ახალი ამბები

პრივატიზების ფარული მხარეები

29 აპრილი, 2010 • 1477
პრივატიზების ფარული მხარეები

საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების გამჭვირვალობის პროცესი წინა წლებთან შედარებით გაუარესდა, ამბობს “მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

 ასოციაციამ დღეს სამრწველო ობიექტების პრივატიზების მონიტორინგის შედეგები წარადგინა.

 “წინა ანგარიში ობიექტების გასხვისებას შეეხებოდა და დოკუმენტების ნაწილი ხელმისაწვდომი იყო, მაგ.: მადნეულის საპრივატიზაციო ხელშეკრულება საჯაროა, თუმცა დღეს აღმოვაჩინეთ, რომ საჯარო ხელშეკრულების შესრულების ანგარიში არის საიდუმლო” – ამბობს გუჯარაიძე.

 ანგარიშში წარმოდგენილია მონიტორინგის შედეგები ისეთ საწარმოებზე, როგორებიცაა “ჭიათურის კომბინატი”, “მადნეული”, “თბილისის წყალი” “საქწყალკანალი” და ა.შ. ნაწილი ამ ობიექტებისა უკვე გასხვისებულია, ზოგიერთის პრივატიზება კი ამჟამად მიმდინარეობს.

 ნინო გუჯარაიძის თქმით ასოციაცია ცდილობდა გამოერკვია, თუ რამდენად გამჭვირვალე იყო პრივატიზების პროცესი და შედეგები. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ გასაიდუმლოებულია როგორც საპრივატიზაციო ხელშეკრულებები,  ასევე ხელშეკრულების შესრულების ანგარიშები:

 ”ჩვენ ვთვლით, რომ ამ ობიექტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია, რადგან ისინი უმეტესად არიან მსხვილი დამბინძურებლები, რომელთა ზეგავლენა ადამიანსა და გარემოზე დიდია”,-  ამბობს ნინო გუჯარაიძე და დასძენს, რომ ის რაც ხდება ხელშეკრულების გასაიდუმლობასთან დაკავშირებით, არ არის გამოწვეული კანონმდებლობის ნაკლოვანების გამო და მათი ძირითადი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ  უზრუნველყოს კანონის დაცვა.

 ”მწვანე ალტერნატივას” მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ    ”რუსთავწყალკანალის”, ”თბილისის წყალის” და ”საქწყალკანალის” 100% წილები კომპანია ”მალტიპლექს ენერჯის ლიმითედს” მიყიდეს მთელი რიგი   პირობებით,  თუმცა შესასრულებელი პირობების ანგარიში გასაიდუმლოებულია.

 ხსენებული  დოკუმენტი და პირობებიც ორჰუსის კონვენციის თანახმადაც გარემოსდაცვით ინფორმაციას წარმოადგენს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება დაუშვებელია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმადაც.

 ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ორგანიზაცია „მწავნე ალტერნატივამ“ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, შემდეგ პრემიერ მინისტრს მიმართა, შემდეგ კი  – სასამრთლოს. სასამრთლო დავა კი 10 თვის განმავლობაში შვიდჯერ გადაიდო, რადგან ვერ პოულობენ კომპანიას.

 ანგარიშში აგრეთვე შესულია საქართველოს “კანონში პრივატიზების შესახებ” შესული ცვლილებები. მათ შორის არის სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ კანონის ცვლილება. თუ 2004 წლამდე მფლობელი წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის საფუძველზე ირჩეოდა, ამჟამად მფლობელი შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულებს იგი ხელშეკრულების პირობებს.

 ამის შესახებ ”მწვანე ალტერნატივის” მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: ”დღემდე გაურკვეველი რჩება, პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, როგორ ადგენს საქართველოს პრეზიდენტი წინასწარ, რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულებს პოტენციური მყიდველი პრივატიზებისას დადგენილ პირობებს”.

 რაც შეეხება ანგარიშის პირველ ნაწილს, რომელიც 2007 წელს გამოიცა, იგი პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის პრობლემას ეხებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი