ახალი ამბები

საქართველო აპროტესტებს ევროპის საბჭოს წარმომადგენლის შეხვედრას ბორის ჩოჩიევთან

23 აპრილი, 2010 • 1200
საქართველო აპროტესტებს ევროპის საბჭოს  წარმომადგენლის შეხვედრას ბორის ჩოჩიევთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს  განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

განცხადების მიხედვით 2010 წლის 20 აპრილს, მოსკოვში “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საელჩოში” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი დევიდ ვილშაერი შეხვდა ბორის ჩოჩიევს, “პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს”.

 მომხსენებლის შეხვედრა გაიმართა ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მოსამზადებელი ვიზიტის ფარგლებში, სადაც განხილულ უნდა იქნას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგები. კერძოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უნდა შეისწავლოს და ასამბლეას დასამტკიცებლად გადასცეს რეზოლუცია საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციების (1633 (2008), 1647 (2009) და 1683 (2009) იმპლემენტაციის მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ამ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს:

”საქართველო გამოხატავს სრულ პატივისცემას პარლამენტარის თავისუფლების მიმართ, თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბ-ნი ვილშაერი, მოქმედებდა ასამბლეის თანამომხსენებლის სტატუსით და შესაბამისად წარმოადგენდა მთელ ორგანიზაციას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა მარიონეტული რეჟიმების “საელჩოს” შენობაში”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მთავარ პრინციპებს, ანუ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს.

”ეს წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფოების პოზიციის იგნორირებას, რომლებმაც დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ამ უკანონო და ცალმხრივი აღიარების გაუქმებისკენ. უფრო მეტიც, ეს მოწმობს, რომ ბ-ნ ვილშაიერს გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების იმპლემენტაციას” – ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი