ახალი ამბები

ინტერვიუ ამერიკის სენატორ ჯონ მაკეინთან

16 აპრილი, 2010 • 1305
ინტერვიუ ამერიკის სენატორ ჯონ მაკეინთან

 

ამერიკის სენატორი ჯონ მაკეინი 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემაზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ამერიკის ხმის ქართული რედაქცია სენატორ მაკეინს ესაუბრა. ბატონი მაკეინის თქმით, შეხვედრის დროს განხილულ თემათა შორის რუსეთს მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის სავარაუდო 6 პროცენტიანი ზრდა და ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში ჩასვლასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

საფრანგეთსა და რუსეთს შორის ვერტმფრენების ავიამზიდი მისტრალის გაყიდვის გარიგებზე ბატონ მაკეინს კომენტარი ვთხოვეთ. შეკითხვაზე შეცვლის თუ არა რეგიონალურ ძალთა ბალანსს მისტრალის შავ ზღცაში დისლოცირება, ბატონმა მაკეინმა განაცხადა:

ჩემი აზრით, სამწუხაროა, რომ ფრანგებმა ამ სახის სავაჭრო   შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამით შესაძლებელია რეგიონზე რუსეთის გავლენის გაზრდა. მაგრამ ეს არის რაც არის …

გამომდინარე იქედან, რომ შავ ზღვაში რუსეთის შეიარაღებული ძალების უფრო დიდი დანაყოფები იქნება განლაგებული მისტრალის დისლოცირების შემდეგ, ბატონ მაკეინს ვკითხეთ რისი გაკეთება შეეძლო ამერიკის ადმინისტრაციას და კონგრესს საქართველოში რუსეთის შესაძლო აგრესიის აღსაკვეთად. სენატორის პასუხი ამ კითხვაზე ასეთი იყო:

ჩემი აზრით, საქართველოს უნდა მივცეთ იარაღის შესყიდვის უფლება, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა შესაძლო მორიგი თავდასხმების წინააღმდეგ. ამასთან ერთად, საერთაშორისო ფორუმებზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი ქართველი ხალხის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

ხოლო შეკითხვაზე, უჭერს თუ არა ბატონი სენატორი მხარს საქართველოში ამერიკული სამხედრო წარმომადგონლობის გაღრმავებას, მაგალითად ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის დაარსებას, მან პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და ბრძანა:

 

ჩემი აზრით, ეგ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. მე კვლავ მჯერა იმის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ის ნატოს წევრი აუცილებლად უნდა გახდეს.

 

მარტში რუსეთსა და გაეროს შორის მნიშვნელოვან მოლაპარაკებას მოეწერა ხელი, რომლის საფუძველზეც დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას რეგიონალური სამხედრო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა. ეს შეთანხმება მოსკოვში მაშინ შედგა, როცა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოსკოვში ერთად იმყოფებოდნენ.

 

ახალი მანდატით რუსეთს რეგონში ინტერვენციების, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების ჩატარება თავდაპირველად გაეროსგან ავტორიზაციის აღების გარეშე  შეეძლება. შეკითხვაზე, მიანიშნებს თუ არა ქალბატონი კლინტონის შეთანხმების ხელმოწერაზე დასწრება იმას, რომ ამერიკა რუსეთს რეგიონალურ ჰეგემონად აღიარებს, ბატონმა მაკეინმა გვიპასუხა:  

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი კლინტონის განზრახვა ეგ არ ყოფილა, თუმცა ვისურვებდი, რომ რუსეთის მიერ საქართველოზე იერიშის შემდეგ უფრო მკაცრი რეაქცია მენახა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადმინისტრაციას სურს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტი შეინარჩუნოს.  მე, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას.

შეკითხვაზე აქვს თუ არა ბატონ მაკეინს საუბარი საქართველოს ადმინისტრაციასთან საქართველოში ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მან განაცხადა:

ჩვენ როგორც მეგობრები ყოველთვის პირდაპირ ვესაუბრებით ერთმანეთს.  ჩვენ მოველით, რომ მეტი პროგრესი იქნეს მიღწერული ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიულ პროცესებში პოლიციისა და სასამართლოს როლის გამყარების მხრივ.  სამართლიანი იქნებოდა იმისი აღიარება, რომ საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი.

ბატონი სენატორის განცხადებით მას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სამომავლო განვითარება ძალიან აღელვებს. ის პუტინის რეტორიკას ახლო საზღვარგარეთზე და ტრადიციული გავლენის სფეროებზე ცუდის მომასწავებლად მიიჩნევს. მისი აზრით რუსეთის მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევის აღკვეთა მხოლოდ საერთაშორისო დიალოგსა და წნეხს შეუძლია. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი