ახალი ამბები

დასაქმება ქაღალდზე

16 აპრილი, 2010 • 1844
დასაქმება ქაღალდზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ინვესტიციების მოზიდვის შედეგად აჭარაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 4 698 ადამიანი დასაქმდა. “ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიებით კი დადგინდა, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად მხოლოდ 2040 ადამიანი მუშაობს. სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტებით, ამ პერიოდში გაყიდული 42 საწარმოდან მხოლოდ რამდენიმე ფუნქციონირებს, 24-მდე ობიექტი კი დახურულია.

“მოვიზიდოთ ინვესტიციები ახალი საწარმოების ასამუშავებლად. დავასაქმოთ ხალხი და ვიზრუნოთ მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაზე!… მხოლოდ ერთად შევძლებთ ჩვენ წარმატებით განვახორციელოთ გეგმა _ დასაქმებული აჭარისთვის!” -ეს სიტყვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ დაახლოებით ერთი წლის წინ, აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კამპანიის დროს წარმოთქვა.

ამ განცხადების შემდეგ საქართველოში უმუშევრობის დონე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 16,0 პროცენტიდან 16,3 პროცენტამდე გაიზარდა. მაშინაც და ახლაც, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მოსახლეობის უმწვავესი პრობლემა დასაქმებაა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარა პირველია რეგიონებს შორის, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება. რეგიონში, საქართველოს პრეზიდენტის თითქმის ყოველი გამოჩენა ახალი საწარმოს გახსნას უკავშირდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ საწარმოების დახურვის ტემპიც ისეთივე ჩქარია, როგორც გახსნის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 2005-2009 წლებში აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 4 698 ადამიანი დასაქმდა. `ბათუმელების~ საწარმოებში მისვლის შედეგად გაირკვა, რომ საწარმოების უმეტესობა არ ფუნქციონირებს, ზოგი კი დახურვის რეჟიმშია.

ამ წლებში აჭარის ავტონომიის ქონება _ 44 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით, ანუ ლევან ვარშალომიძის ბრძანებით გაიყიდა (ამ ფორმით სახელმწიფო ქონების გაყიდვის უფლება საქართველოში ორ ადამიანს _ მიხეილ სააკაშვილს და ლევან ვარშალომიძეს აქვს). ჩამოთვლილი ობიექტების უმეტესობა სახელმწიფომ მინიმალურ ფასად სწორედ იმიტომ გაყიდა, რომ ინვესტორებს სამუშაო ადგილები უნდა შეექმნათ.

 

დახურული საწარმოები

შპს “მეგა”, რომელიც ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მდებარეობს და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებით 50 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა, იხურება. ფირმაში არსებული მდგომარეობა `ბათუმელებმა~ ადგილზე გადაამოწმა. `ფირმა გაკოტრებულია. ერთი კვირაა დაკეტილი ვართ, ნაშთებია გასასწორებელი და ამ რეჟიმში ვმუშაობთ. პროდუქცია ნისიად გავეცით, მაგრამ თანხის ამოღებას ვერ ვახერხებთ. ხალხს იმის ფული აღარ აქვს, რომ ვალი დაგვიბრუნოს, სრული კატასტროფაა”, _ აცხადებს ფირმის დირექტორი, შალვა დავითაძე. სახელმწიფომ კომპანიას ეს ქონება 205 000 ლარად მიყიდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შპს “შამბალა ჩაი”-ს ჩაქვში 644 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. საწარმოში მისვლის შემდეგ კი დადგინდა, რომ ფაბრიკა არ ფუნქციონირებს. საწარმოს ტერიტორია ორი წლის წინ შამილ ბულათოვმა შეისყიდა და დათქმულ ვადაში ვერ აამუშავა. “პრობლემები იყო, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე აპირებდა ამ ქონების გატანას, მაგრამ, როგორც ვიცით, მეპატრონემ ჯარიმები გადაიხადა~, _ ამბობს თემურ კონცელიძე, რომელიც ამ საწარმოში ერთადერთი დასაქმებული ადამიანია: `ხელფასს მიხდიან, რადგან შენობას ვიცავ~. 

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩაქვის ყოფილი ჩაის ფაბრიკასაც ვეწვიეთ, სადაც სამინისტროს მონაცემებით 52 ადამიანია დასაქმებული. ადგილზე მისულებს ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. `მგონია, ახლა არემონტებენ შენობას, ვერავის ნახავთ. მზიან ამინდში დაცვის ბიჭები მოდიან ხოლმე~, _ ამბობს საწარმოს მეზობლად მცხოვრები მამაკაცი. რა პროფილით იმუშავებს სამომავლოდ ობიექტი, უცნობია. საწარმო ამჟამად თურქეთის მოქალაქეს _ გურშით ზია ქოსეს ეკუთვნის.

დახურულია შპს DARUK NUT AND FOOD COMPANY -ც, რომელმაც შპს `ხუცუბნის შემფუთავი ქარხნის~ ადგილზე თხილის საწარმო გახსნა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ თავიდან მართლაც შეიქმნა სამუშაო ადგილები… ამ დროისთვის ეს საწარმოც გაჩერებულია. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს საწარმოში მინიმუმ ერთი მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, 125 ადამიანი კი მუდმივად დაესაქმებინა.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 50 ადამიანი უნდა დაესაქმებინა შპს `ქართულ მანდარინსაც”. საწარმოში გვითხრეს, რომ ობიექტი მხოლოდ სეზონურად, ერთ-ორ თვეს მუშაობს. ადგილზე, ყოველდღიურად ორი ადამიანი იმყოფება, რომლებიც ობიექტს მეთვალყურეობენ. `საწარმოში დაახლოებით 30 ადამიანი მუშაობს სეზონზე”, _ გვეუბნება შუახნის ყარაული. ფირმის წარმომადგენლის, რეზო დუმბაძის თქმით, საწარმოს ამერიკული ორგანიზაცია (USAID)-ის გრანტიც ჰქონია მიღებული: “ზუსტად არ მახსოვს, გრანტის თანხა რამდენი იყო. ეს ფული მოსახლეობისგან ჩაბარებული მანდარინის ღირებულების გასტუმრებას მოხმარდა”.  

უმოქმედობაა შპს “ქართუტექსშიც”, ახალსოფლის ყოფილი მეცხოველეობის კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ადრე საბოცვრე საამქროები ფუნქციონირებდა. ობიექტი ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით გასულ წელს გაიყიდა. სამინისტროს მონაცემებით, `ქართუტექსის~ მიერ ინვესტირებულ საწარმოში 359 ადამიანია დასაქმებული. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა, ამ შემთხვევაშიც დარაჯები. მეცხოველეობის კომპლექსის დირექტორის მოადგილე, ზაურ ლეონიძე: `ერთი პერიოდი ღორების მოშენება დავიწყეთ, მაგრამ ავადმყოფობა გაჩნდა და მოშენება შევწყვიტეთ. შემდეგ გადაწყდა, რომ “კოდას” წარმოება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სპეციალისტებმა კლიმატური პირობების გამო ტერიტორია დაიწუნეს. ამჟამად გაჩერებულები ვართ”.

გაზეთი “ბათუმელები” ხიმშიაშვილის #86-შიც იმყოფებოდა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტის მიხედვით 20 ადამიანი მუშაობს. ობიექტი 2008 წელს ფიზიკურმა პირმა, თემურ გოგიტიძემ შეისყიდა. შენობა, დოკუმენტის მიხედვით, 100 000 ლარადაა გაყიდული. ამორტიზებულ შენობაში წყალი ჩადის. აქ ერთ უსახლკარო ოჯახს აქვს თავი შეფარებული. “ერთი წელია, რაც გაიყიდა, მაგრამ, როგორც ვიცით, მეპატრონე გარდაიცვალა და არაფერი შეცვლილა”, _ ამბობს შენობაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავის ვინაობას არ ასახელებს.

 

დაჯარიმებულები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ყოფილი ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მშენებარე კომპლექსში _ “ბათუმი პლაზა”, 300 ადამიანი უნდა დასაქმდეს. ინფორმაციის გადამოწმებით გაირკვა, რომ სს “დელფი”, რომელიც ამ კომპლექსს აშენებს, პირობების დარღვევის გამო დააჯარიმეს (ეს ქონება ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის დას ეკუთვნის. “ინვესტორი ჯარიმაზეა წასული, რადგან მშენებლობის დასრულების ვადები დაარღვია”, _ აცხადებს სახელმწიფო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილების უფროსი, ზურა ჭურკვეიძე. 

სახელმწიფომ ხელშეკრულება გააუქმა შპს “იმერი”-სთან, რომელსაც 40 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო ერთი წლის განმავლობაში აგრარული პროფილის საწარმო შეექმნა და არანაკლებ 100 000 დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს სამკერვალო ფაბრიკა ხულოში, რომელიც ძველი სამრეწველო კომბინატის ტერიტორიაზე თურქული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქემ, იბრაჰიმ ბოზქურთმა გახსნა. დაბალანაზღაურებადი სამუშაოს გამო მუშახელისთვის საწარმო ვერ გახდა მიმზიდველი და ინვესტორმა საწარმო დახურა. `ინვესტორმა 396 სამუშაო ადგილი შექმნა, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა შეასრულა, მაგრამ შემდეგ დახურა~, _ აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. ოფიციალურ დოკუმენტში ეს საწარმო, როგორც მოქმედი, ისეა დაფიქსირებული.

დახურულია შპს ჯენეპლასტიც, რომელსაც ხელშეკრულების მიხედვით 60 სამუშაო ადგილის შექმნა ევალებოდა. გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ საწარმო აღარ ფუნქციონირებს. `ჯარიმა გადაიხადა, ამიტომ ხელშეკრულების პირობა შესრულებულად ჩაეთვალა~, _ ამბობს ზურა ჭურკვეიძე. მისივე განმარტებით, თუ ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას შეასრულებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ საწარმომ ფუნქციონირება რომც შეწყვიტოს, მას სახელმწიფო ქონებას ვეღარ ჩამოართმევს. ხოლო დაჯარიმების შემთხვევაში, როგორც ჭურკვეიძე აცხადებს, ინვესტორს ეძლევა გარკვეული ვადა პირობის შესასრულებლად, `თუ ეს ვადებიც დაარღვია, მაშინ ქონებას ხელმეორედ გაიტანენ აუქციონზე ან პირდაპირი წესით გაიყიდება~.

რაც შეეხება დაჯარიმებას, ზურა ჭურკვეიძის განცხადებით, ჯარიმის რაოდენობა ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრება, ამიტომ საჯარიმო თანხა გარკვეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია: `დებულების მიხედვით, ჯარიმის სტანდარტული ათვლა 0,1 პროცენტიდან იწყება. სხვადასხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი 0,05 პროცენტიდან~.

სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, შპს `მატრიქსი~ ბათუმში ხახულის ქუჩა #29-ში მდებარეობს. დოკუმენტში მითითებული ნომერი ხახულის ქუჩის მცხოვრებთათვის უცნობია. მათი ვარაუდით მითითებულ მისამართზე  მსგავსი დაწესებულება არ ფუნქციონირებს. ადგილზე მხოლოდ ძველი, მიტოვებული შენობაა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებში წერია, რომ შპს `მატრიქსში~ 150 ადამიანი მუშაობს. ოფიციალური მონაცემით, სამინისტრომ ეს ობიექტი 390 000 ლარად გაყიდა.

 

მეტ-ნაკლებად შედეგიანი პრივატიზაცია

ყველაზე წარმატებული ობიექტები, სადაც სამუშაო ადგილები შექმნეს, თურქული ინვესტიციებით შექმნილი საწარმოებია. ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი, ამ ეტაპზე, სამკერვალო საწარმო `პუმას~ შეუქმნია. თუმცა ოფიციალური და რეალური მონაცემები ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, `პუმა~-ში 440 ადამიანი მუშაობს. საწარმოს იურისტის, დათო ჯაიანის განცხადებით კი, `პუმა~-მ ქობულეთში, კერძოდ ბობოყვათში არსებულ საწარმოში რეალურად 550 სამუშაო ადგილი შექმნა. `პუმა~ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად ხუცუბანში, კიდევ ერთ საწარმოს აშენებს, სადაც ხელშეკრულების მიხედვით, სულ ცოტა 100 ადამიანი დასაქმდება. დათო ჯაიანის თქმით, ამ ობიექტის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. `საწარმო მშენებლობის პროცესშია. ზუსტად რამდენი კაცი დასაქმდება, ვერ გეტყვით~.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ეს საწარმო მუშაობს და 100 ადამიანი უკვე დასაქმებულია. 

დასაქმებულთა მონაცემები გაზრდილია შპს `BTM ტექსტილი~-თან მიმართებაში. ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ამ საწარმოში 925 ადამიანი საქმიანობს. ფირმის კადრების მენეჯერის _ ნანა კლდიაშვილის თქმით კი, “ტექსტილში” ამ დროისთვის 700-დან 800-მდე თანამშრომელი ჰყავთ. საწარმოში დასაქმებულთა მინიმალური ანაზღაურება 130 ლარია. “ვინც 50 პროცენტზე ზემოთ გამოიმუშავებს, ისინი გაცილებით მეტს იღებენ”, _ ამბობს ნანა კლდიაშვილი. 

განსხვავებული მონაცემია დაფიქსირებული შპს `ჯორჯიან კარსას~ შემთხვევაშიც. როგორც საწარმოს მენეჯერი _ ნონა კაკაბაძე აცხადებს, საწარმოში ადმინისტრაციის და სხვა პერსონალის ჩათვლით მათთან 260 ადამიანი მუშაობს (საშუალო ხელფასი 120, მაქსიმუმი _ 500 ლარია), სამინისტროს მონაცემებით კი ამ საწარმოში 308 ადამიანია დასაქმებული.

წვრილ საწარმოებში, სადაც, ძირითადად, 50-მდე ადამიანი მუშაობს, საშუალო ანაზღაურება გამომუშავებაზეა დამოკიდებული. `ანაზღაურებას წარმოებული პროდუქცია განაპირობებს”, _ ამბობს შპს “ნ.შ.ა-3”ის დირექტორი, ნოდარ მელიქიშვილი. 

60 სამუშაო ადგილი შექმნა შპს `გალტამი~-მ, რომელიც, ძირითადად, სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული. ინდმეწარმე ზაურ ქამადაძემ კი 26 ადამიანი დაასაქმა, რომელმაც კასრების მინიქარხანა შექმნა. მეწარმე ამბობს, რომ კრიზისი ჯერ კიდევ ძალაშია, რაც საწარმოს განვითარებას აფერხებს. 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული 28 სამუშაო ადგილი ვერ შექმნა `კინო თბილისმაც~. ამ დროისთვის კინოთეატრში 10 ადამიანი მუშაობს. `რემონტის შემდეგ კინოოპერატორებიც დასაქმდებიან~, _ ამბობს ზურა ჯინჭარაძე, რაც მთლიანობაში 20 სამუშაო ადგილი იქნება.

გამონაკლისი, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, სამკერვალო საწარმო `პუმა~ და კაზინო  `აჭარაბეთია~. ამ უკანასკნელმა 110 სამუშაო ადგილის ნაცვლად, როგორც დირექტორი, მალხაზ ჩაჩავა აცხადებს, 119 ადამიანი დაასაქმა.   

ახალი სამუშაო ადგილები არ შეუქმნია შპს `მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრს~ (იგივე მეზღვაურთა საავადმყოფო, რომელიც ზღვის სანაპიროდან ტაბიძის ქუჩაზე გადააქვთ). სამინისტროს მონაცემებში ეს სამედიცინო ცენტრი ისეა დაფიქსირებული, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელი. ცენტრის მენეჯერი, სარდიონ დავითაძე: `უკვე არსებული 152 შტატის შენარჩუნება რომ შევძელით, ესეც დიდი მიღწევაა~. 

`ბათუმის საზღვაო კოლეჯი-მეზღვაურთა სკოლას” 120 თანამშრომელი ჰყავს. სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს მისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ მოუთხოვია. `120 ადამიანი გვყავს უნივერსიტეტში, 36 კი ლიცეუმში მუშაობს~, _ ამბობს სასწავლებლის კანცლერი, ლალი ხვედელიძე. თუმცა შემცირებულია სტუდენტთა დასაქმება. ხვედელიძის თქმით, სასწავლებელი ყოველწლიურად 80-მდე სტუდენტს ეხმარებოდა სამუშაოს მოძებნაში, წელს კი მხოლოდ სამი სტუდენტის დასაქმება შეძლეს.

ზურა ჭურკვეიძე აცხადებს, რომ სამინისტრო წლების წინ ჩატარებული კვლევების მონიტორინგს არ ახორციელებს. `არც გვაქვს ვალდებულება, რომ გადავამოწმოთ~, _ ამბობს იგი. კითხვაზე თუ არ წარმოებს რეგულარული მონიტორინგი, მაშინ რა მონაცემებზე დაყრდნობით მოაქვს ხელისუფლებას დასაქმების ზრდის მაჩვენებელი, ზურა ჭურკვეიძე ამბობს: `არ ვიცი, ალბათ არსებობენ სხვა სამსახურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ~. 

 

გადაყიდული ობიექტები 

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს ზოგიერთი ქონება, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით გასხვისდა, მესაკუთრეებს ჩამოერთვა და მეორედ გაიყიდა. 

ხელმეორედ გაიყიდა ფიზიკური პირის, დიდიე როლანდის მიერ 2009 წელს შესყიდული ქონება ბათუმში, თამარ მეფის #1-ში. ქონების საპრივატიზაციო ღირებულება ოთხი მილიონი დოლარი იყო. პირობის მიხედვით ინვესტორს 10-სართულიანი დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი უნდა აეშენებინა. ქონების ახალი მფლობელი კომპანია `ჰესტოკ ბათუმია~. მან ეს ქონება სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.

ლევან ვარშალომიძის 2008 წლის ბრძანებით, 500 000 დოლარად გაიყიდა 247,7 მიწის ნაკვეთი გამსახურდიას ქუჩის #18-შიც. შპს `კონსეპტ ინვესტ გრუპ-გეორგიას~ მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა. პირობების დარღვევის გამო მას ქონება ჩამოართვეს და ხელმეორედ გაყიდეს.

გადაყიდულია კომპანია `D&M ფინანსე სერვისეს AG~-ს მიერ პირდაპირი წესით შესყიდული ქონებაც. ყოფილი მემბრანული ინსტიტუტისა და ჭადრაკის სახლის ტერიტორია თამარის დასახლებაშია. მასში ინვესტორს 350 000 დოლარი გადაახდევინეს.

პირობების დარღვევის გამო იგივე ბედი ეწია შპს `სანტა მარინი~-ს მიერ გოგებაშვილის 18-ში შესყიდულ ქონებასაც.

უკვე გაუქმებულია ხელშეკრულება შპს “გუჩლუ თურქალ”-თანაც. მან 2008 წელს ხუცუბანში 5844 კვ/მ. ფართობი იყიდა და სამუშაო ადგილების შექმნის პირობაც დადო. მსგავს მდგომარეობაშია შპს “ბი ეს ჯგუფი”, რომელმაც გასულ წელს კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში 2888 კვ/მეტრი მიწა შეისყიდა. მას მინიმუმ სამი მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ხელშეკრულების მოშლის პროცესი მიმდინარეობს შპს “აჯ-თიმე-კორპორაცია”-სთანაც. მან, გასულ წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 275 160 კვ/მეტრი მიწა შეისყიდა და 12-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენების პირობა დადო.

საწარმოს შესასვლელი ჩაქვში, სადაც მოქალაქეები უნდა დასაქმებულიყვნენ
საწარმოს შესასვლელი ჩაქვში, სადაც მოქალაქეები უნდა დასაქმებულიყვნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი