ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი – geurasia.org

14 აპრილი, 2010 • 2621
საქართველო და რუსეთი – geurasia.org

როგორ აპირებს ”გლობალიზაციის პირობებში” პროცესების მართვას ებრალიძე რუსეთიდან? ამაზე ერთ-ერთ პასუხს სთავაზობს მკითხველს ვებ გვერდი, რომლის მესვეურებიც თბილისში ოფისის ადგილსამყოფელს ასაიდუმლოებენ.

კითხვას პასუხი geurasia.org-მა გასცა სტატიაში სათაურით, ”ებრალიძემ შეაშინა სააკაშვილი”.

„აუცილებელი არ არის, რომ ფიზიკურად იმყოფებოდეს ის (ებრალიძე) საქართველოში, როგორც ამბობენ „გლობალიზაციის“ პირობებში პროცესების მართვა საკუთარი ადგილსამყოფელიდანაც  პრობლემას არ წარმოადგენს. მას შეუძლია  სწორი მოკავშირეები მოძებნოს საქრთველოს შიგნით“, –ამონარიდი სტატიიდან (2010 წლის 24 მარტს).

სტატიას ავტორი მითითებული არ არის – გულბაათ რცხილაძე ვებ გვერდის და ”ევრაზიის ინსტიტუტის”  ერთ-ერთი დამაარსებელი ამბობს რომ მნიშვნელოვანი ფაქტებია და არა ავტორები. ზოგიერთი სტატიის ავტორი კი, უბრალოდ იმიტომ არჩევს ინკოგნიტოდ დარჩენას, რომ მუშაობს და არ უნდა ასეთი ტიპის ანალიზით გამოჩნდეს და სამსახური დაკარგოს”.

 „საიტს ვერაფერს ვერ უშვრებიან და ამიტომ, უკვე  რამდენიმე დღეა ჩვენი იმეილის გატეხვას ცდილობენ“–ამბობს გულბაათ რცხილაძე.  როგორც თვითონ ამბობს სარედაქციო შეკრებების დროს მისი მეგობრის ოფისში იკრიბებიან. ამ ოფისის შესახებ კი, არაფერს ამბობს: ”სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ქმედებების გვეშინია”.

ვებ გვერდის შინაარსის მთავარი ფოკუსი საქართველო-რუსეთია. ცალკე განყოფილებაა ”ქართული დიასპორა”, სადაც გამოქვეყნებულია მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის სხვადასხვა შეხვედრების ვიდეო მასალები. ამავე გვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ”საქართველოს მთვარობა ცდილობს ხელი შეუშალოს  მსოფლიო ფორუმის ჩატარებას”.   ”საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმი სანკტ-პეტერბურგში”  23-24 აპრილსაა დაგეგმილი. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი – სწორედ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტია ებრალიძე.

Geurasia.org -ზე გამოქვეყნებული განცხადების  მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის ქვეყნებში  საქართველოს საელჩოებში გაუგზავნა წერილი, რომ  ყოველნაირად შეეშალათ ხელი ამ ქვეყნების ქართველთა დიასპორების წარმომადგენლების მონაწილეობისათვის ფორუმში. http://geurasia.org/?p=2856#more-2856

 როგორც geurasia.org–ის დამაარსებელი ამბობს, ამ ფაქტის დადასტურება ჩეხეთში, ქართული დიასპორის წარმომადგენლს, გიორგი ალანიასაც შეუძლია.

გიორგი ალანიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ასეთი წერილი მიიღო სააღდგომოდ მის პირად ელექტრონულ ფოსტაზე, თუმცა დანელია ამბობს, რომ კონკრეტულად, სახელი და გვარი, ვისგან მიიღო ეს წერილი, არ ახსოვს.

„ვცდილობთ, რომ განსხვავებული სტილის კომენტარი და ანალიზი გავაკეთოთ მიმდინარე მოვლენებზე და ზოგადად იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას“, –ამბობს geurasia.org–ის დამაარსებელი გულბაათ რცხილაძე.

„თუკი თქვენ გაინტერესებთ ის, რა დგას იმის უკან, რომ ჩვენ ალექსანდრე ებრალიძეზე ვწერთ, გეტყვით, რომ მხოლოდ განსხვავებული აზრი,– ალექსანდრე ებრალიძეზე საქართველოში ბევრს არ წერენ და რასაც წერენ იქიდან ბევრი სისულელეა“, –ამბობს რცხილაძე.  ის ამბობს, რომ geurazia.org -ს არანაირი კავშირი არა აქვს ებრალიძესთან და მისგან  არ ფინანსდება.

როგორც საიტის დამაარსებელი ამბობს,  ისინი ყველანაირი ფინანსური შემოსავლების გარეშე მუშაობენ, –„ფინანსები ჩვენ ბევრი არ გვჭირდება. ამას უნდა თვეში 20 დოლარის გადახდა ჰოსტინგისთვის. ვმუშაობთ ენთუზიაზმზე. ხელფასები არ გვაქვს. უბრალოდ ვიკრიბებით და მასალებს ვდებთ. რომ შეადაროთ პროსახელისუფლებო საიტების რესურსები, მაგალითად azrebi.ge  და კიდევ სხვა საიტები, სადაც ე.წ.ექსპერტთა დასკვნები არის. რომ შეადარო ჩვენი რესურსები, საიტის დიზაინი და ხარისხი, ეს იგივეა, რაც  „რაგატკით“ გამოხვიდე ტანკის წინააღმდეგ”.

რცხილაძე ამბობს, რომ შემოსავლებს არ იღებენ არც საიტზე განთავსებული ბანერებიდან ( საიტზე განთავსებულია  მსოფლიოს ხალხთა კონგრესის, ”პრავა ნაროდოვ”-ის, ტელეკომპანია ”მაესტროს”, სააგენტო ”პირველის”, ”ფაქტნიუსის”, ”პოლიტფორუმის” ბანერები”).

„ეს, რასაც უყურებთ ფასიანი რეკლამა არ არის,– ბანერს ვათავსებთ მხოლოდ იმის მიხედვით, თუ  რამდენად საინტერესო და ობიექტურია საიტი” – ამბობს რცხილაძე. მისი თქმით  ასევე უფასოდ აქვთ განთავსებული geurazia.org-ის ბანერი ზემოთაღნიშნულ ვებ გვერდებს.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ებრალიძის გაპრეზიდენტებას, რცხილაძე ამბობს, რომ ”მისი პირადი დამოკიდებულება  მნიშვნელოვანი არ არის”.

რცხილაძე აცხადებს, რომ ალექსანდრე ებრალიძეს საქართველოში იმის გამო ბლოკავენ (მოქალაქეობა არ მისცეს), რომ მისი შემოსვლა საქართველოში აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა ის იმედოვნებს, რომ საქართველოში 2012 წლამდე ჩამოყალიბდება რეალური ძალები, რომელიც დღეს ჩანასახის დონეზე ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე: „გამოიკვეთა პოლუსები,– ნოღაიდელი, ბურჯანაძე და ებრალიძე, რომელსაც მოქალაქეობას არ ეძლევენ საქართველოში. მგონია, რომ აუცილებელია რაღაც ეტაპზე მათი გაერთიანება, ისე, რომ ეს იყოს დამაჯერებელი ხალხისთვის. თუმცა ხალხს მათი (ბურჯანაძე-ნოღაიდელი) წარსულისც არ ავიწყდება. ებრალიძე კი, აბსოლუტურად ახალი სახეა”.

„ებრალიძეს აქვს საუბრის მშვიდი, აუღელვებელი და საქმიანი სტილი, არ ახასიათებს სიტყვამრავლობა, ყურადღების ფოკუსირებას ახდენს მთავარზე და სხვათა შორის მშვენივრად ფლობს ქართულ ენას. ამგვარი კაცი რომ შემოუშვა ქართულ პოლიტიკურ არენაზე–როდესაც ის დაიწყებს შეხვედრებს ლტოლვილებთან, გლეხებთან, უმუშევრებთან და მათთან ისაუბრებს საქმიანად, ამასთან ერთად გამოასხივებს დამაჯერებლობასა და საკუთარ ძალაში დარწმუნებულობას. მ.სააკაშვილის ისედაც გამკრთალებული ქარიზმა საერთოდ ჩაქრება. თუკი ებრალიძე შეძლებს შეიქმნას საქართველოს მხსნელის იმიჯი, რომელსაც საქართველოს ბოროტი მმართველები არ აძლევენ საშუალებას სრულიად განახორციელოს თავისი გეგმები, ხალხი ბოლოსდაბოლოს განრისხებით ჰკითხავს სააკაშვილს: „თუკი შენ ვერ გვეხმარები, მაშ, რატომ არ აძლევ საშუალებას ამ კარგ ადამიანს დაგვეხმაროს?“ –წერს geurasia.org –ის უცნობი ავტორი. http://geurasia.org/?p=2198

Geurasia.org-ის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა რუსეთია:  „საერთშორისო სამართლის ნორმებით,  რუსეთს ვერაფერს ვერ შეედავები,– მისი სუვერენული უფლებაა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს რუსეთის გარეშე არ დაგელაპრაკება ოსი და აფხაზი. რუსეთს შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და მედიატორის როლი ითამაშოს.  მერე კი,  ის დასავლეთსაც ეტყვის, რომ აი, მე მოვაგვარე საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობა.  ჩვენ  უნდა მივცეთ  მას ამის საშუალება”.

”ნეტგაზეთთან” რცხილაძე ნატოში ინტერგარციაზეც საუბრობს: „ჯერ ერთი, ბუქარესტის სამიტზე გვითხრეს, რომ ნატოში ჯერ არ გიღებთ და როგორ შეუძლია ქვეყანას იმ იმედით იცხოვროს, რომ მას ოდესღაც მიიღებენ. მითუმეტეს მაშინ, როცა აფხაზიც და ოსიც გეუბნება, რომ მე არ მინდა ნატო, მე მინდა რუსეთთან ურთიერთობა. ერთდროულად ნატოში წევრობაც და  რუსეთთან უერთიერთბაც შეუძლებელია, რუსები ჩვენი ნატოში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგები არიან. მიუღებელია მათთვის,  როცა შენ რუსეთს ეუბნები, მე ნატოში უნდა შევიდე და შენ სამხრეთ პლანზე ძირი უნდა გამოგითხარო“.

2009 წლის 9 ივნისს ალექსანდრე ებრალიძის მიერ სანკტ–პეტერბურგში მოწყობილ შეხვედრა
2009 წლის 9 ივნისს ალექსანდრე ებრალიძის მიერ სანკტ–პეტერბურგში მოწყობილ შეხვედრა

გულბაათ რცხილაძე მონაწილეობდა 2009 წლის 9 ივნისს ალექსანდრე ებრალიძის მიერ სანკტ–პეტერბურგში მოწყობილ შეხვედრაში. სწორედ ამ შეხვედრაზე განაცხადა  ებრალიძემ, რომ  აპირებს საქართველოს პრეზიდენტობას. შეხვედრას ხუთი კაცი ესწრებოდა.

რცხილაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ექსპერტის რანგში მონაწილეობდა.

მის მიერ დაფუძნებულ ინტერნეტგამოცემას დღეში საშუალოდ 240 ვიზიტორი ჰყავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი