ახალი ამბები

ცესკომ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგები წარადგინა

12 აპრილი, 2010 • 1243
ცესკომ  ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგები წარადგინა

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და მის მიერ წარმოებული ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ”სამართლიანი არჩევნები” აცხადებს რომ ცესკოს პრეზენტაციას კონრეტიკა ახლდა.

ამომრჩეველთა სიების მონიტორინგს 5 თებერვლიდან 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია აწარმოებდა, მათ შორის ”ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ”ალიანსი საქართველოსთვის”  და სხვ. პოლიტიკური  პარტიები, რომლებმაც ცესკოსგან  1 200 000 ლარი (ყველა პარტიამ ჯამში) მიიღეს ამისთვის. 

პოლიტიკური პარტიების ანგარიშებში აღნიშნულია ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიც არის რეგისტრაციის ადგილებს შორის განსხვავება, გარდაცვლილები, საზღვარგარეთ წასული ამომრჩევლები, არარსებულიმ მისამართები და ა.შ.

ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ცესკო ფუნდამენტურ ხარვეზებად ისეთ შეცდომებს განიხილავს, როგორიც  დუბლირება, გარდაცვლილები ამომრჩეველთა სიაში და  ამომრჩევლები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სიაში.  ”მინდა აღვნიშნო, რომ ხარვეზების 90-97 % პირველადი შეფასებით  არის ის ხარვეზები, რომლებზეც პოლიტიკური პარტიები მიუთითებენ, მოქალაქეები არ ცხოვრობენ იქ, სადაც არიან რეგისტრირებული. ასევე, ძალიან ხშირად მიუთითებენ, რომ მოქალაქეები არიან საზღვარგარეთ. ეს პრობლემები  არ არის საარჩევნო სიის  პრობლემა, ცოტა სხვა სახის პრობლემაა. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ აქაც მაქსიმალური მიახლოება ჰქონდეს რეალობასთან”-განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

 ხარატიშვილის თქმით საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი შედეგი ისაა, რომ პარტიები ჩაერთვნენ სიების მონიტორინგში:      

”მათთვის ახლა ძალიან კარგად არის გასაგები ის პრობლემები, რაც ამ სიის ფორმირებას ახლავს თან. პრობლემები მისამართებთან, ადამიანების იდენტიფიკაციასთან და ის კრიტიკა, რომელიც სიასთან დაკავშირებით თავიდან უფრო მეტი იყო და ზოგადი სახის, შედარებით უფრო ჩამოყალიბდა და კონსტრუქციული ფორმა მიიღო”.

სიების მონიტორინგს საკუთარი ძალებით ცესკოც ახორციელებდა, რის შედეგადაც ჩასწორდა 80 ათასი ჩანაწერი, ძირითადად სახელები და გვარები, დაბადების თარიღები, მისამართები და ერთ ბინაში  20 ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევები- აცხადებენ ცესკოში.

არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის ეკა სირაძის თქმით, პრეზენტაცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან ამომრჩვლებმა, არასამთავრობოებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იცოდნენ ვინ რა გააკეთა სიების მონიტორინგის დროს: ”ვისურვებდი, რომ უფრო მეტი მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო. კონკრეტულად რაოდენობები და ციფრები ყოფილიყო ამ პრეზენტაციაში, პარტიების მიერ წარდგენილ საკითხებზე არ ჩანდა ეს ციფრები სამწუხაროდ”.  

ერთი კვირის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია ანგარიშს წარადგენს, თუ როგორ დამუშავდება მონიტორინგის შედეგები და როგორ აისახება ისინი საარჩევნო სიებში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი