაძლებელი იყო სამინისტროსტან მისვლა. პოლიციის მიერ ეს შესასვლელიც ბლოკირებული იყო. 

სწორედ აქ დაიწყო  აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს  შორის დაპირისპირება.  სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს და  მომიტინგეები აიძულეს, უკან დაეხიათ.

 

დაპირისპირება ქვების სროლით დამთავრდა – ქვებს ისროდნენ, როგორც მომიტინგეები, ასევე პოლიციელები.

 

დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც და აქციის მონაწილეებიც. დაახლოებით 10 კაცი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში მოხვდა.

აქციაზე შეტაკების დროს საქართველოს პრეზიდენტი აღლუმს იბარებდა. ვერტმფრენმა მომიტინგეებს და აღლუმის მონაწილეებს რამდენჯერმე გადაუფრინა.

„ეს არის ერთ–ერთი საუკეთესო პოლიცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამას აღიარებენ მსოფლიოს დამკვირვებლებიც“, –განაცხადა აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.

უკან მობრუნებულ აქციის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს და  გეგმის მეორე ნაწილი ამცნეს– „5 საათისთვის ყველანი სააკაძის მოედანზე, საიდანაც  დიღომში, პოლიციის შენობისკენ, დავიძვრებით“.

 

აქციის დასასრულს ”ალიანსის” ერთ ერთი ლიდერი სოზარ სუბარიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ “ალიანსის” სახელით არ მისულა:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი