ახალი ამბები

ცესკომ საჩივარი პროკურატურას გადაუგზავნა

28 აპრილი, 2010 • 1930
ცესკომ  საჩივარი პროკურატურას გადაუგზავნა

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა შესასწავლად მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” საჩივარი.

 ”მიმდინარე წლის 15 აპრილს მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსათვის” მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარის მაჟორიტარ კანდიდატ კლიმენტი ფოჩხუას მარტვილის პოლიციის თანამშრომელმა ალიკა ბაჩილავამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა და მოსთხოვა მოეხსნა კანდიდატურა არჩევნებში” – ასე იწყება ვლადიმერ ბოჟაძის, პარტიის საარჩევნო მდივნის საჩივარი.  საჩივარი მან ცენტრალურ საარცევნო კომისიაში  26 აპრილს შეიტანა.

 ამ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ 16 აპრილს კლიმენტი ფოჩხუას ვაჟს დაურეკეს დაფარული ნომრიდან და უთხრეს ”ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში ნარკოტიკებს ჩაგიდებთ და დაგიჭერთო”.

 ანალოგიურ მუქარაზეა საუბარი ბოჟაძის 25 აპრილის საჩივარშიც, რომელიც 25 მარტის ამბავს ეხება. საჩივარში ნათქვამია, რომ ლანჩხუთის გამგებელმა დაიბარა სოფელ ნინოშვილის მაჟორიტარი კანდიდატობის პრეტენდენტ გია ჩხარტიშვილის ძმა დავით ჩხარტიშვილი და ”უბრძანა  მის ძმას მოეხსნა კანდიდატურა და გაეწყვიტა ურთიერთობა მოძრაობასთან ”სამართლიანი საქართველოსთვის”. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუქმნიდნენ პრობლემებს”.

 ამ ორივე ფაქტზე რეაგირება ნოღაიდელის მოძრაობამ ცესკოს თხოვა.

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საპასუხო წერილში აცხადებს, რომ ზემოთდასახელებული პიროვნებები არ წარმოადგენენ მაჟორიტარ კანდიდატებს და არც წარდგენილი არ იყვნენ რეგისტრაციისთვის: ”ანუ მათ არ გააჩნდათ საარცევნო სუბიეტის კანდიდატის სტატუსი”.

 ამის მიუხედავად ცესკომ ფოჩხუას საქმესთან დაკავშირებით მიმართა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ორგანოებს და მოთხოვა ინფორმაცია ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

 ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს ამ ფაქტებზე სამეგრელო-ზემო სვანეთში დაგეგმილი ვიზიტების დროს ”მომავალში შსაძლო მსგავსი გარემოებების თავიდან ასაცილებლად”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი