ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციული რესურსი

19 აპრილი, 2010 • 1182
პრეზიდენტის ადმინისტრაციული რესურსი

„ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა გავაუმჯობესოთ ხალხის ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტყვიან, რომ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ [ადმინისტრაციულ რესურსებს]; კარგით, ჩვენ ბოროტად ვიყენებთ, მაგრამ ამას ისევ გავაკეთებთ; მე მიმაჩნია, რომ ეს კანონიერია”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 აპრილს.

პრეზიდენტის თქმით, ყოველთვის იქნება უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც იტყვიან: ”თქვენ უნდა შეწყვიტოთ გზების კეთება, სკოლების აშენება და ხიდების აშენება,  ცვლილებები ჯანდაცვაში, ახალი საავადმყოფოები და სხვა მსგავსი საქმიანობები, რადგანაც ეს ეხმარება მთავრობას და ეს ბიუჯეტის საარჩევნო მიზნებისთვის ხარჯვას ჰგავს”. „მაინტერესებს, როგორ იგებს ვაშინგტონის ან ჩიკაგოს მერი არჩევნებს?“ –  სვამს კითხვას პრეზიდენტი.

ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას გააკეთა, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 45 დღით ადრე.

„როდესაც რამე ღონისძიება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის გაკეთებული. რასაც ძალიან ხშირადა აქვს ადგილი, ამ ქმედებას ნაციონალური მოძრაობა აიგივებს როგორც საკუთარი კანდიდატების გაკეთებულ დადებით ღონისძიებას და მიღწევას“,-  ამბობს ნინო ლომჯარია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

მისივე თქმით ეს არათანაბარ პირობებს უქმნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვინაიდან ყველა ამ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა გააჩნია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გამოდის რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს მთელი ადმინისტრაციული რესურსი, სახელმწიფო ფინანსები, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, რაზეც მმართველ პარტიებს აქვთ ხელმისაწვდომობა.

”თუ ერთი პარტია სარგებლობს ადმინისტრაციული რესურსით, მაშინ ყველას შეუძლია ისარგებლოს – განმარტავს ნინო ლომჯარია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი – ”ასეთი დათქმა არის საარჩევნო კოდექსში ადმინისტრაციულ რესურსებთან დაკავშირებით”.

ლომჯარია ამბობს, რომ ”წინასაარჩევნოდ ძალიან ინტენსიურად ხორციელდება  სხვადასხვა სოციალური პროგრამები, იგება გზები, ეწყობა სკვერები, ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და სახელმწიფო სახსრებით და მათ გახსნის ცერემონიებს ესწრებიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტები, ანუ ადამიანები მმართველი პარტიიდან, ვინც  არჩევნებში კენჭს იყრიან. საზოგადოების მხრიდან აღიქმება ისე, თითქოს რაღაცა ღონისძიება დაფინანსდა რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიერ”.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზეა საუბარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც 2009 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

 „რეკომენდირებულია, რომ ხელახლა იქნეს განხილული 2008 წლის ცვლილება, რომელიც ნებას რთავს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კამპანიასთან დაკავშირებული საქმიანობა სამსახურეობრივ მოვალეობასთან შეაზავოს. ამის მსგავსად სამთავრობო ინიციატივები არ უნდა იქნეს აღრეული კამპანიასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან. ამგვარი აკრძალვები იმისათვის არის საჭირო, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოწინააღმდეგე მხარეებს შორის თანასწორი შესაძლებლობების დარღვევა და უზრუნველყოფილ იქნეს 1990 წლის ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის იმპლემენტაცია.“

ამავე რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსი ასევე უნდა კრძალავდეს ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული რესურსების – ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსები – პირდაპირ თუ ირიბ გამოყენებას კამპანიის მიზნებისათვის საარჩევნო სუბიექტების, საჯარო მოხელეების ან საარჩევნო კამპანიაში ჩართულ სხვა პირთა მიერ.

მარტის ბოლოს საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა ანგარიში 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ  არჩევნების წინ  თბილისის მერიის დაფინანსების ”უპრეცედენტო ზრდა” მოხდა.

 

„ჩვენ ვახორციელებთ მერიის მონიტორინგს და 2009 წლის ნოემბრიდან ძალიან გაიზარდა სხვადასხვა სახის სოციალური  პროგრამები, ინიცირებულ იქნა არაერთი დაუგეგმავი პროგრამა, რაც მანამდე არ იყო გათვალისწინებული თბილისის ბიუჯეტით, და ბუნებრივია არსებობს ეჭვი, რომ ეს პროგრამები უკავშირდება არჩევნების მოახლოებას. თუმცა ძალიან ბევრი ინფორმაცია რაც მერიიდან გამოვითხოვეთ ჩვენ არ მიგვიღია, იმიტომ რომ არასრულაყოფილად მოგვაწოდა“- აცხადებს სიას წარმომადგენელი   ნინო ლომჯარია

ფოტო:გაზეთი ”ბათუმელები”
ფოტო:გაზეთი ”ბათუმელები”

მასალების გადაბეჭდვის წესი