ახალი ამბები

სტიპენდიანტთა რაოდენობა შემცირდა

22 აპრილი, 2010 • • 2500
სტიპენდიანტთა რაოდენობა შემცირდა

მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტიპენდიანტთა რაოდენობა 517-დან 280–მდე შემცირდა.

საერთო ჯამში კი 16 უნივერსიტეტში 1080 სტუდენტი იღებს, კუთვნილ 150 ლარს. 2008 წელს კი წარჩინებული სტიპენდიანტი 1375 სტუდენტი იყო.

შესაბამისად, სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა სტიპენდიანტებისთვის 162 ათასი ლარია, მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 განკარგულების თანახმად,წარჩინებული სტუდენტების სახელმწიფო სტიპენდიებით დაფინანსების მიზნით აღნიშნულ წელს 206.250 ლარი იყო გამოყოფილი.

სამინისტროს ინფორმაციით, თანხა, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვის არის გამოყოფილი, სტუდენტთა საერთო  რაოდენობის 2%–ს აფინანსებს 15– ლარით, 9 სასწავლო თვის განმავლობაში.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის სტუდენტთა რაოდენობა 63.395-დან შემცირდა 53932-მდე.

თუმცა ეს რაოდენობა (2%) ერთი პროცენტით მას შემდეგ გაიზარდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო , უნივერსიტეტის 570 სტუდენტი ,ქვეპროგრამის ფარგლებში საკუთარი სახსრებით დაეფინანსებინა, 7 თვის განმავლობაში.

თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2009 წლის იანვრიდან ვეღარ მოახერხა სტიპენდიანტების დაფინანსება.

„დაფინანსება გაგრძელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ქვეპროგრამის ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შეუცვლელად“,–აცხადებენ განათლების და მეცნიერების სამინსიტროში.

’ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების’’ პროგრამა უნივერსიტეტში 2007/2008 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრიდან მოქმედებს. ფაკულტეტზე სტიპენდიანტთა რაოდენობა სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად ნაწილდება. კონკურსი სემესტრულად ტარდება და სტუდენტებსაც ბრძოლა სტიპენდიებისათვის სემესტრულად უწევთ. მათ საბუთებს სპეციალური კომისია 100-ქულიანი კრიტერიუმით აფასებს. აკადემიური მოსწრების გარდა, ყურადღება სტუდენტთა სხვადასხვა აქტივობებს ექცევა. სტიპენდიას ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები იღებენ. 

თუმცა გასული წლის პირველ სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე ჰყავდა გამოვლენილი 570 სტიპენდიანტი სტუდენტი. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში სტიპენდიანტთა რაოდენობის შემცირების შესახებ გაიგეს, დანარჩენი 200 სტუდენტის დაფინანსება თავის თავზე აიღეს.

როგორც ადმინისტრაციის უფროსი რომან ხარბედია ამბობს, უნივერსიტეტმა კეთილი ნება გამოიჩინა და დანარჩენი 200 სტიპენდიანტის დასაფინანსებლად თავისი ბიუჯეტიდან გამოყო თანხა. უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლოს 20%-იც დაექვითათ.

ახალ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ სემესტრში უნივერსიტეტი სტიპენდიას აღარ გასცემს, რადგან „ამის სახსრები არ აქვს…თან სტიპენდია ხომ რეალურად ისაა, რასაც სახელმწიფო გაძლევს და არა უნივერსიტეტი’’ , – ამბობს რომან ხარბედია.

ნიჭიერ სტუნდენტთა ფინანსური წახალისების პროგრამა 16 უნივერსიტეტში მოქმედებს. ესენია:ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ტექნიკური უნივერსიტეტი, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო სასწავლო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  გორის უნივერსიტეტი, ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი