ახალი ამბები

მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები

23 აპრილი, 2010 • 1693
მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები

რესპონდენტებში ყველაზე ნაკლები სიმპათიებით სარგებლობენ ზურაბ  ნოღაიდელი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია – ეს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის “ბარომეტრი 2009” ერთერთი შედეგია. კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

გამოკითხვა ჩატარდა 2009 წლის 30 ნოემბერიდან 14 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარასა და თბილისში.

გამოკითხვა, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩაატარა,  მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოკიდებულებების დადგენას სამოქალაქო აქტიობის, დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების,   ადამიანის უფლებათა დაცვის, მასმედიის თავისუფლების მიმართ.

გამოკვლევის ყურადღების ცენტრში ასევე იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვის და სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტებისადმი ნდობის ხარისხის დადგენა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის აღქმა და სასურველი საგარეო ორიენტაციების იდენტიფიცირება.

65 გვერდიანი კვლევის ანგარიშის მე-5 თავი მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს ეხება.

ანგარიშის მიხედვით საკვლევ პერიოდში სიმპათიების მიხედვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ადგილზეა, მეორეზე კი სოზარ სუბარი, “ალიანსი საქართველოსათვის” თანათავმჯდომარე. მას მოჰყვებიან გიორგი თარგამაძე (ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა), შალვა ნალეთალიშვილი (ლეიბორისტული პარტია) და ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსათვის).

რესპონდენტთა მოწონებით ყველაზე ნაკლებ სარგებლობენ ზურაბ  ნოღაიდელი, გივი თარგამაძე. გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი – 38.4% არცერთ პოლიტიკურ ძალას  არ ენდობა, 35.8 პროცენტი ენდობა ხელისუფლებას, 17.4 პროცენტს უჭირს არჩევანის გაკეთება, ხოლო ოპოზიციას ენდობა გამოკითხულთა 8.4 პროცენტი. ნდობაში აისახა ასაკობრივი განსხვავებები. ხელისუფლებას მომხრეები ყველაზე მეტად 25-44 ასაკობრივ ჯგუფში ჰყავთ,  ხოლო ოპოზიციას   45-65 ასაკობრივ ჯგუფში.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კითხვას “ხვალ რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები ვის მისცემდით ხმას?” 28.2 პროცენტმა უპასუხა, რომ არცერთს ჩამოთვლილ ექვს სავარაუდო კანდიდატიდან, 21.5 პროცენტს გაუჭურდა არჩევანის გაკეთება, ხოლო 13.7 პროცენტმა არ მოისურვა საკუთარი დამოკიდებულების გამჟღავნება. 

ამ შედეგებზე დაყრდნობით კვლევის ავტორები, მათ შორის კვლევის ხელმძღვანელი ნანა სუმბაძე, ასკვნიან, რომ არც ერთი შესაძლო კანდიდატი არ სარგებლოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით. ყველაზე მეტი პოტენციური ამომრჩეველი აღმოაჩნდა ირაკლი ალასანიას, შემდეგ შალვა ნათელაშვილს  და გიორგი თარგამაძეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოყენებილი იყო იერარქიული შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1,100-მა რესპონდენტმა. რესპონდენტების განაწილება შეესატყვისებოდა  საქართველოს მოსახლეობის განაწილებას ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ტიპის მიხედვით.

ყველა ინტერვიუ აღებული იყო პირისპირ, რესპონდენტის სახლში. წინასწარ შერჩეულ დასახლებულ პუნქტებში გამოკითხვა იწყებოდა გამოკითხვის ორგანიზატორების მიერ მითითებული საწყისი წერტილიდან, ინტერვიუერები შედიოდნენ ყოველ მეხუთე სახლში.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა მსგავსი გამოკითხვები 2002, 2003, 2006, 2007 და 2008 წლებშიც განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი